საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა VALD SmartSpeed-ის სისტემაზე ტესტირება დაასრულა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას საქართველოში გადის, ვარჯიშებთან ერთად, რიგი სამედიცინო ტესტირებებიც გაიარა.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის და სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის მაღალი პერფორმანსის გუნდმა დღეს დაასრულა ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ტესტირება VALD SmartSpeed-ის სისტემაზე.

პროცესი საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით დაიგეგმა და ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში განხორციელდა.

ტესტირების ფარგლებში სპორტსმენები შეფასდნენ როგორც VALD-ის მაღალტექნოლოგიურ სისტემებზე, ასევე Senaptec Sensory Station-ზე, რაც მოიცავდა ფიზიკური შესაძლებლობების, სისწრაფის, რეაქციის, ხედვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მოძრაობის კოორდინაციის სრულყოფილ ანალიზს. მიზანი იყო ნაკრების თითოეული წევრის მზადყოფნის მაქსიმალურად ობიექტური შეფასება ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში.

VALD SmartSpeed-ის ტესტირებამ მოიცვა სპრინტის სისწრაფის, მიმართულების სწრაფი შეცვლის (COD) და ბურთთან ერთად შესრულებული COD ტესტები, რაც თანამედროვე ხელბურთში თამაშის ტემპის, აფეთქებითი მოძრაობებისა და სათამაშო რეაქციების შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტ ინსტრუმენტად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრები ამგვარ ტესტირებებს ინტერესით და ხალისით მოეკიდნენ. მეტიც, მათთვის ეს აზარტულიც კი გამოდგა.

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მალმოში (შვედეთი), 17 იანვარს ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს. მეორე შეხვედრაში, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია.

Leave a Reply