გავაშელიშვილის პირველი გოლები
მაკედონიის ჩემპიონატში მეორე მატჩი მოიგო ქართველი ხელბურთელების კლუბმა პრილეპმა, რომელმაც 41-32 დაამარცხა მლადოსტი.
პრილეპის ძირითადი მარცხენა ინსაიდი ფილიპ ჩურლესკი მეორე ტურის შემდეგ ფინურ კლუბში გადავიდა, მოედანზე მისი ადგილი კი 20 წლის მირიან გავაშელიშვილმა დაიკავა. შედეგად, სასტარტო შვიდეულში ოთხივე ჩვენიანი იყო: მეკარე ცინცაძე, კუთხეებში ხაზეინ რუსტამოვი და რევაზ ჭანტურია, უკანა ხაზში – გავაშელიშვილი, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში ამ თამაშში და მაკედონიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. სულ გავაშელიშვილმა გაიტანა სამი, რუსტამოვმა – 5 (სამ მატჩში – 13), ჭანტურიამ – 4 (14).
პრილეპს სამი მატჩიდან 6 ქულა აქვს. B ჯგუფში უდანაკარგოდ მხოლოდ ორი გუნდია – სკოპიეს ბუტელი და მეტალურგი (9-9 ქულა), შემდეგ მოდის პრილეპი. ორწრიანი ტურნირის შემდეგ სწორედ 3-3 გუნდი გადის ფინალურ ეტაპზე და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მომდევნო ტურში პრილეტი სტუმრად ეთამაშება ტიკვეშს, შემდეგ კი მასპინძლობს ბუტელს.