საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ესპანეთში, “კოსტა დორადას” თასზე მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს

საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ეროვნულმა გუნდებმა „კოსტა დორადას“ თასის გათამაშებაზე გამოსვლა დაასრულეს.

ესპანური საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის ითამაშა ჭაბუკთა ნაკრებმა. გათამაშების ამ ეტაპზე ჩვენს გუნდს მეტოქედ ერგო „სანტ ბოის“ A გუნდი, რომელიც ერთი დღით ადრე „ხიხონის“ A გუნდთან დამარცხდა. „სანტ ბოისთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 26-23 გაიმარჯვა და 16 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

ერთი დღით ადრე მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, რომელმაც „სანტ ესტევე პალაუს“ 14-ბურთიანი უპირატესობით – 37-23 მოუგო და მეხუთე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპი ორ-ორი მოგებითა და თითო წაგებით მეორე ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებმა „კოსტა დორადას“ თასზე საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის.

ცნობისთვის, „კოსტა დორადას“ ტრადიციული ტურნირი, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი. საქართველო წარმოდგენილი იყო 16-წლამდელებში.

Leave a Reply