დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს პირველი ტრანსფერი მოყვა. დავით გრიშიკაშვილი, რომელიც დღემდე ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესი ლიგის „ბუტელე სკოპიეს“ ღირსებას იცავდა, იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს თამაშს. 18 წლის ქართველმა ხელბურთელმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა სიცილიურ „ალბატრო სირაკუზასთან“.

იტალიურმა კლუბმა ქართველი ლეგიონერის ტრანსფერს შემდეგი სიტყვები წაუმძღვარა: „ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე, გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და განვითარების სურვილით.“

„ალბატრო სირაკუზა“ იტალიის სერია A-ს 14-გუნდა ჩემპიონატში თამაშობს და 20 ქულით (10 მოგება და 5 წაგება) სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზეა.

სირაკუზელები იტალიის ჩემპიონატს 7 თებერვალს „სასარისთან“ გასვლითი შეხვედრით განაახლებენ.

„ძალიან კარგი შთაბეჭდილებები მაქვს იტალიის ჩემპიონატზე, ასევე ქვეყნისა და მისი ტრადიციებზე. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ქვეყანა, – დავით გრიშიკაშვილის სიტყვებს ახმოვანებს სიცილიური კლუბი. – როცა ალბატროში გადმოსვლის შანსი მომეცა, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია – ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ვისაც ამ გუნდზე ვეკითხებოდი, მხოლოდ დადებითს მეუბნებოდნენ.

აქ გადმოსვლამდე არაერთ თამაშს ვუყურე, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო გუნდზე.“

Leave a Reply