თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერ ლიგაში ითამაშებს

ქართველი ხელბურთელი თეკლა ძამუნაშვილი ლეგიონერთა რიგებს შეუერთდა. „აკადემიის“ უკვე ყოფილ მოთამაშეს გულშემატკივარი სერბეთის ჩემპიონატის სუპერლიგაში მიადევნებს თვალს, სადაც ის კრუშევაცის „ნაპრედაკის“ ღირსებას დაიცავს.

სერბეთის ჩემპიონატის ბინადარმა კლუბმა გასული სეზონი (2025/26) მე-7 ადგილზე დაასრულა (10 მოგება, 1 ფრე და 11 წაგება). ქალთა ხელბურთის კლუბი „ნაპრედაკი“ (ŽORK Napredak) 1952 წლის 1 სექტემბერს დაარსდა. 1971 წელს „ნაპრედაკი“ იუგოსლავიის ხელბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ჩემპიონატში ჩაერთო და მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ძლიერ, ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა.

კლუბის ისტორიაში განსაკუთრებით გამორჩეული ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი იყო, როდესაც „ნაპრედაკი“ იუგოსლავიისა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბად იქცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული, რომელიც გუნდმა ამ პერიოდში მოიპოვა, 1989 წლის იუგოსლავიის თასია. გარდა ამისა, 1999 წელს კლუბმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის რანგით მესამე ტურნირი — „ჩელენჯ ქაფი“ (EHF Challenge Cup, დღევანდელი ევროპის თასი) მოიგო.

„ნაპრედაკი“, რომელმაც შემადგენლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს ნაკრების წევრი თეკლა ძამუნაშვილი დაიმატა, სერბეთის ჩემპიონატს 12 სექტემბერს, „პარტიზანთან“ მატჩით გახსნის.

„ჩვენს გუნდს 2007 წელს დაბადებული ნიჭიერი მოთამაშე, თეკლა ძამუნაშვილი შემოუერთდა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.

თეკლა, დიდ წარმატებასა და ლამაზ მომენტებს გისურვებთ მომავალ სეზონში. გვჯერა, რომ წინ ბევრი გამარჯვება და დაუვიწყარი წუთები გველოდება!“ – ასე გამოეხმაურა ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს „ნაპრედაკის“ ინსტაგრამგვერდი.

Leave a Reply