ირანიდან დადებითი ბალანსით

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა B ნაკრებმა ირანში, შუშტერის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და შინ დადებითი ბალანსით დაბრუნდა.

ჩვენმა გუნდმა ჯამში ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც სამი მოიგო: უზბეკეთთან, ირანის 18-წლამდელთა ნაკრებთან და ერაყის ნაკრებთან; ხოლო, ირანის 21-წლამდელთა ნაკრებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 21-22.

მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ირანული ტურნე შეაფასა:

„ჩვენი გუნდები საერთაშორისო მატჩებით, სამწუხაროდ, განებივრებული არ არიან. არადა, საჭიროა პრაქტიკა, რათა გუნდი შეთამაშდეს, დაიხვეწოს ახალი მიდგომები და უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ.

ბოლო წლებში აზიაში, გამორჩეულად კი ირანში, ხელბურთი სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და საერთაშორისო ტურნირებსაც ხშირად აწყობენ. შუშტერშიც საკმაოდ კარგი დონის ტურნირი გაიმართა, საიდანაც კმაყოფილები დავბრუნდით. სამი მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ, იმ ერთ მატჩში კი მინიმალური სხვაობით დავმარცხდით, მსაჯებისგან მეტი პროფესიონალიზიმი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, იმ შეხვედრაშიც სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა.

ზოგადად, ჩვენი მიზანია თანამედროვე სტილის ხელბურთი ვითამაშოთ, რაც მაქსიმალურად გუნდურ თამაშს გულისხმობს. ამ ტურნირის განმავლობაში ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, გუნდის შეთამაშებისთვის მსგავსი საერთაშორისო მატჩები საკვანძო მნიშვნელობისაა“.

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა B ნაკრებისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო, გუნდი შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.