კენჭისყრამ ევრო-2028-ის შესარჩევისთვის საქართველოს მეტოქეები გამოავლინა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მისთვის მესამე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შემოდგომიდან შეეცდება. ცნობილია მეტოქეთა ვინაობაც, რომლებსაც ჩვენი უმთავრესი გუნდი დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ასპარეზობას 32 ქვეყნის ნაკრები შეუდგება. მათ შორის, 24 ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. აქედან ოთხი საგზურის მფლობელი წინდაწინვეა ცნობილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ევრო-2028-ის თანამასპინძელი ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია. ასე რომ, გამოსავლენია დარჩენილი 20 საგზურის მფლობელთა ვინაობა.

დღეს, ლისაბონში ევრო-2028-ის კენჭისყრა გაიმართა. წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, საქართველო ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) რეიტინგის გათვალისწინებით, მესამე კალათაში დაწინაურდა.

გუნდები 8 ჯგუფში, თითოეულში 4 წარმომადგენლით გადანაწილდა. ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები, ისევე როგორც ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ევრო საგზურის მაძიებელთა შორის არის საქართველოც, რომელსაც კენჭისყრის შედეგად მისთვის მესამე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ურთიერთობის გარკვევა მოუწევს ნორვეგიასთან, რომელიც პირველი კალათიდან გვერგო, ავსტრიასთან, რომელიც მეორე ჯგუფიდან ამოვიდა და თურქეთთან, რომელიც მეოთხე ჯგუფიდან შეგვხვდა.

ჯგუფური ეტაპი ნოემბერში აიღებს სტარტს, გაგრძელდება 2027 წლის მარტში და დასრულდება მაისში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ახალი მწვრთნელი გაუძღვება.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმზე, სადაც განიხილეს ეროვნული ნაკრების ბოლო პერიოდის მატჩები, ერთხმად გადაწყდა, რომ ნაკრებს სათავეში უნდა ჩაუდგეს უცხოელი მწვრთნელი, რომლის შერჩევაზე მუშაობაც უახლოეს ხანებში დაიწყება. რაც შეეხება ტიტე კალანდაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს, მათ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

Leave a Reply