gnhf-rrr

დიხამინჯია ტურის საუკეთესო მოთამაშე ხდება

მაკედონიის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელმა, გიორგი დიხამინჯიამ მე-14 ტურში სტრუგა-პრილეპის მატჩში 12 გოლი გაიტანა, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და უთუოდ ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდება, რადგანაც გამოკითხვის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ხმების 63  პროცენტით ლიდერობს. 

გამოკითხვა: http://24rakomet.mk/идеален-тим-на-14-коло-од-супер-машката-л 

იანვრის დასაწყისი ევროპულ ხელბურთში სანაკრებო პერიოდია. 11-13 იანვარს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მალტაში, ქალაქ კოსპიკუაში, ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები აქვს მალტის, კვიპროსისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. საქართველოს გუნდი სრული შემადგენლობით 3 იანვარს შეიკრიბება, ამ მიმოხილვაში კი უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების ბოლო ამბებს გაეცნობით.

ირაკლი ჩიქოვანის რუმინული გუნდი, კონსტანცა, EHF თასის გუნდი ჯგუფურ ეტაპზეა გასული და წილიყრის შემდეგ მოხვდა C ჯგუფში, პორტუგალიის პორტუსთან, დანიის ჰოლსტებროსა და ესპანეთის კუენკასთან. მეოთხედფინალში გადიან 4 ჯგუფის გამარჯვებულები და მეორეადგილოსანთაგან 3 საუკეთესო. ამის შემდეგ აირჩევა ფინალური ოთხეულის მასპინძელი გუნდი, ხოლო დანარჩენი 6 შეადგენს მეოთხედფინალის 3 წყვილს. ჯგუფური ეტაპი 9 თებერვალს იწყება.

კონსტანცა რუმინეთის ჩემპიონატში 14 თამაშიდან 10 მოგებითა და 30 ქულით მეორე ადგილზეა. EHF თასზე შვედეთის მალმეს დამარცხების შემდეგ გუნდმა ჩემპიონატის ლიდერს, CSM ბუკურეშტისაც მოუგო, 30-23 (4 გოლი ქართველმა უკანახაზელმა გაიტანა, სულ კი ჩემპიონატში 45 გატანილი ბურთი აქვს), თუმცა, ამის შემდეგ გუნდს მცირე ჩავარდნა ჰქონდა – წააგო რუმინეთის ჩემპიონატის ორი და თასის მერვედფინალის მატჩიც სტიაუასთან, 24-27.

დეკემბერში უკეთესი სერია ჰქონდა შოთა თევზაძის კლუბს, ფოჩანის, რომელმაც 5 მატჩიდან 4 მოიგო – მათ შორის, ორი – რუმინეთის თასზე – მერვედფინალში დაამარცხა ბუზაუ (32-27), მეოთხედფინალში კი სტუმრად 34-23 მოუგო კრაიოვას და 9 მარტს, ნახევარფინალში შეხვდება ტიმიშოარას. ჩემპიონატში ფოჩანიმ 22 ქულა დააგროვა და მერვე, პლეიოფში გამსვლელ ადგილზე გადაინაცვლა. ჩემპიონატი 30 იანვარს განახლდება.

უნგრეთი. აქ თეიმურაზ ორჯონიკიძის გუნდს, ფერენცვაროშს 13 მატჩიდან 7 მოგება აქვს და 14 ქულით მერვე ადგილზეა. ქართველი ინსაიდის ანგარიშზეა 37 გოლი ჩემპიონატში და 1 უნგრეთის თასზე, სადაც კლუბი მეოთხედფინალშია გასული. დეკემბრის მატჩებიდან ორჯონიკიძემ 3 გოლი გაუტანა ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტს, ვესპრემს, რომელთანაც მისი გუნდი 23-36 დამარცხდა. უახლოესი ტური 2 თებერვალსაა.

მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში მედეა ჩოხელის პელისტერი 14 მატჩიდან 9 მოგებითა და 27 ქულით მე-5 ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ ვარდარს ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში მედეას კლუბმა სტუმრად 40-18 მოუგო ოვჩე პოლეს, საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანმა ოთხჯერ გაიტანა და სეზონში 52 გოლი დაუგროვდა, რაც ხაზის მოთამაშისთვის კარგი შედეგია. პელისტერი 2 და 9 თებერვალს ჩელენჯ კაპის მერვედფინალში ეთამაშება სერბეთის ნისს.

რაც შეეხება მაკედონიის კაცთა ჩემპიონატის უკვე ნახსენებ სტრუგა-პრილეპის მატჩს, სტრუგამ სტუმრად 29-19 მოიგო, ამ კლუბის მეორე ქართველმა, ლექსო წითელიშვილმა კი 1 გოლი გაიტანა. დიხამინჯიას სეზონში 44 გოლი აქვს, წითელიშვილს – 42, მათი გუნდი კი 14 მატჩიდან 22 ქულით (7 მოგება, 1 ფრე) მეექვსე ადგილზეა. მესამეზეა საქართველოს ნაკრების ვეტერანის, რევაზ ჭანტურიას პელისტერი 29 ქულით. აქ პირველი 4 გუნდი გადის ფინალურ ეტაპზე, სადაც გრანდებთან, ვარდართან და მეტალურგთან ერთად, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. 

საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა ერეკლე არსენაშვილის კლუბი – დიომიდის არგუსმა 21-19 დაამარცხა პანელინიოსი, იონიკოსს 24-23 მოუგო და ნახევარფინალში პაოკს შეხვდება. ქვეყნის ჩემპიონატში არგუსმა ფრედ ითამაშა შარშანდელ ჩემპიონ აეკთან, შემდეგ კი 2 თამაში მოიგო და 11 მატჩიდან 13 ქულით (6 მოგება, 1 ფრე) პლეიოფში გამსვლელ მე-5 ადგილზეა. ქართველმა ხელბურთელმა ჩემპიონატის 9 მატჩში 26 გოლი გაიტანა, ხოლო თასის მეოთხედფინალში – 4. შემდეგი მატჩი არგუსს 12 იანვარს აქვს, თუმცა არსენაშვილი ამ დროს საქართველოს ნაკრებში იქნება.

უკრაინის სუპერლიგაში თამაშობს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ირაკლი კბილაშვილი, რომლის კლუბი, ოდესა, 12 თამაშიდან 10 ქულით (5 მოგება) მეექვსე ადგილზეა 9 გუნდში. ოდესამ ბოლოს პორტოვიკს 30-27 მოუგო (ქართველმა გამთამაშებელმა 8 გოლი გაიტანა), შემდეგ კი ზედიზედ დამარცხდა ზაპოროჟიულ კლუბებთან – ზტრ-სთან, ზას-თან და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მოტორთან. სულ კბილაშვილს 51 გოლი  აქვს.

თურქეთის ქალთა ჩემპიონატში მეორე ადგილზეა ქეთი კუნელაშვილის არდაშენი (10 მატჩი, 7 მოგება, 1 ფრე, 15 ქულა). ბოლო 3 მატჩში კლუბმა 5 ქულა აიღო.  საქართველოს ნაკრების 19 წლის ხელბურთელისთვის ეს სადებიუტო სეზონია ქალთა საკლუბო ხელბურთში. ჯერჯერობით მან 7 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.  ჩემპიონატი 26 იანვარს განახლდება.

Leave a Reply