საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთან დამარცხდა
ისევე როგორც ეს იყო 2024 წლის ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს და შვედეთის გზები 2026 წლის კონტინენტის პირველობაზეც გადაიკვეთა და ამჯერადაც E ჯგუფში. სხვაობა ის არის, რომ დღეს შვედეთი თანამასპინძელია, საქართველოს ნაკრებს კი ახალბედას არავინ უწოდებს, ის სასტარტო მღელვარებაც გადალახული აქვს, მაგრამ ხელს უშლის მოკლე სკამი.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან “მალმო არენაზე” დაძაბულ შეხვედრაში 29-38 (15-20) წააგო. მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან, საქართველოს ნაკრებმა საბრძოლო ხასიათი და შეუპოვრობა აჩვენა, პლუს პროგრესი.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ხორვატიასთან წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ შეუძლია მაღალი დონის გუნდებთან ღირსეული ბრძოლა.
ტიტე კალანდაძის გუნდმა თავდაჯერებულად დაიწყო. მეორე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კალანდაძემ გახსნა, მეხუთე წუთისთვის გოლების გატანას შეუდგა გიორგი ცხოვრებაძეც, რომელიც საქართველოს შეტევის მთავარ იარაღად იქცა – 8 გოლი პირველ ტაიმში, რაც ორივე გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ტაიმის შუაში საქართველომ შეძლო ანგარიშის გათანაბრება (10-10), თუმცა ბოლო წუთებში შვედების გამოცდილება ხუთ გოლიან უპირატესობაში აისახა (15-20).
მეორე ნახევარში მასპინძლებმა ტემპი უფრო გაზარდეს და დაცვაში შეცდომებიც მინიმუმამდე დაიყვანეს.
სამწუხაროდ იყო 6 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც შვედებს გოლი ვერ გავუტანეთ. გარდა ამისა, 43-ე წუთისთვის ერეკლე არსენაშვილი დანიელ პეტერსონთან ორთაბრძოლაში მძიმედ დაშავდა – ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა, რაც საქართველოს ნაკრების ისედაც მოკლე სკამისთვის დიდი დარტყმა გამოდგა.
შედეგად მეტოქემ უპირატესობა უფრო გაზარდა და ცხრა ბურთიანი სხვაობით მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ხუთგზის ჩემპიონს 29 გოლი გაუტანა, რაც გათამაშების ფავორიტთან შეხვედრაში ღირსეული შედეგია.
11 გოლით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა საქართველოს ნაკრების 11 ნომერი, გიორგი ცხოვრებაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს, მანჰაიმში (გერმანია) მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შვედეთთან (26:42) წააგო.
საქართველოს ნაკრები 21 იანვარს, ჯგუფში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დაუპირისპირდება ნიდერლანდებს, რომელიც თავის მხრივ ხორვატიასთან 29-35 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (6 სეივი), დავით ნიქაბაძე (4 სეივი), გიგი რუხაძე, გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი (3), ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე (1), ირაკლი კბილაშვილი (4), გიორგი ცხოვრებაძე (11), ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე (5), დავით გრიშიკაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (1), გიორგი დიხამინჯია (3),
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე