ქართველების 8 გოლი მაკედონიაში
დაიწყო მაკედონიის სუპერლიგა ხელბურთში. პრილეპმა, სადაც საქართველოს ნაკრებების 4 მოთამაშე ირიცხება, პირველი მატჩი 21-28 წააგო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ სკოპიეს მეტალურგთან.
პრილეპში სეზონის წინ 4 ქართველი ჩაირიცხა, მათგან სამმა კი თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო. მასპინძელთა გუნდში საუკეთესო იყო მეკარე ზურაბ ცინცაძე, ხოლო 4-4 გოლი გაიტანეს ჩვენმა გარემარბებმა, რევაზ ჭანტურიამ და ხაზეინ რუსტამოვმა. ეს ორი ყველაზე შედეგიანი იყო პრილეპში ფილიპ ჩურლევსკისთან ერთად. მეორე ტაიმი თითქმის შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 20 წლის გამთამაშებელმა მირიან გავაშელიშვილმა.
მეორე მატჩს პრილეპი 18 სექტემბერს თამაშობს რაბოტნიჩკისთან.
მაკედონიის წლევანდელი ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. პირველ ეტაპზე ორ ჯგუფად გაყოფილი 14 გუნდი თამაშობს. პრილეპის ჯგუფში არიან მეტალურგი, რაბოტნიჩკი, ბუტელ სკოპიე, მლადოსტ ბოგდანცი, ტიკვეში და ეუროფარმ პელისტერ-2. მეორე ჯგუფში: ოჰრიდი, სტრუგა, პროლეტი, რადოვიში, ასტარიონი, კისელა ვოდა, კლუბ 7. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას 3-3 გუნდი გააგრძელებს სკოპიეს ვარდარსა და ეუროფარმ რაბოტნიკთან ერთად.