გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა „კოსტა დორადას“ თასზე ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს

ესპანეთში მიმდინარე „კოსტა დორადას“ თასის გათამაშების მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები ჩაატარეს საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა. მათ შორის, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს გოგოებმა, რომლებმაც „სანტ ბოის“ 20-ბურთიანი სხვაობით – 33-13 მოუგეს. სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა ჭაბუკთა ასპარეზობა – „ბარსელონასთან“ 19-38 დამარცხდნენ.

დღის პირველ ნახევარში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ასევე დიდი სხვაობით – 27:11 დაამარცხა კასტელდეფელსის გუნდი. ჯგუფური ეტაპის მეორე ტური წარმატებული იყო ჭაბუკთა გუნდისთვისაც, რომელმაც „ესკოლაპიოს“ 26-13 მოუგო.

„კოსტა დორადას“ თასის გათამაშების პირველ დღეს ჭაბუკებმა სარაგოსულ კლუბ „ლა ხოტას“ 22-21 მოუგეს, გოგონათა გუნდი კი „ხიხონთან“ 19-31 დამარცხდა.

შედეგად, გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპი ორ-ორი მოგებითა და თითო წაგებით მეორე ადგილზე დაასრულეს და ასპარეზობას მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

ჭაბუკები D ჯგუფის მეორე ადგილოსან „ნანტს“ შეხვდებიან, რომელიც თავის მხრივ, „ვისლა პლოცკისთან“ 28-30 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების და ფრანგული “ნანტის” შეხვედრა 31 მარტს შედგება. ამავე დღეს გოგონათა ნაკრები ასევე D ჯგუფის მეორე ადგილოსან ბასკურ “მუსკეს” შეხვდება.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ესპანეთში, „კოსტა დორადას“ თასზე საერთაშორისო გამოცდილებას იძენს, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის.

ცნობისთვის, „კოსტა დორადას“ ტრადიციული ტურნირი, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი. საქართველო წარმოდგენილია 16-წლამდელებში.

Leave a Reply