ბელარუსმა ბოლოში გაგვტეხა

ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 24-34 წააგო შეჯიბრების მასპინძელ ბელარუსთან. ფრედ ითამაშეს პორტუგალიამ და შვეიცარიამ – 25-25. შაბათს ორი მატჩია – საქართველო-პორტუგალია და შვეიცარია-ბელარუსი. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გადის. 

ჟლობინის ოლიმპიური რეზერვის სკოლის დარბაზში მაყურებელი მრავლად იყო. პირველი 40 წუთი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ბელარუსის გუნდი თუ რამით გვჯობნიდა, ეს იყო შეტევაში სწრაფი გადასვლა. დებიუტში 2-2-ის შემდეგ ჩვენმა გუნდმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა შეტევაში და 11-ე წუთზე 2-7 ჩამორჩა. შლუხტინამ და ქიტესაშვილმა (2), სხვაობა ორამდე დაიყვანეს – 5-7. ტაიმის ბოლოსკენ ბელარუსი ისევ გავიდა წინ ხუთით 16-11, მაგრამ ანა ყველაშვილმა ბოლო წუთზე შვიდმეტრიანით გაიტანა – 13-16. ბელარუსი დაცვაში 5-1 სქემით იდგა, რის გამოც გვიჭირდა  კომბინაციების გათამაშება და უკანა ხაზიდან გატანილი ყველა გოლი ინდივიდუალური იყო. შეტევაში გვქონდა პრობლემა ორივე ფრთაზე, განსაკუთრებით მარჯვნივ.

დაიწყო მეორე ტაიმი და გიორგი გვაზავამ დაცვა გაააქტიურა და მწყობრი ოდნავ ზემოთ ასწია. ბელარუსი დაიბნა და რამდენიმე ბურთი დაკარგა შეტევაში, რის შემდეგაც ქიტესაშვილმა და კუნელაშვილმა სხვაობა ერთამდე დაიყვანეს, შუალედში შლუხტინამ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, ხოლო 35-ე წუთზე ყველაშვილს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ მეკარე პაშკოს ვერ აჯობა. მასპინძელთა მწვრთნელებმა ტაიმ-აუტი აიღეს, რიმაშეუსკაიამ და მისიუკმა ანგარიში 18-15 გახადეს, ჩოხელმა ერთით შეამცირა, მაგრამ მალე ორწუთიანში წავიდა, მალე კი მას ქიტესაშვილიც მიჰყვა. სწორედ აქ გადაწყდა თამაშის ბედი, მეკარე პაშკომ რამდენიმე ბურთი ზედიზედ მოიგერია, 37-43-ე წუთების შუალედი 0-6 წავაგეთ და როდესაც სნიაზანა სნეჟკამ ანგარიში 23-16 გახადა, ცხადი გახდა, რომ მასპინძლები მოიგებდნენ. ბოლოში მათ კიდევ უფრო გაზარდეს შეტევაში გადასვლის ტემპი, საქართველოს ნაკრები კი ძალიან დაიღალა და სხვაობა გაიზარდა, 24-34.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეების პრიზი მიიღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მედეა ჩოხელმა და ბელარუსის მეკარემ, ჰანა პაშკომ. შაბათს, 14 საათზე საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. პორტუგალია 50-ე წუთზე 25-20 უგებდა შვეიცარიას, მაგრამ მერე გოლი ვეღარ გაიტანა და თამაში ფრედ, 25-25 დასრულდა. ხვალვე ბელარუსი შვეიცარიას ეთამაშება.

ფინალური ტურნირი ივლის-აგვისტოში გაიმართება სლოვენიაში. მასპინძლები და ევროპული რეიტინგის ორი ლიდერი, დანია და რუსეთი პირდაპირ ფინალში არიან დაშვებულები, დანარჩენი 13 საგზური კი 8 საკვალიფიკაციო ჯგუფში, 17-19 მარტს თამაშდება.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19.

საკვალიფიკაციო ტურნირი, 17-19 მარტი, 2017

6 ჯგუფი (ჟლობინი, ბელარუსი). პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო

17 მარტი. პორტუგალია-შვეიცარია 25-25

ბელარუსი-საქართველო 34-24

ბლრ: პაშკო, ტრაიანი, კაზლოვა – მისიუკი 6, ჟუკი 5, რიმაშეუსკაია 5, სნეჟკა 4, ვორანავა 4, რაბჩანკა 4,  ელისეევა 2, იანცევიჩი 2, იურინოკი 1, ტრიზნო 1, კაშკევიჩი, კრაუჩანკა, მიაჟუევა

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჯავახია – კუნელაშვილი 8, ყველაშვილი 4, ქიტესაშვილი 4, შლუხტინა 3, ჩოხელი 3, ვენეცკი 1, ესმანოვიჩი 1, გაგნიძე, პეტრენკო (ჯგერენაია, ჯავახიშვილი)

მსაჯები: დუპლიი, კოვერინა (უკრ), დელეგატი: ზაბჩინსკი (პოლ)

18 მარტი. 14:00 საქართველო-პორტუგალია, 16:30 შვეიცარია-ბელარუსი

19 მარტი. 13:00 შვეიცარია-საქართველო, 15:00 ბელარუსი-პორტუგალია

საქართველოს ნაკრები ბელარუსში

მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (1999, მამული) 16. ქრისტინე ჯავახია (1998, ფოთი) 22. მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი)

მოთამაშეები: 7. თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი – CB, RB) 15. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი – CB, LW) 17. მედეა ჩოხელი (კაპიტანი, 1999, პეგასი – P) 18. ქეთევან ვენეცკი (1998, პეგასი – RW, RB) 19. ანა ყველაშვილი (1998, მამული – CB) 20. ელენე ჯავახიშვილი (2000, მამული – LW, LB) 23. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი – RB) 24. ოლჰა შლუხტინა (1998, რეალ მიკოლაივ,  უკრ – LW, LB) 29. ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი – LB) 31. სვიტლანა პეტრენკო (1998, ბროვარი, უკრ – LW) 39. კატერინა ესმანოვიჩი (1999, მამული – P, RB)

მთავარი მწრთნელი გიორგი გვაზავა,  მწვრთნელი ინა ჭკუასელი, ექიმი გურამ ადამია, მენეჯერი ლანა მარგიანი

ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19წ

27 ივლისი – 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია (უკვე ფინალში არიან დანია, რუსეთი, სლოვენია)

კვალიფიკაცია, 17-19 მარტი

1 ჯგუფი (მაკედონიაში): უნგრეთი, მაკედონია, ფარერები, მოლდოვა

2 ჯგუფი (ესპანეთში): რუმინეთი, ესპანეთი, ლიტვა, ისლანდია

3 ჯგუფი (სლოვაკეთში): საფრანგეთი, სლოვაკეთი,მონტენეგრო, ბელგია

4 ჯგუფი (ხორვატიაში): ხორვატია, ჰოლანდია, ფინეთი, უკრაინა

5 ჯგუფი (ჩეხეთში): შვედეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სერბეთი

7 ჯგუფი (საბერძნეთში): ნორვეგია, საბერძნეთი, თურქეთი

8 ჯგუფი (გერმანიაში): გერმანია, პოლონეთი, ლატვია

ფინალურ ტურნირზე 1-5 ჯგუფიდან გადის 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან – თითო

Leave a Reply