ევროპის ჩემპიონატი თელავის ახალ არენაზე გაიმართება

ევროპის ხელბურთის ფედერაცია დათანხმდა საქართველოს ეროვნული ფედერაციის წინადადებას, 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის  თბილისიდან თელავში გადატანის შესახებ. გადაწყვეტილება დამტკიცდა EHF აღმასკომის სხდომაზე ჰამბურგში. ტურნირი 2018 წლის 10-19 აგვისტოს ჩატარდება. მონაწილეობს 11 ქვეყანა, ხოლო თელავის ახალი არენა 2018 წლის დასაწყისში მზად იქნება. 

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ამ შეჯიბრების მასპინძლობის უფლება 2016 წლის სექტემბერში მოიპოვა. მასპინძელ არენად წარდგენილი იყო თბილისის ოლიმპიური სასახლე. მაშინ თელავში არენის მშენებლობა დაწყებული არც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება, გაჩნდა შეჯიბრების თელავში გადატანის იდეა.

საქართველოს ფედერაციამ არენის შეცვლის წინადადება 2017 წლის ნოემბერში, ვენაში გამართულ სპეციალურ სამუშაო შეხვედრაზე წამოაყენა და დაასაბუთა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ხელბურთის შემდგომი განვითარებისთვის მთელს ქვეყანაში და კერძოდ, კახეთის რეგიონში, რომელსაც მდიდარი სახელბურთო ტრადიციები გააჩნია. ვენის ოფისში იდეას ყურადღებით მოეკიდნენ და მაშინვე გადაწყდა დეკემბერში პირველი საინსპექციო ვიზიტის გამართვა. 

14 დეკემბერს თელავში ინსპექცია მოაწყო EHF საშეჯიბრო განყოფილების წევრმა, თომას განგელმა. სტუმარი  დარწმუნდა, რომ ახალი არენა 2018 წლის დასაწყისისთვის მზად იქნება და ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება,  11 გუნდისა და ოფიციალური პირებისთვის ქალაქში სრულიად საკმარისი სასტუმრო ინფრასტრუქტურაა, ხოლო ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობა საორგანიზაციო კომიტეტს ყოველგვარ თანადგომას აღუთქვამს. თომას განგელის მოხსენებას გაეცნო აღმასკომი და თელავი მასპინძელ ქალაქად დაამტკიცა.

თელავში ახალი არენის აშენება იყო ხელბურთის ფედერაციის „ოთხი ქალაქის კონცეფციის“ ნაწილი, რომლითაც ის წარდგა 2013 წელს ყატარში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე, სადაც 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივიღეთ. სამწუხაროდ, სამი ახალი არენის აშენება 2017 წლისთვის ვერ მოხერხდა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ თბილისმა უმასპინძლა, მაგრამ ახალი სპორტის სასახლეების მშენებლობა უკვე სრულდება ბათუმში, თელავსა და გორში.

თელავის სპორტის სასახლის მთავარ დარბაზში 2 ათასამდე მაყურებელი დაეტევა, მცირე დარბაზში – 500. მცირე დარბაზსა და თამაზ ანთაძის არენის დარბაზს ჩემპიონატის მონაწილეები სავარჯიშოდ გამოიყენებენ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ევროპის ხელბურთის ფედერაცია 2018 წელს ასრულებს ასაკობრივი ჩემპიონატების რეფორმას, რომლის მიხედვითაც უქმდება საკვალიფიკაციო ტურნირები. ანალოგიური ტურნირს საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2016 წელს უმასპინძლა ოლიმპიურ სასახლეში. თელავში ითამაშებს თვრამეტწლამდელების მომდევნო თაობა, 2000 წელს და უფრო გვიან დაბადებულები. 

წილისყრა 2017 წლის ივლისში გაიმართა. საქართველოს ნაკრები ითამაშებს B ჯგუფში: ბელარუსის, იტალიის, ფინეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ. A ჯგუფში: არიან შვეიცარია, ფარერის კუნძულები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი. 2-2 საუკეთესო გავა ნახევარფინალში.

ანალოგიური ტურნირი იმავე დროს გაიმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში, ხოლო ევროპის ჩემპიონი გამოვლინდება ხორვატიაში, სადაც 16 გუნდი ითამაშებს. თელავისა და ტულნის ჩემპიონატების გამარჯვებულები 2020 წელს ითამაშებენ უძლიერეს ჯგუფში იქ მე-15-16 ადგილზე გასულთა ნაცვლად.

ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში (თელავი, 11 გუნდი). 10-19 აგვისტო, 2018

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

ჯგუფური ტურნირი: 10-16 აგვისტო, 17 აგვისტო: დასვენების დღე

ნახევარფინალი 18 აგვისტოს, ფინალი 19 აგვისტოს

ჩემპიონატი ავსტრიაში (ტულნი, 12 გუნდი). 10-19 აგვისტო, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია

B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი

ამ ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის ევროპის 20წ ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას.

ჩემპიონატი ხორვატიაში (16 გუნდი): საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ისრაელი. 15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე

Leave a Reply