ვარდარმა ორი გრანდი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დაძაბული ფინალური ოთხეული, რომელშიც ორივე ნახევარფინალი და ფინალი ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა, მოიგო მაკედონიის ვარდარმა, ვინც ნახევარფინალში 26-25 მოუგო ბარსელონას, ხოლო საჩემპიონო მატჩში 24-23 აჯობა პარი სენ-ჟერმენს.

ფინალური ოთხეული. მიმოხილვა:

http://www.ehftv.com/int/video/2017-06-04-rewind-velux-ehf-final4

ოთხეულის მონაწილეთაგან ჩემპიონთა თასი მხოლოდ ბარსელონას ჰქონდა მოგებული და ნახევარფინალის უმეტესი დროის განმავლობაში უგებდა ვარდარს, მაგრამ ბოლოსკენ მატჩი გარდატეხა მაკედონიური კლუბის ხორვატმა გამთამაშებელმა ლუკა ცინდრიჩმა, ვინც ვარდარის ბოლო სამი გოლი გაიტანა, მათ შორის – ბოლო, მომგებიანი, სირენამდე 4 წამით ადრე – 26-25.

ასევე პირველად გავიდა ფინალში პარი სენ-ჟერმენი. წლევანდელი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, უვე გენსჰაიმერმა (141 გოლი) და დანიელმა მიქელ ჰანსენმა შეაგდეს 7-7, პარიზელთა მესამე დიდმა ვარსკვლავმა, ნიკოლა კარაბატიჩმა კი ერთადერთი, მაგრამ გადამწყვეტი – 27-25. ამის შემდეგ ვესპრემმა გაქვითა ერთი გოლი და ბოლო შეტევაც ჰქონდა, მაგრამ კარაბატიჩმა შეაჩერა ლასლო ნადი, ხოლო ანდრეს ნილსენმა დაკარგა ბოლო პასი და სენ ჟერმენმა 27-26 მოიგო. 

ფინალი ასეთივე დრამატული იყო. უმეტესი დრო ვარდარი ლიდერობდა, მაგრამ სულ 1-2 ბურთით. ბოლო წუთის დაწყების წინ პარიზელებს გაუგდეს ლუკა კარაბატიჩი, ტიმურ დიბიროვმა კი კუთხიდან ვერ გაიტანა და ანგარიში 23-22 დარჩა ვარდარის სასარგებლოდ. ბოლო შეტევაში პსჟ მწვრთნელმა ზვონიმირ სერდარუშიჩმა მეკარე მოხსნა და სრული ექვსეულით შეუტია. პარიზელებმა თითქმის ბოლომდე გამოიყენეს დრო და სირენამდე 7 წამით ადრე დანიელ ნარსისმა გაათანაბრა – 23-23, მაგრამ, მეკარე ტიერი ომაიერმა მოედანზე დაბრუნება ვერ მოასწრო და ვარდარმა ცარიელ კარში გაიტანა, თუმცა…

იქამდე ვარდარის მწვრთნელ რაულ გონსალესს წუთშესევენება ჰქონდა აღებული! დარჩენილი იყო 7 წამი, მაგრამ ვარდარმა მოასწრო ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, რიცხვობრივი მეტობაც შექმნა მარჯვენა კუთხეში და ზედ ბოლო წამზე ივან ჩუპიჩმა საჩემპიონო გოლი გაიტანა – 24-23!

ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ვარდარის ვეტერანი მეკარე არპად შტერბიკი, ევროპის ახალ  საკლუბო ჩემპიონს, მაკედონიურ კლუბს კი შემადგენლობაში ერთადერთი მაკედონიელი, სტოილოვი ჰყავდა. ვარდარმა ტიტული უპირობოდ დაიმსახურა – წინასწარ ეტაპზე მოიგო თავისი ჯგუფი, რისი წყალობითაც პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდა, იქ კი დაამარცხა ლიგის 2014 წლის გამარჯვებული, გერმანიის ფლენზბურგი, რომელიც იმ დროისთვის ბუნდესლიგის ლიდერი იყო, მაგრამ საბოლოოდ ტიტული რაინ-ნეკარს დაუთმო.

ფინალი. მთელი მატჩი: http://www.ehftv.com/int/video/ehffinal0406

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17. კაცები. ფინალური ოთხეული

ფინალი, 4 ივნისი. კიოლნი, ლანქსეს არენა. 19 750 მაყურებელი

ვარდარ სკოპიე (მკდ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 24-23

ვარ: შტერბიკი, მილიჩი – დიბიროვი 6, ბოროზანი 3, ცინდრიჩი 3, ჩუპიჩი 3, შიშკარევი 3, დუიშებაევი 2, კანელასი 2, აბუტოვიჩი 1, მარსენიჩი 1,  მაკედა, მორაეში, კარაჩიჩი, სტოილოვი,  დერევენი

პსჟ: ომაიერი, სკოფი – ნ. კარაბატიჩი 5, ჰანსენი 4, ნარსისი 4, აბალო 3, რემილი 3, გეჰსჰაიმერი 2, სტეპანჩიჩი 2, ლ. კარაბატიჩი, მოლგორი, ნილსენი, ნაი, აკამბრეი, ბარაშეტი, კუნკუ 

მსაჯები: გაიპელი, ჰერბიგი (გერ)

მესამე ადგილისთვის. ვესპრემი – ბარსელონა 34-30

ნახევარფინალი, 3 ივნისი

პსჟ – ვესპრემი 27-26

გენსჰაიმერი, ჰანსენი 7 – ნადი 6, გაიჩი, მარგუცი 5

ვარდარი – ბარსელონა 26-25

ჩუპიჩი, დუიშებაევი 7, ბოროზანი 5, ცინდრიჩი 4 – ლაზაროვი 6, რივერა 4

2016-17,  სხვა ევროთასების ფინალები:

EHF თასი. კაცები. გიოპინგენი (გერ) – ფუხსე ბერლინი (გერ) 30-22

ჩელენჯ კაპი, კაცები. სპორტინგი (პორ) – პოტაისა ტურდა (რუმ)37-28, 30-24

ჩემპიონთა ლიგა ქალები. დიორი (უნგ) – ვარდარი (მკდ) 31-30 (დ.დ. 26-26)

EHF თასი. ქალები. როსტოვი (რუს) – ბიტინგჰაიმი (გერ) 28-25, 25-21

ჩელენჯ კაპი, ქალები. ლოკომოტივა ზაგრები (ხორ) – ჰოორსი (შვდ) 23-29, 24-21

Leave a Reply