განახლებული ნაკრებით ახალ არენაზე
4 იანვარს მორიგი ოფიციალური მატჩი აქვს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18 საათზე ლუქსემბურგს ეთამაშება ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირზე. სამი დღის შემდეგ საპასუხო შეხვედრაა მეტოქის მოედანზე. ეროვნულ გუნდს დებიუტი ექნება ახალ არენაზე, რომელიც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირისთვის აშენდა.
სამგუნდიანი ჯგუფიდან, სადაც იტალიაც თამაშობს, მეორე, მთავარ შესარჩევ რაუნდში მხოლოდ გამარჯვებული გადის და იტალიას უკეთესი პოზიცია აქვს, რადგანაც უკვე ორჯერ დაამარცხა ჩვენი ნაკრები – 26-19 სირაკუზაში და 28-25 თბილისში. 11 და 15 იანვარს ორჯერ ლუქსემბურგი და იტალია ითამაშებენ და გამარჯვებულიც ოფიციალურად გაირკვევა.
და რადგანაც ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დაგვრჩა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყო. ჩვენს გუნდს მეორე შანსიც ექნება ევრო 2020-ის მეორე შესარჩევ რაუნდში გასასვლელად – 2017 წლის ივნისში, როცა გაიმართება ჩელენჯ ტროფის გათამაშება. პირველ ეტაპზე ხელმოცარულ 6 გუნდს დაემატებიან აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. ამ ტურნირის გამარჯვებული ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს მიიღებს, ოღონდ ივნისის ჩელენჯ ტროფის უკვე ასაკობრივი შეზღუდვა ექნება – 25 წლამდე.
შესაბამისია შემადგენლობაც: ლუქსემბურგის წინააღმდეგ 14-კაციან განაცხადში მხოლოდ 5 ხელბურთელია 25 წელზე უფროსი – თევზაძე, ჭანტურია, გრიშიკაშვილი, ტორონჯაძე და ჩიქოვანი, 4 წევრი კი საერთოდ 18 წლისაა (კბილაშვილი, რუსტამოვი, მიქავა, გოგავა) და 19-წლამდელთა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც აქვს. სწორედ ამ შემადგენლობით ითამაშა დეკემბრის ბოლოს საქართველომ 2 ამხანაგური მატჩი ისრაელთან (ორივე 37-38 დასრულდა) და ახალგაზრდებმა კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს.
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე სამჯერ შეხვედრიან. 2008 წლის 20 იანვარს, ჩელენჯ ტროფის ფინალში, ნორვეგიის ქალაქ დრამენში, მეტოქეს 28-27 მოვუგეთ და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტულიც მოვიპოვეთ სანაკრებო დონეზე. 2015 წლის 30 აპრილს, ლუქსემბურგი 17-16 დავამარცხეთ ქუთაისში, ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირზე, თუმცა, 4 დღის შემდეგ, 3 მაისს, 20-29 წავაგეთ საპასუხო მატჩი ლუქსემბურგში.
ხელბურთი, ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19, 6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28
4 იანვარი, ოლიმპიური სასახლე
18:00 საქართველო-ლუქსემბურგი
საქ: 1. გიგა ტორონჯაძე (GK, 1989, ქუთაისი), 22. შოთა თევზაძე (GK, 1981, რეშიცა, რუმ) – 3. გიორგი დიხამინჯია (RW, 1997, პეგასი), 4. შოთა გრიშიკაშვილი (P, 1984, ბათუმი), 6. ზურაბ აბრამიშვილი (LW, 1994, ბათუმი), 7. ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, ქუთაისი), 8. ირაკლი ჩიქოვანი (CB, 1989, დუნარეა კელერაში, რუმ), 13. ირაკლი კბილაშვილი (CB, 1998, ეგეოს სერიფატო, საბ), 15. გიორგი მიქავა (P, 1998, იმედი თელავი), 17. თეიმურაზ ორჯონიკიძე (LB, 1996, პრილეპი, მკდ), 19. ზურაბ სიმონია (RB, 1994, ქუთაისი), 20. ლექსო წითელიშვილი (LB, 1992, ბათუმი), 23. რევაზ ჭანტურია (RW, 1982, პელისტერი, მკდ), 25. ზურაბ გოგავა (RB, 1998, პეგასი) – მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი გიორგი გვაზავა გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე, ექიმი გურამ ადამია
ლუქ: GK 1. ქრის ოჟე 16. სტივ მორეირა 12. მიკა ჰერმანი 20. ივან პავლოვიჩი – LW 4. მარტინ მიულერი 17. ტომი ვირცი 19. ჟულიენ კონი 21. მიქელ მოლიტორი – LB 7. მაქს კოლი 11. ტომ მაისი 13. ჯიმი ჰოფმანი 18. ლეონ ბილი 77. იან ჰოფმანი – CB 9. ფრანკ იპერტი 14. ქრისტიან ბოკი, იან იპერტი, საშა პული – RB 94. იანიკ ბარდინა, არმინ ზეკანი, 25. ჟაკ ტირონცელი – RW 6. დანი სხოლტენი 10. ალენ ზეკანი 23. დანიელ შაიდი 29. ანტუან ბილი – P 3. ბენ ვაიერი 8. საშა მარზადორი 22. ერიკ შრიოდერი 24. ლუკა ტომასინი – მწვრთნელი: ადრიან სტოტი, ტექ. დირექტორი: დომინიკ გრადუ, ექიმები: მიშელ სხოირენი, ქრის შიფერი, ჟერომ პოლსი
მსაჯები: დორიან სირბუ, ვალენტინ სუპონიკოვი (მლდ), დელეგატი: მარეკ ზაბჩინსკი (პოლ)
7 იანვარი, 21:00. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი
2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო
02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო – თურქეთი 24-24
04.01.17 კოსოვო – ესტონეთი, 08.01,17 ესტონეთი-კოსოვო
11.01.17 ესტონეთი-თურქეთი 15.01.17 თურქეთი-ესტონეთი
1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები – ერთ წრედ, ფარერის კუნძულებზე
13.01,17 კვიპროსი-ფარერები, 14.01.17 საბერძნეთი-კვიპროსი, 15.01.17 ფარერები-საბერძნეთი
თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე
დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში
ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან
მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (26 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 1998 წლის ჩემპიონი). დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი