ლეგიონერები/გიორგი დიხამინჯიამ ჩემპიონატში ექვსი ბურთი გაიტანა, თასზე – ხუთი. ასისტებში საუკეთესოა ნიკოლოზ კალანდაძე

სტარ ლიგის მე-15 ტური წარმატებული გამოდგა „ექს ან პროვანსისთვის“ და ნიკოლოზ კალანდაძისთვის. ქართველი ლეგიონერის გუნდმა სტარ ლიგის ბოლო ადგილოსანი „ისტრი“ მიიღო საკუთარ კედლებში და 28-24 დაამარცხა. კალანდაძემ მოედანზე 29 წუთი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი ასისტი შეასრულა.

ისლანდიის პირველობაზე გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირმა“ ქვეყნის ჩემპიონატის მე-15 ტურში „კოუპავოგიური“ მიიღო და 30-27 მოუგო. „აკიურეირის“ ქართველი ლეგიონერი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი შედეგიანი იყო. დიხამინჯიამ ექვსი ბურთი გაიტანა.

„აკიურეირისთვის“ წარმატებული იყო ისლანდიის თასის მეოთხედფინალიც. დიხამინჯიას გუნდმა „ფრამს“ უმასპინძლა და 30-25 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე ხუთი გოლია.

სუპერ ლიგის მე-16 ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოსა“ და „კალიშს“ შორის შეხვედრა ფრედ – 22-22 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია, აქ კი ცინცაძის გუნდი აღმოჩნდა საუკეთესო, რომელმაც 6-5 მოიგო. საქართველოს ნაკრების მეკარის ანგარიშზე 13 სეივია.

„ლეგიონოვომ“ მე-17 ტურის მატჩის ჩატარებაც მოასწრო. ცინცაძე და კომპანია „ვიბრჟეზეს“ ეწვია და 26-34 დამარცხდა. „ლეგიონოვოს“ ქართველი მეკარის აქტივში ოთხი სეივია.

„ოსტროვია“ და მირიან გავაშელიშვილი სუპერ ლიგის მე-17 ტურში „პიოტრკოვიანინს“ ეწვია და 29-21 მოუგო. თანაგუნდელებს ორი გოლით დაეხმარა გავაშელიშვილი.

„ბუტელე სკოპიემ“ ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერ ლიგის მე-18 წრეში „ალკალოიდს“ უმასპინძლა და 28-33 დამარცხდა. ითამაშა სკოპიელთა ქართველმა ლეგიონერმა დავით გრიშიკაშვილმა, რომლის მონაგარიც ერთ გოლში აისახა.

Leave a Reply