ვულოცავთ იმედო ფხაკაძეს
ზუსტად 78 წლის წინ, 1942 წლის 20 ნოემბერს დაიბადა იმედო ფხაკაძე – კაცი, ვინც 60 წელიწადია, ემსახურება ქართულ ხელბურთს.
იმედოს ღვაწლი განუზომელია: როგორც მოთამაშე, ის იყო თბილისის ქარიშხალას (ჩათვალე, მაშინდელი საქართველოს ნაკრების) ერთ-ერთი ლიდერი, სსრკ ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე.
მოთამაშის ხანგრძლივი, 12-წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ იმედო ფხაკაძე ქარიშხალას მთავარი მწვრთნელი გახდა და გამოზარდა ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე.
2012 წლიდან ფხაკაძე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და კვლავაც ქართული ხელბურთისთვის, მისი აღორძინებისთვის მუშაობს.
ფედერაციის სახელით, დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს შორის უხუცეს და უკეთილშობილეს ადამიანს, უფროს მეგობარს – ვუსურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და ქვეყნის, ჩვენის სპორტის სამსახურში დიდხანს, აქტიურად ყოფნას…