საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე“ რუმინეთს მოუგო
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა „კარპატების თასზე“ მეორე მატჩი ჩაატარა. ამჯერად მასპინძელ რუმინეთთან, რაც თავისთავად მშობლიურ კედლებში მოთამაშე გუნდთან შეხვედრას დაძაბულობას მატებდა.
ბაია მარეს „ლასკერ პანეს“ სპორტკომპლექსში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, რასაც მალევე ნიკოლოზ კალანდაძის გადაცემით ერეკლე არსენაშვილის გოლი მოჰყვა. დაახლოებით ორ წუთში გოლების ანგარიში კალანდაძემაც გახსნა.
სლოვაკეთთან გამხსნელი მატჩისგან განსხვავებით, ტიტე კალანდაძის გუნდს სასტარტო მღელვარება არ ჰქონია და ეს პირველი ნახევრის შედეგზეც აისახა – 16-14.
მეორე ტაიმის საწყის წამებში კალანდაძემ გოლების რაოდენობა გაზარდა, საქართველოს ნაკრებმა კი რუმინელებთან გოლების უპირატესობით მანძილი დაიჭირა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 30-27.
ორივე გუნდიდან კვლავაც საუკეთესო იყო ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც 11 ბურთი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა. ჩვენი გუნდიდან ექვსი ბურთით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ერეკლე არსენაშვილს.
უნდა აღინიშნოს მეორე ტაიმში გიგი რუხაძის დამაჯერებელი თამაში. გარდა იმისა, რომ 6 სეივი შემოგვთავაზა, ერთი გოლიც გაიტანა. გუნდის გამარჯვებაში 5 გატანილი ბურთით და ერთი ასისტით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე მირიან გავაშელიშვილმა.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 2 ნოემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.
საქართველოს ნაკრები:
გიგი რუხაძე (6 სეივი, 1 გოლი), დავით ნიქაბაძე (4 სეივი), ნიკოლოზ კალანდაძე (11 გოლი, 6 ასისტი), ერეკლე არსენაშვილი (6 გოლი), მირიან გავაშელიშვილი (5 გოლი, 1 ასისტი), ირაკლი კბილაშვილი (3 გოლი, 4 ასისტი), ხაზეინ რუსტამოვი (2), გიორგი არეშიძე (1 გოლი, 1 ასისტი), გიორგი დიხამინჯია (1), გიორგი ლაპიაშვილი (1 ასისტი), ვახტანგ ხელისუფალი, ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.