EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ევრო 2020: ნორვეგიამ უარი თქვა, დარჩა დანია…

ნორვეგიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ უმასპინძლებს ევროპის ქალთა ჩემპიონატს ხელბურთში, რომელიც 3-20 დეკემბერს, დანიასთან ერთად უნდა გაემართა. დარჩა ერთადერთი ვარიანტი: ყველა მატჩის დანიაში გადატანა.  

ამჟამად ზუსტდება ყველა საორგანიზაციო საკითხი დანიისა და ევროპის ხელბურთის ფედერაციებს შორის. დანიის ფედერაციის პრეზიდენტი, პერ ბერტელსენი ვარაუდობს, რომ ყველა საკითხის გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება ამ კვირის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი, EHF გენერალური მდივანი მარტინ ჰაუზლაიტნერი კი იმედოვნებს, რომ პასუხი დადებითი იქნება.

საერთო ქრონოლოგია ასეთია:

ევრო 2020-ის მასპინძელი თავდაპირველად 5 ქალაქი უნდა ყოფილიყო: ჰერნინგი, ფრედრიკსჰავნი (დანია), ტრონდჰაიმი, სტავანგერი, ოსლო (ნორვეგია. ფინალი ოსლოში იყო დანიშნული);

გაზაფხულზე, პანდემიის  გამოცხადების შემდეგ, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გააუქმა შესარჩევი ტურნირი და ფინალის მონაწილეებად პირდაპირ დაასახელა ევრო 2018-ის მონაწილე 16 ქვეყანა.

18 ივნისს გაიმართა წილისყრა და 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა: 1 ჯგუფი ჰერნინგში, 1 ფრედრიკსჰავნში, 2 – ტრონდჰაიმში. მეორე ჯგუფური ეტაპის მასპინძლები იყვნენ ჰერნინგი და სტავანგერი, ნახევარფინალისა და ფინალისთვის კი ოსლოს უნდა ემასპინძლა.

სექტემბერში ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის ნორვეგიული ნაწილის ყველა თამაში, მათ შორის ფინალი, გაიმართებოდა მხოლოდ ერთ ქალაქში, ტრონდჰაიმში.

6 ნოემბერს დანიურმა მხარემ გამოაცხადა, რომ ქალაქ ფრედრიკსჰავნში თამაშები აღარ იქნება და ტურნირის დანიური ნაწილი მთლიანად ჰერნინგში გაიმართება – პირველი ეტაპის 2 და მეორე ეტაპის 1 ჯგუფი.

16 ნოემბერს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა  ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების გამო ევროპის ჩემპიონატის მატჩების გამართვა შეუძლებელია.

კოვიდ პანდემიის შემდეგ, ნორვეგიაში დაინფიცირების 30 000 შემთხვევაა გამოვლენილი, 300 ადამიანი გარდაიცვალა; დანიაში  სტატისტიკა ასეთია: 65 000 შემთხვევა, 770 – ფატალური.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020

პირველი ჯგუფური ეტაპი 3-8 დეკემბერი

ჯგუფი. საფრანგეთი, დანია, მონტენეგრო, სლოვენია

ჯგუფი. რუსეთი,  შვედეთი, ესპანეთი, ჩეხეთი

ჯგუფი. ჰოლანდია, უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია

ჯგუფი. რუმინეთი, ნორვეგია, გერმანია, პოლონეთი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის

Leave a Reply