ირაკლი ჩიქოვანმა კლუბი გამოიცვალა
2015-2016 სეზონი ქართველი ხელბურთელებიდან ყველაზე წარმატებული ირაკლი ჩიქოვანისთვის იყო. ქართველი შუამარბი ტიმიშოარას «პოლიტექნიკას» შემადგენლობაში რუმინეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიუხედავად წარმატებული სეზონისა, 27 წლის ხელბურთელმა გუნდი მაინც გამოიცვალა და ახალი სეზონიდან კარიერას «დუნარეა კელერაშიში» გააგრძელებს.
ჩიქოვანმა ნახევარფინალური შეხვედრები მეოთხედფინალში მომხდარი ინციდენტის შედეგად მიღებული დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რაც «პოლიტექნიკასთვის» აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდა და ბუქარესტის «დინამოს» წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
სანამ რუმინეთში გაემგზავრებოდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგებოდა, ირაკლის თბილისში ყოფნით ვისარგებლეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.
– ირაკლი, სანამ აქტუალურ თემებზე გადავალთ, ცოტა შორიდან დავიწყოთ და მოგვიყევით როდის და რის გამო დაიწყეთ ხელბურთის თამაში?
– 1989 წლის 28 ივლისს დავიბადე, ხელბურთზე კი მამის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, 14 წლის ასაკში შევედი. პირველი მწვრთნელები ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გოცირიძე იყვნენ, რომლებმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში.
– კარიერის განმავლობაში რამდენ გუნდში გითამაშიათ?
– სტუ-ს ვარჯიშებზე სიარულს «შევარდენი» მოჰყვა, რის შემდეგაც ევროპაში გავემგზავრე და სამ იქაურ გუნდში, სერბეთის «მეტალოპლასტიკაში», რუმინეთის «ოდორჰეიში» და «ტიმიშოარაში» ვითამაშე.
– «დუნარეა კელერაშისთან» რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ?
– ერთწლიანი. უკვე ორი წელია, ეს გუნდი უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს, წლევანდელ სეზონში კი მიზნად ოთხეულში მოხვედრა აქვს დასახული. შევეცდები კარგად ვითამაშო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
– ახლა უკვე თქვენს ყოფილ გუნდზე, «პოლიტექნიკაზე» რისი თქმა შეგიძლიათ?
– გასულ სეზონში როგორც კლუბის ხელმძღვანელებს, ასევე გულშემატკივრებს, ხელბურთელებმა ნამდვილი სიურპრიზი გავუკეთეთ და ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით. არადა, სეზონის წინ, კლუბის შეფები გვეუბნებოდნენ, რომ თუ პირველ რვა გუნდში მოვხვდებოდით და პლეი-აუტს თავიდან ავიცილებდით, ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. ასეთი კარგი განწყობის ფონზე, ალბათ ცოტა უცნაურად გეჩვენებათ ჩემი მხრიდან ნავსაყუდელის გამოცვლა, მაგრამ გუნდში ფინანსური პრობლემები დაგროვდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კლუბის შეფებს ჩემი და კიდევ რამდენიმე წამყვანი ხელბურთელის გასხვისება სახელფასო ბიუჯეტის შეკვეცის გამო სურდათ. თან, კონტრაქტიც დამიმთავრდა.
– «სტიაუასთან» მეოთხედფინალური მატჩის დროს ერთ უსიამოვნო ინციდენტს ქონდა ადგილი მეტოქე გუნდის ესტონელ ხელბურთელთან, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგსაჯათ. რეალურად რა მოხდა?
