
ლეგიონერები/საფრანგეთში ქართული დერბი შედგა. ხაზეინ რუსტამოვი ევროთასებს გამოეთიშა

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის ევროპის თასზეც. გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას.
საფრანგეთი
ხელბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული გამოდგა საფრანგეთის სტარლიგის მეშვიდე წრე. ნიკოლოზ კალანდაძის „პროვანს-ექსი“ ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლეს“ ეწვია. ქართველ ლეგიონერთა დუელი ფრედ (32-32) დასრულდა. მასპინძელთა რიგებში 24 წუთი ითამაშა არსენაშვილმა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა. გაცილებით დიდი სათამაშო დრო ჰქონდა კალანდაძეს, რომელმაც სამი ბურთი შეაგდო და 9 ასისტი შეასრულა.
სატურნირო ცხრილში „ტრამბლე“ 9 ქულით მე-5 ადგილზეა, „პროვანს-ექსი“ კი 6 ქულით – მე-8-ზე.
რუმინეთი
ევროპის თასის მეორე წრის განმეორებითი შეხვედრაც წარუმატებელი გამოდგა „კონსტანტასთვის“. პრაღის „დუკლასთან“ საპასუხო მატჩში გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო რუმინელთა ქართველმა ლეგიონერმა, რომელმაც მეტოქეს შვიდი ბურთი გაუტანა. სამწუხაროდ, რუსტამოვის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო მიზნის მისაღწევად. რუმინელები 31-33 დამარცხდნენ და ევროთასებს გამოეთიშნენ.
ხორვატია
ხორვატიის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში „ზაგრები“ „უმაგს“ ესტუმრა და მოლოდინისამებრ გაიმარჯვა. ითამაშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ. „ზაგრების“ გამარჯვებაში ქართველის წილი ოთხ გოლში და ხუთ ასისტში აისახა.
ხორვატებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე უწევთ. 22 ოქტომბერს “ზაგრები“ სეგედის „პიკს“ მიიღებს.
ისლანდია
ისლანდიის პრემიერლიგაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი დიხამინჯიამ და მისმა „აკიურეირმა“. ქართველი ლეგიონერის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ვალიური“ მიიღო და 33-28 დაამარცხა, რაშიც 12 გატანილი ბურთით ლომის წილი დიხამინჯიას მიუძღვის.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერ ლიგის მეშვიდე ტურში „ბუტელე სკოპიემ“ „სტრუგას“ უმასპინძლა და 30-27 დაამარცხა. სკოპიელთა რიგებში ითამაშა დავით გრიშიკაშვილმა, მაგრამ შედეგიანობით არ გამორჩეულა.
პოლონეთი
მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვია“ პოლონეთის სუპერლიგის მე-8 ტურში „ხრობრი გლოგუვთან“ გასვლით შეხვედრაში ერთი ბურთის სხვაობით (31-32) დამარცხდა. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი ასისტია.
ამავე ტურში ითამაშა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“, რომელმაც კვიდზინის MMTS 26-24 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მეკარის ანგარიშზე 14 სეივია.