gnhf-rrr

ახალგაზრდული ნაკრები უკრაინაში მიემგზავრება

ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მიემგზავრება უკრაინაში, სადაც 30-31 მარტსა და 1 აპრილს სამ საკონტროლო მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ. კვალიფიკაცია 8-10 აპრილს, თბილისშია, ოთხგუნდიანი ჯგუფიდან (სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძნეთი) ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გადის.

კიევის მახლობლად, ქალაქ ბროვარიში, ჩვენი ოცწლამდელთა ნაკრების მეტოქეები იქნებიან უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბები, კიევის ავიატორი და ასკ, ხოლო მესამე მეტოქე ადგილზე გაირკვევა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა. ირაკლი კეკელიძემ და ანდრეი პორტნოიმ შეარჩიეს 14 მოთამაშე. შესარჩევი ტურნირის განაცხადში 16 ხელბურთელი იქნება, მაგრამ რადგანაც რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აქვს, გადაწყდა, რომ არ გაერისკათ. შესაბამისად, შინ დარჩნენ ერეკლე არსენაშვილი და გიგა კოხრეიძე, რომლებიც, გუნდს უკვე აპრილში, თბილისში დაემატებიან, ხოლო ნაკრების ძირითადი მარცხენა ინსაიდი, თემურ ორჯონიკიძე ბოლო შეკრებამდე დაშავდა და მისი თამაში თავიდანვე გამოირიცხა.

ბოლო, ხუთდღიანი შეკრება გუნდს ჰქონდა თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტკომპლექსში, სადაც მწვრთნელებს ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდათ.

ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი: – თელავში ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ორჯონიკიძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო შეტევაშიც და ცენტრალური მცველის ფუნქციასაც ასრულებდა. შესაბამისად, მოგვიხდება გადაწყობა და განსხვავებული ტაქტიკით თამაში. შეკრებაზე სწორედ ამ ვარიანტებს ვამუშავებდით. ტრავმა აქვს ხაზის ორ მოთამაშესაც, რის გამოც უკრაინაში, ხაჟომიასთან ერთად, ამ პოზიციაზე ფერაძესაც მოუწევს თამაში. თელავში სავარჯიშოდ კარგი პირობები გვქონდა, მუდმივად გვერდით გვედგა რეგიონული ფედერაციის თავმჯდომარე, გია სვიმონიშვილი.

ანდრეი პორტნოი, მწვრთნელი: – მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი გამოგვაკლდა, ჩვენი მიზანი არ შეცვლილა – საკუთარი მოედანი უნდა გამოვიყენოთ და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ. ჯგუფის ფავორიტი, რა თქმა უნდა, სერბეთი იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ძლიერი გუნდები ეყოლებათ საბერძნეთსაც და ისრაელსაც. ბიჭების მოტივაცია დიდია – ახალგაზრდული ნაკრებიდან ერთი ნაბიჯია ეროვნულ გუნდამდე, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი კარიერის უცხოეთში გაგრძელების საშუალებაც შეიძლება მოგეცეს. უკრაინაში სამი თამაში გვექნება არა ასაკობრივ, არამედ კაცთა გუნდებთან, ვეცდებით, ოფიციალური ტურნირის წინ საბოლოოდ დავალაგოთ თამაში და ტრავმებიც ავირიდოთ, ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ კი საბოლოოდ დავკომპლექტდებით და შესარჩევ ტურნირზე სრული, 16-კაციანი გუნდით გამოვალთ.

ზურაბ ცინცაძე, ნაკრების კაპიტანი: – რთული ჯგუფი გვაქვს და ფავორიტი სერბეთი იქნება, მათთან ბოლო, მესამე მატჩი გვაქვს და თუ აქამდე ორი მოგებით მოვედით, ძალიან სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, თითქმის ორი თვე ერთად ვიყავით, ორი შეკრება გავიარეთ და ახალ მწვრთნელთან მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო. დანარჩენი თბილისში გამოჩნდება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 8, 9 და 10 მარტს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. პირველი მატჩი 8 აპრილს გვაქვს საბერძნეთთან. ფინალური ტურნირი, 16 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით, 28 ივლისს იწყება დანიაში.

ხელბურთი. ახალგაზრდული ნაკრები (20წ) უკრაინაში, 30 მარტი – 1აპრილი

მეკარეები: ირაკლი ხიდეშელი (1996, თუთუნსფორი, თურ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

მარჯვენა გარემარბები: ირაკლი გოგოლაძე (1996, სამტრედია), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი),

მარცხენა გარემარბები: ლევან მამულაშვილი (1998, ქარიშხალა), ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)

უკანა ხაზი: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, სამტრედია), ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (1998, გორი)

პივოტები: ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა)

მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძეანდრეი პორტნოი (უკრ), ექიმი გურამ ადამია

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი. 16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 16:00 ისრაელი-საბერძნეთი, 18:00 სერბეთი-საქართველო

20 ევროპის ჩემპიონატი 2016. კაცები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი. ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, კოსოვო. ლიტვა. ჯგუფი: შვეიცარია, მაკედონია, მონტენეგრო, ფარერები. ჯგუფი: პოლონეთი, ისლანდია, იტალია, ბულგარეთი. ჯგუფი: შვედეთი, ბელარუსი, ბოსნია, ნორვეგია. ჯგუფიხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, უკრაინა. ჯგუფი: სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძენთი. ჯგუფი: ჩეხეთი, ჰოლანდია, ავსტრია, თურქეთი. ჯგუფი: რუმინეთი, ესტონეთი, სლოვენია, პორტუგალია. 1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 5-8 ჯგუფებიდან – 1ფინალური ტურნირი: 28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში (უკვალიფიკაციოდ გასულები არიან დანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი)

Leave a Reply