ახალგაზრდული ნაკრები ემზადება

ხელბურთის ოცწლამდელთა ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის, რომელიც 8-10 აპრილს თბილისში გაიმართება. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან (სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძნეთი) ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გადის. დღეს გუნდმა საკონტოლო მატჩი გამართა საქართველოს კლუბების ნაკრებთან და ფრედ, 34-34 დაასრულა. 

ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიან ირაკლი კეკელიძე და გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი პორტნოი. გუნდმა თებერვალში უკვე გაიარა ორკვირიანი შეკრება სპორტკომპლექს არენაში, 14 მარტიდან კი ერთჯერადი ვარჯიშები აქვს იმავე დარბაზში.  

ირაკლი კეკელიძე: – დღეისათვის მწვრთნელების განკარგულებაშია 26 ხელბურთელი საქართველოს 7 კლუბიდან. შაბათ-კვირას გაიმართება კიდევ ორი საკონტროლო შეხვედრა, რომლის შემდეგაც 16 საუკეთესოს წავიყვანთ ხუთდღიან შეკრებაზე ბათუმში, სადაც გუნდი ივარჯიშებს ხელვაჩაურის დარბაზში და თეორიულ მეცადინეობებსაც გაივლის.  ბათუმიდან ნაკრები 29 მარტს გაფრინდება უკრაინაში, სადაც დაგეგმილია 3 ამხანაგური მატჩის გამართვა ქალაქ ბროვარიში, უკრაინულ კლუბებთან. აპრილის დასაწყისში თბილისში ვბრუნდებით და მზადების ბოლო ეტაპი გვექნება.

ანდრეი პორტნოი: – მზადება ნაყოფიერად მიდის. ჯერჯერობით ტრავმა აქვს მხოლოდ ხაზის მოთამაშეს, გიგა კოხრეიძეს, მცირე ტრავმა ჰქონდა ირაკლი კბილაშვილს და ამის გამო დღეს ვერ ითამაშა. 16-კაციან გუნდს შაბათ-კვირის თამაშების შემდეგ დავასახელებთ. გუნდში არის ერთი-ორი შედარებით პრობლემატური პოზიცია, მაგრამ კონკურენცია დიდია და საუკეთესოების შერჩევა არ გაგვიჭირდება. ბათუმში 16 კაცს წავიყვანთ, მაგრამ უკრაინული ტურნეს შემდეგ შემადგენლობაში შესაძლოა მცირე კორექტირებაც მოხდეს. განწყობა საბრძოლოა. ისრაელსა და საბერძნეთს უნდა მოვუგოთ და მესამე მატჩი სერბეთთან გვექნება. ვიბრძოლებთ ფინალურ ეტაპზე გასასვლელად!  

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 16 გუნდის მონაწილეობით,  28 ივლისიდან 7 აგვისტომდე გაიმართება დანიაში. 

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი. 16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 16:00 ისრაელი-საბერძნეთი, 18:00 სერბეთი-საქართველო

ახალგაზრდული ნაკრები, 20წ (1996+)

მეკარეები: ირაკლი ხიდეშელი (1996, -), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), გიორგი ხარაიშვილი (1998, იმედი თელავი), სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა), ნოდარ ლორია (1997, იმედი თელავი)

გარემარბები: ირაკლი გოგოლაძე (1996, სამტრედია), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), ვეფხია ზურაბიანი (997, სამტრედია), კარლო მათნაძე (1997, ქუთაისი), ვლადიმერ ბაძაღუა (1996, პეგასი), ლევან მამულაშვილი (1998, ქარიშხალა)

პივოტები: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ)

უკანა ხაზი: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), ამირან აბჟანდაძე (1996, პეგასი), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), გივი გიორგაძე (1996, სამტრედია), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი), ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (1998, გორი)

მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე (1972), ანდრეი პორტნოი (უკრ, 1960)

საკონტროლო მატჩი. 18 მარტი, არენა

საქართველო 20 – კლუბების ნაკრები 34-34

20წ (გოლები)ორჯონიკიძე 7, გოგოლაძე 5, ბულბულაშვილი 5, ფერაძე 4, გიორგაძე 3, არსენაშვილი 3, რუსტამოვი 2, ცხოვრებაძე 2, აბჟანდაძე 1, ზურაბიანი 1, მათნაძე 1  

კლ: ტორონჯაძე, სამყურაშვილი – მ. კობახიძე 9, გოგალაძე 6, გრიშიკაშვილი 5,  გ. კობახიძე 5, ტალახაძე 4, ოსიყმაშვილი 2, ჭელიძე 2, სურმავა 1, ჩაკვეტაძე, აგაჯანოვი – მწვ. ლ. სიხარულიძე

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა

20 ევროპის ჩემპიონატი 2016. კაცები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი. ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, კოსოვო. ლიტვა. ჯგუფი: შვეიცარია, მაკედონია, მონტენეგრო, ფარერები. ჯგუფი: პოლონეთი, ისლანდია, იტალია, ბულგარეთი. ჯგუფი: შვედეთი, ბელარუსი, ბოსნია, ნორვეგია. ჯგუფიხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, უკრაინა. ჯგუფი: სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძენთი. ჯგუფი: ჩეხეთი, ჰოლანდია, ავსტრია, თურქეთი. ჯგუფი: რუმინეთი, ესტონეთი, სლოვენია, პორტუგალია. 1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 5-8 ჯგუფებიდან – 1ფინალური ტურნირი:  28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში (უკვალიფიკაციოდ გასულები არიან დანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი)

Leave a Reply