საქართველოს ნაკრები ევროპულ სარბიელს დაუბრუნდა იმ მიზნით, რომ უფრო შორს წავიდეს
ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF), ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც დანარჩენ 23 მონაწილეს, ერთგვარი გაცნობითი ხასიათის ტექსტით მეგზურობას უწევს. კერძოდ, EHF საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, რომ ევრო-2024 საქართველოსთვის პირველი დიდი ტურნირი იყო, სადაც მათ ნამდვილად მოახდინეს შთაბეჭდილება.
„საქართველო ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა, თუმცა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ისტორიული გამარჯვება ნათლად აჩვენებდა, რომ უკან დაბრუნებას აპირებდნენ. მოგვიანებით ისინი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, მაგრამ ევროპულ სარბიელს დაუბრუნდნენ იმ მიზნით, რომ უფრო შორს წავიდნენ.
საქართველომ მესამე საკვალიფიკაციო ჯგუფში სამი გამარჯვება მოიპოვა: ორი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და ერთი საბერძნეთთან. გარდა ამისა, სამ შეხვედრაში დამარცხდნენ, თუმცა სამი გამარჯვება საკმარისი აღმოჩნდა ისლანდიის შემდეგ, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ბილეთების დასაჯავშნად.
ტიტე კალანდაძის გუნდი ახლა მალმოში ბრუნდება, სადაც მათი გზები კვლავ გადაიკვეთება შვედეთთან და ნიდერლანდებთან – იმავე მეტოქეებთან, რომლებსაც 2024-ში დაუპირისპირდნენ. იმ შეხვედრებში 26-42 და 29-34 წააგეს, მაგრამ ამჯერად უკვე მეტი გამოცდილებით, უფრო მკაფიო სტრუქტურით და შედეგების გაუმჯობესების ძლიერი სურვილით ბრუნდებიან. იქამდე საქართველოს ნაკრები მათთვის მეორე ევროპის ჩემპიონატს გახსნიან 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან ხორვატიასთან.
გუნდის მთავარი ძალა კვლავ გიორგი ცხოვრებაძეა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ნახტომით და გადამწყვეტ მომენტებში შეტევის გაძღოლის უნარით. მის გვერდით კვლავ იქნებიან გიორგი დიხამინჯია – საკვალიფიკაციო ეტაპის საკვანძო ფიგურა.“
***
ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი პირველად 1994 წელს ჩატარდა. სადებიუტო ევროპირველობას პორტუგალიამ უმასპინძლა და მასში 12 გუნდი მონაწილეობდა.
შემდგომში გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც სამი თანამასპინძელი – შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია ჰყავდა, პირველად წარდგა 24 გუნდი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფინალურ ეტაპს სამი ქვეყანა მასპინძლობდა.
დღემდე ევროპის ჩემპიონატებზე ექვს ქვეყანას უზეიმია ჩემპიონობა. მათ შორის, მედლების საერთო ცხრილს ხუთი ოქროს მედლით შვედეთი უდგას სათავეში. სკანდინავიელებს, ერთი ოქროს მედლით ჩამორჩება საფრანგეთი. ორ-ორი გამარჯვება აქვთ მოპოვებული ესპანეთს, დანიასა და გერმანიას, ერთხელ კი რუსეთმაც მოიპოვა ჩემპიონობა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს, ხორვატიასთან შეხვედრით შეუდგება, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.
საქართველოს ნაკრები: გიგი რუხაძე, გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ ცინცაძე, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე, დავით გრიშიკაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, გიორგი დიხამინჯია, დავით ნიქაბაძე
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე