გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის სეზონის სადებიუტო მატჩშივე მოიპოვა გამარჯვება
C ჯგუფი
„ზაგრები“ (ხორვატია) 31:29 (14:12) „ცელიე პივოვარნა ლაშკო“ (სლოვენია)
ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი — ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით დაბრუნდა. გასული სეზონებისგან განსხვავებით, ამჯერად გათამაშებაში 24 გუნდი ჩაება.
მონაწილეთა შორის არის ჩემპიონთა ლიგის ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მისთვის მეორე სალიგო სეზონი ხორვატიის უძლიერესი კლუბის — „ზაგრების“ მაისურით დაიწყო, თანაც წარმატებით.
ზაგრებელებმა სეზონის სადებიუტო მატჩშივე მოიპოვეს გამარჯვება: სამწლიანი პაუზის შემდეგ ტურნირზე დაბრუნებულ სლოვენიურ „ცელიეს“ 31:29 სძლიეს. ამ წარმატებაში თავისი წვლილი 3 გოლით ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ „ცელიეს“ „ზაგრებისთვის“ ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული, ურთიერთშეხვედრებშიც მცირე უპირატესობას სლოვენიური მხარე ფლობდა (12 მოგება ხორვატთა 11-ის წინააღმდეგ). ამ გამარჯვებით კი „ზაგრებმა“ ურთიერთშეხვედრების ბალანსი გაათანაბრა.
დღესვე C ჯგუფში დანიურმა „ოლბორგმა“ უმასპინძლა პსჟ-ს. მატჩი ფრედ – 33:33 დასრულდა.
ცოტა რამ გათამაშების ფორმატზეც: განახლებული სისტემა ოთხეტაპიან ტურნირს ითვალისწინებს — ჯგუფური ეტაპი, მთავარი რაუნდი, მეოთხედფინალი და „ოთხთა ფინალი“. ცვლილებები უშუალოდ პირველ ორ ეტაპს ეხება და მეოთხედფინალებსა და „ოთხთა ფინალზე“ გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, ახალი ფორმატის წყალობით, ჩემპიონთა ლიგაზე რვით მეტ გუნდი თამაშობს.
- ჯგუფური ეტაპი: ტურნირში 24 გუნდი ჩაება, რომლებიც ოთხ-ოთხ გუნდად ექვს ჯგუფში (A, B, C, D, E, F) არიან გადანაწილებული. ჯგუფების საუკეთესო ორ-ორი გუნდი მთავარ რაუნდში გავა, ხოლო დანარჩენი 12 კლუბი ბრძოლას EHF-ის ევროპა ლიგის პლეი ოფში გააგრძელებს.
- მთავარი რაუნდი: I ჯგუფში ჯგუფური ეტაპის A, B და C ჯგუფებიდან გასული ექვსი გუნდი მოხვდება, ხოლო II ჯგუფში — D, E და F ჯგუფების ექვსი წარმომადგენელი.
- შემდგომი ეტაპი: მთავარი რაუნდის ორივე ჯგუფის I-IV ადგილოსნები მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო მეხუთეადგილოსნები EHF-ის ევროპა ლიგის მერვედფინალში გადაინაცვლებენ. მთავარ რაუნდში ჯგუფის ბოლო ადგილოსნები კი ევროთასების მიმდინარე სეზონს დაემშვიდობებიან.