ზურაბ კაკაბაძე პრეზიდენტად მეორე ვადითაც აირჩიეს

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია ზურაბ კაკაბაძე – 22 ხმით ორის წინააღმდეგ.

27 დელეგატიდან ყრილობაზე 26 დარეგისტრირდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ორი იყო, მოქმედი პრეზიდენტი კაკაბაძე და სახელბურთო კლუბ ბათუმის მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მაგრამ მჟავანაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

საქმე ისაა, რომ 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სპორტული ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლესი განათლება მოეთხოვება. მოქმედმა პრეზიდენტმა წარმოადგინა შესაბამისი დიპლომი, ხოლო მჟავანაძემ – მხოლოდ ასლი, რომელიც, ფედერაციის იურისტის განმარტების თანახმად, ოფიციალურ დოკუმენტად ვერ გამოდგებოდა.

შესაბამისად, მოქმედის პრეზიდენტის საანგარიშო სიტყვის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ, ჯემალ ძაგანიამ კენჭისყრაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა დააყენა და ყრილობამ კაკაბაძეს ნდობა გამოუცხადა. ის ხელბურთის ფედერაციას მეორე ვადით, 2016-2020 წლებში უხელმძღვანელებს.

უცვლელი დარჩა ფედერაციის პრეზიდიუმიც: პრეზიდენტი – ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტები იმედო ფხაკაძე, ვახტანგ მეიფარიანი, ელიზბარ არსენაშვილი, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, წევრები – ჯემალ ძაგანია, თამაზ თევზაძე, ზურაბ კეკელიძე, გიორგი კარტოზია, ლევან სალუქვაძე.

ზურაბ კაკაბაძე 1959 წელს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ხელბურთს  70-იან წლებში თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და თბილისის ქარიშხალაში. ხელბურთის ფედერაციაში მუშაობს 2004 წლიდან – საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარედ, გენერალურ მდივნად და, 2012 წლის ნოემბრიდან – პრეზიდენტად.

Leave a Reply