გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
იმისთვის, რომ „ზაგრებს“ და მის ქართველ ლეგიონერს, გიორგი ცხოვრებაძეს ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის გათამაშებაში ფლეი-ოფის შანსები შეენარჩუნებინათ, აუცილებელი იყო ბალკანურ დერბიში ჩრდილოეთ მაკედონიური „ეუროფარმ პელისტერის“ დამარცხება.
გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-10 ტურში გასარკვევი იყო, ზაგრებელები სეზონის ბოლო შეხვედრაში მაინც თუ შეძლებდნენ პირველი გამარჯვების მოპოვებას, თუ სეზონის განახლებამდე, 2026 წლის თებერვლამდე გადაავადებდნენ პირველ წარმატებას.
მომავალ წლამდე ლოდინი საჭირო არ გახდა. „ზაგრებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი და დამაჯერებელი გამარჯვება (27-23) მოიპოვა და ამაში წვლილი ხორვატთა ქართველ ლეგიონერსაც მიუძღვის.
გიორგი ცხოვრებაძემ მატჩი ძირითადში დაიწყო და ზაგრებელთა მხრიდან გახსნა გოლების ანგარიში. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სამი გოლი გაიტანა და ორი ასისტი შეასრულა. კარგი იყო ისიც, რომ ზაგრებელთა ახალი დამრიგებელი, ნენად შოშტარიჩი ქართველ ლეგიონერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბოლომდე ენდო.
“ზაგრები” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს გაისად, 18 თებერვალს, პსჟ-ის მასპინძლობით განაახლებს.