– განსაკუთრებული არაფერი. ამ ხელბურთელთან, მარტინ იოჰანსონთან ერთად, ადრე «ოდორჰეიში» ვთამაშობდი და მატჩის შემდეგ ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვქონია. სხვათა შორის, ალბათ რეალური იქნებოდა «პოლიტექნიკას» მხრიდან აპელაციის შეტანა, მაგრამ გაგიკვირდებათ და ასეთ შემთხვევაში არსებობდა დიდი შანსი იმისა, რომ დისკვალიფიკაცია შემცირების ნაცვლად, გაზრდილიყო. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია – მთელი სეზონის განმავლობაში ბუქარესტის «დინამო» ფედერაციის ხელმძღვანელებისა და, ავტომატურად, მსაჯების მხრიდან დიდი სიმპათიებით სარგებლობდა და ამ გუნდის ჩემპიონობა თითქოს წინასწარ იყო დაგეგმილი. ახლა მაგაზე საუბარს აზრიც აღარ აქვს და მხოლოდ ახალ გუნდზე ვარ კონცენტირებული. «დუნარეამ» ჩემს გარდა, კიდევ შვიდი ახალი ხელბურთელი დაიმატა და წესით საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა გვყავდეს.
– ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშება რამდენად მოგეწონათ?
– ეს ტურნირი და მთლიანად ევროპული ხელბურთი წლიდან წლამდე სულ უფრო დინამიური ხდება. ჩემი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ავისრულებ.
– არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, კარიერის გაგრძელებას რომელ კლუბში ისურვებდით?
– «ბარსელონა», ან «კილი». საერთოდ, გერმანია და იქაური გუნდები ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ფეხბურთსაც ხშირად ვუყურებ და მიუნხენის «ბაიერნის» ქომაგი ვარ.
– რუმინეთის ჩემპიონატი რამდენად მაღალი დონისაა?
– საკმაოდ კარგი დონისაა. ოთხი-ხუთი გუნდია ისეთი, სადაც სტაბილურად დიდი ფული იდება, უმაღლეს ლიგაში წელს გადმოსული ერთ-ერთი კლუბის ბიუჯეტი კი 800 ათასი ევროა.
– ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბროთ… შესარჩევ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები ლუქსემბურგი და იტალია იქნებიან. რამდენად კმაყოფილი ხართ წილისყრის შედეგებით?
– გადაულახავი ბარიერი არც ერთი არ არის. მთავარია, ნაკრების ყველა წამყვანი ხელბურთელი მწყობრში იყოს და ამ მეტოქეების დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ეს საკითხი უფრო ფედერაციის პრეროგატივაა და ამაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. ხელბურთის ქართველს გულშემატკივარს ერთს ვპირდები – ნებისმიერი მწვრთნელის მოსვლის შემთხვევაში, ბოლომდე დავიხარჯები.
– როგორი უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი?
– დისციპლინის მოყვარული. დისციპლინას კი გუნდში მთავარ მწვრთნელთან ერთად, კაპიტანიც უზრუნველყოფს.
– ზოგადად ქართულ ხელბურთში არსებულ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?
– ბოლო პერიოდში სასიკეთო ძვრები აშკარად შეინიშნება. პირველ რიგშია აღსანიშნავია ქალთა ხელბურთის განვითარებისთვის ფედერაციის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. მართალია, გოგონათა ნაკრების მატჩებს გადატვირთული გრაფიკისა და დროის უქონლობის გამო ვერ ვუყურებ, მაგრამ მეგობრებისგან ვიცი, რომ საკმაოდ კარგი გუნდი შეიკრა. თუმცა, მუშაობა კიდევ საჭიროა და ყურადღება როგორც ბავშვთა ხელბურთის განვითარებას, ასევე მწვრთნელთა გადამზადებას უნდა მიექცეს.
– რამდენად აქვთ ახალგაზრდა ქართველ ხელბურთელებს ევროპაში თამაშის პოტენციალი?
– ძალიან საწყენია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის დონე დაბალია და თუ რომელიმე ხელბურთელს წინსვლა მართლაც სურს, კარიერა რაც შეიძლება მალე უნდა გააგრძელოს საზღვარგარეთ.
ესაუბრა დათო კაპიტანოვი, geohandball.ge