შეხვედრა პარლამენტის სპორტის კომიტეტთან
პარლამენტის სპორტის კომიტეტში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ 2023 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ხელბურთის ფედერაციის დევიზია „იცხოვრე ხელბურთით“ და შესაბამისად, აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სპორტის სახეობის პოპულარიზაციის და განვითარებისთვის სპეციალური პროგრამები ხორციელდება.
ვახტანგ მეიფარიანის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის „სახალისო ხელბურთის“ სემინარები და პრაქტიკული ტრენინგები ეწყობა, სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 20 სემინარის შედეგად, 250-მდე სკოლის 400 მასწავლებელი გადამზადდა და 200 მასწავლებელს საერთაშორისო ლიცენზია მიენიჭა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6 ჩემპიონატი იმართება.
ფედერაციის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრები 9 მაისს, საქართველო-ავსტრიის მატჩზე დაპატიჟა.
ხელბურთის ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაფინანსების საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია, ხელბურთის განვითარებისთვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის და საწვრთნელი ბაზების გამოყოფა.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და გაწეული საქმიანობისთვის ფედერაციის პრეზიდენტს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა და სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 2023 წლის საუკეთესო გუნდად დასახელება მიულოცა. მისივე შეფასებით, ფედერაციას თუ შესაბამისი მხარდაჭერა ექნება სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდება და არაერთი წარმატებული ხელბურთელი გაიზრდება.