„ბარსელონამ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა

„ბარსელონას“ ხელბურთელებმა მორიგი ჯილდო დაისაკუთრეს. ესპანური ხელბურთის გრანდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მოქმედი ჩემპიონი, უნგრული „ვესპრემი“ დაამარცხა და გათამაშების ტრიუმფატორი გახდა. „ბლაუგრანამ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა (2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ტურნირი, რომელსაც „სუპერ გლობუსის“ სახელითაც მოიხსენიებენ, უმასპინძლა ეგვიპტის ახალმა ადმინისტრაციულმა დედაქალაქმა (კაიროს აღმოსავლეთით შენდება და ოფიციალური სახელი ჯერ არ აქვს. ამ დროისთვის, მას მხოლოდ მისი ფუნქციის აღმნიშვნელი სახელით მოიხსენიებენ).
კარლოს ორტეგას გუნდმა მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად ითამაშა. ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტურ „ზამალეკს“ (47-25) და ბრაზილიურ „ტაუბატეს“ (41-22) მოუგო, ნახევარფინალში კი მასპინძელთა და ზოგადად აფრიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ „ალ-აჰლის“ დაუპირისპირდა და 26-21 გაიმარჯვა.
„ვესპრემთან“ ფინალი დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო 21-21 დასრულდა. ჩემპიონის ბედი ორმა დამატებითმა ტაიმმა გადაწყვიტა, რომელიც „ბარსელონამ“ ერთი ბურთის სხვაობით – 31-30 მოიგო და თასიც აღმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელბურთის ფედერაცია „ბარსელონასთან“ თანამშრომლობის გზებს განიხილავს. პროექტის თანახმად, ესპანური გრანდის წამყვანი სპეციალისტები, ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს შესთავაზებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსებს. ასევე განიხილება სამწვრთნელო შეკრებები, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.
ამ მხრივ, ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს საქართველოს 16-წლამდე ნაკრების გამორჩეული მოთამაშეების, ლევან ტვილდიანის და ერეკლე იაშვილის, ასევე მწვრთნელების – გიორგი გვაზავასა და ვეფხია ზურაბიანის ბარსელონაში გამგზავრება.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელები “ბარსელონას” აკადემიაში თანატოლებთან ერთად ივარჯიშებენ, მათი მწვრთნელები კი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გაივლიან.
მიზანი, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებისათვის საქართველოს ნაკრებების მომზადებაა.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ახალგაზრდა ხელბურთელთა ევროპული სტანდარტებით განვითარების გზას ადგას. ამის დასტურია ესპანელებთან თანამშრომლობა, მათ შორის, „ბარსელონას“ აკადემიასთან.