ახალგაზრდული ნაკრების განრიგი ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იანვარში ევროპის ჩემპიონატს თამაშობს ლატვიაში. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ტურნირის განახლებული განრიგი.
ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა. ამის შემდეგ თავდაპირველი წილისყრით A ჯგუფში მოხვედრილი ბელგიის ნაკრები B ჯგუფში გადაიყვანეს და ორივე ჯგუფში 5-5 ნაკრები ითამაშებს.
საბოლოოდ, ჩვენი მეტოქეები არიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია და ბრიტანეთი, ხოლო B ჯგუფში არიან ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, კოსოვო და ბელგია.
ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფურ ეტაპს იწყებს 8 იანვარს, ბრიტანეთთან მატჩით, მეორე სათამაშო დღეს ისვენებს, 10 იანვარს შეხვდება თურქეთს, 11 იანვარს ტურნირზე დასვენების დღეა, 12 იანვარს ვეთამაშებით რუმინეთს, ხოლო 13 იანვარს მასპინძელ ლატვიას.
ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებულები ბრძოლას გააგრძელებენ პირველობისთვის, მე-3-4 ადგილზე გასული გუნდები გაითამაშებენ პლეიოფს მე-5-8 ადგილებისთვის, ხოლო ჯგუფებში ბოლო ადგილზე დარჩენილი ნაკრებები მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ. ნახევარფინალები 15 იანვარსაა, ფინალი – 16 იანვარს. ჩემპიონატის გამარჯვებული მიიღებს 2021 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირდაპირ საგზურს. ეს შეჯიბრება აგვისტოშია დანიშნული.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები არიან ტიტე კალანდაძე და გიორგი სახვაძე. 2018 წელს, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ამ თაობის, 2000-01 წლებში დაბადებულთა გუნდმა, მე-7 ადგილი დაიკავა.
გუნდმა 2019-20 სეზონში სამი საწვრთნელი შეკრება უკვე ჩაატარა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ონლაინ-ვარჯიშებს დასჯერდა, სექტემბრიდან კი მზადებას განაახლებს. ნაკრების კანდიდატთაგან რამდენიმე უცხოურ კლუბებში თამაშობს: გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი), კახა ჩადუნელი (ლემგო, გერმანია), მირიან გავაშელიშვილი (პრილეპი, მაკედონია).
ანალოგიურ, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 25-31 იანვარს გამართავს მაკედონიაში. თავდაპირველი მონაცემებით ამ ტურნირზე 8 გუნდი უნდა გამოსულიყო, თუმცა, ხელახალი, პანდემიის შემდგომი რეგისტრაციის შედეგები და ზუსტი განრიგი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2020. კაცები 20 წ.
8-17 იანვარი 2021. რიგა, ლატვია – ოლიმპიკ სპექტრუმ არენა
A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი
8 იანვარი: საქართველო – ბრიტანეთი, რუმინეთი – ლატვია
9 იანვარი. ბრიტანეთი – რუმინეთი, ლატვია – თურქეთი
10 იანვარი. თურქეთი – საქართველო, ლატვია – ბრიტანეთი
12 იანვარი. თურქეთი – ბრიტანეთი, საქართველო – რუმინეთი
13 იანვარი. რუმინეთი – თურქეთი, საქართველო – ლატვია
B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, კოსოვო, ბელგია
15 იანვარს – ნახევარფინალი, 16 იანვარს – ფინალი
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს
ევროპის ჩემპიონატი 2020. კაცები, 18 წ. 25–31 იანვარი 2021, მაკედონიაში
A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი
B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს