საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები ესპანეთში, „კოსტა დორადას“ თასზე ასპარეზობას შეუდგნენ
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ესპანეთში, „კოსტა დორადას“ თასზე ასპარეზობას შეუდგნენ. საერთაშორისო გამოცდილების შესაძენად საქართველო წარმოდგენილია როგორც გოგონათა, ისე ჭაბუკთა ნაკრებებით.
ტურნირი წარმატებით დაიწყეს ჭაბუკებმა – სარაგოსულ კლუბ „ლა ხოტას“ 22-21 მოუგეს.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს 30 მარტს ორი თამაში ელის, თავდაპირველად „ესკოლაპიოს“ წინააღმდეგ გავა მოედანზე, შემდეგ კი „ბარსელონას“ ეთამაშება.
სამწუხაროდ დებიუტი უშედეგო გამოდგა გოგონათა ნაკრებისთვის. ჩვენი გუნდი A ჯგუფის პირველ შეხვედრაში „ხიხონთან“ 19-31 დამარცხდა.
საქართველოს გოგონათა ნაკრები უკეთესი შედეგის მიღწევას 30 მარტს, კასტელდელფესის გუნდთან შეეცდება, შემდეგ კი „სანტ ბოის“ დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, „კოსტა დორადას“ ტრადიციული ტურნირი, რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად არის დაყოფილი. საქართველო 16-წლამდელებშია წარმოდგენილი.