ლეგიონერები ეროვნულ ნაკრებს უბრუნდებიან

ევროპულ საკლუბო სახელბურთო სეზონში შესვენებაა. საქართველოს ნაკრებს 12-14 იანვარს კლაიპედაში (ლიტვა) მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს ლიტვის, ლატვიისა და ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენი ლეგიონერები უკვე უერთდებიან ეროვნულ გუნდს, მათი ბოლოდროინდელი  საკლუბო ამბები კი ასეთია:

რუმინეთში ნათამაშებია 15 ტური და ჩემპიონატი 1 თებერვალს განახლდება. ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, დუნარეა კელერაში პლეიოფში გამსვლელ მე-8 ადგილზეა 25 ქულით (8 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება) და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს. ჩიქოვანს სეზონში 58 გოლი აქვს გატანილი. ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, ფოჩანი 10 ადგილზეა 13 ქულით (4, 1, 10).

მაკედონიის ჩემპიონატს ლიდერობს რევაზ ჭანტურიასა და თეიმურაზ ორჯონიკიძის პელისტერი, რომელსაც 13 თამაშიდან 12 აქვს მოგებული (36 ქულა), მეორეზეა რატი მსხვილიძის ეუროფარმ რაბოტნიკი (25 ქულა – 9, 1, 2). აქ ყოველი ტურის შემდეგ საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა ეწყობა.  ორჯონიკიძე ერთხელ, მე-9 ტურში უკვე გახდა MVP, ხოლო ბოლო ტურში ამ წოდებაზე უკვე ორი ქართველი იყო წარდგენილი – ორჯონიკიძე და მსხვილიძე, პირველმა ხმების 10 პროცენტი მიიღო, მეორემ – 5. 

ერეკლე არსენაშვილის ბერძნული კლუბი, ფილიპოს ვერია 11 ტურის შემდეგ 4 მოგებით მერვეა. აქ საუკეთესო ექვსეული მედლებისთვის აგრძელებს ხოლო ხოლო 9-12 ადგილებზე გასულები პლეიაუტს ითამაშებენ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. ფილიპოსს მეექვსე ადგილს 6 ქულა აშორებს, ხოლო მეცხრეზე მყოფ გუნდს ორით უსწრებს. არსენაშვილს 10 ნათამაშებ მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ფილიპოსი საბერძნეთის თასის მერვედფინალში შეხვდა აეროპოსს და და 23-24 წააგო, არსენაშვილმა კი 5 გოლი გაიტანა.

თურქეთის სუპერლიგაში 12 ტურის შემდეგ 9 ქულით (4, 1, 7) მეათე ადგილზეა ლექსო წითელიშვილისა და უჩა მაისურაძის კლუბი MYK ჰენტბოლი, ხოლო ლუქსემბურგში 10 ტურის შემდეგ მეოთხეა ვლადიმერ რუსიას დიფერდანჟი, თუმცა, ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.  საერთაშორისო ასპარეზზე რუსიას კლუბს უკვე ორი წრე აქვს გავლილი ჩელენჯ კაპზე და მერვედფინალშია გასული.

16 წლის გიორგი ცხოვრებაძე  უკვე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. მისი ხმაურიანი ტრანსფერი საფრანგეთის მონპელიეში შემოდგომის მთავარი მოვლენა იყო. ცხოვრებაძეს თამაშის უფლება 2018 წლიდან ექნება და არაა გამორიცხული, პირდაპირ მთავარ გუნდში მოხვდეს. იანვრიდან დანიის პირველი დივიზიონის კლუბ სკივეში ითამაშებს 20 წლის გიორგი დიხამინჯია.

დანიაში, ქალაქ ვიბორგის ხელბურთის  აკადემიაში სწავლობს ქალთა ნაკრების წევრი მედეა ჩოხელი და თანაც თამაშობს ამავე ქალაქის ქალთა კლუბში SIK Handbold, რომელიც დანიის მეორე დივიზიონშია. მედეამ უკვე ექვს მატჩში ითამაშა და მოედანზე საშუალოდ 40 წუთი იყო, ყველაზე მეტი კი, 4 გოლი გაიტანა. პირველი წრის შემდეგ ის აკადემიის გუნდთნ ერთად აფრიკაში, განაში იმყოფებოდა საქველმოქმედო ტურნეზე. იანვრიიდან მასთან ერთად ვიბორგის აკადემიაში იქნება ქალთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ანა ყველაშვილი.

ქეთი კუნელაშვილმაც ექვსჯერ ითამაშა კატალონიის ქალაქ გრანოლერსის ახალგაზრდულ გუნდში და ბოლო მატჩში 11 გოლიც გაიტანა. მომავალი სეზონიდან კუნელაშვილს უკვე გრანოლერსის ქალთა გუნდში მოუწევს თამაში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. ქალთა ნაკრების სამი ხელბურთელი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მონაწილე კლუბ იდმან აკადემიიასიში ირიცხება. პირველი წრის შემდეგ გუნდი მეხუთე ადგილზეა, ხოლო სამივე ქართველი  ძირითადი შვიდეულის წევრია: მეკარე ქრისტინე ჯავახია, მარჯვენა შუამარბი ქეთევან ვენეცკი და გამთამაშებელი თინათინ ქიტესაშვილი.

2018 წელს ქალთა ერთბაშად 4 ნაკრებს უწევს ოფიციალურ ტურნირებში თამაში. ივლისში 16-წლამდელთა ნაკრები შვედეთში გამოვა ევროპის ღია ჩემპიონატზე, 20-წლამდელებს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია აქვთ მარტში, რუმინეთში, მაისში EHF/IHF ქალთა ტროფიზე იასპარეზებს საქართველოს 18-წლამდელთა გუნდი, ხოლო ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს.

Leave a Reply