1969: ფოთელი გოგონების სამი გამარჯვება
ქართული ხელბურთის ისტორიიდან
ფოთის ქალთა გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ხელბურთის ტრადიცია კი ამ ქალაქში წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს. დღეს გვინდა გიამბოთ შორეული 1969 წლის ამბები, როდესაც ფოთის გოგონათა გუნდმა ერთბაშად სამი ტურნირი მოიგო – ჯერ საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა შორის, შემდეგ – საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იმავე ასაკობრიv კატეგორიაში, წლის ბოლოს კი კიდევ ერთი საკავშირო შეჯიბრება – კონსტიტუციის თასის გათამაშება ქალაქებს შორის.
ეს ყველაფერი დაწვრილებითაა მოთხრობილი გაზეთ ლელოს 1969 წლის 24 დეკემბრის ნომერში.
სტატიის სათაური: ასე განაგრძეთ!
ფოთის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა წლეულს მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა. ამ კოლექტივმა ჯერ რესპუბლიკაში უძლიერესის სახელი მოიხვეჭა, მერე საკავშირო ჩემპიონობა დაისაკუთრა, ამას წინათ კი კოსტიტუციის თასის საკავშირო გათამაშებაში გაიმარჯვა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა გუნდისთვის, რომელიც სულ სამიოდე წელია, არსებობს. ჩვენმა კორესპონდენტმა ინახულა ყველა ამ წარმატების მოწმე, ფოთის ახალგაზრდობის სპორტსკოლის დირექტორი ოთარ ბუაძე და სთხოვა მას ეამბნა გზაზე, რომელმაც ზღვისპირა ქალაქის გოგონები წარმატებამდე მიიყვანა.
– პატივცემულო ოთარ, როგორია გუნდის შექმნის ისტორია?
– მას ისტორია არც შეიძლება ეწოდოს, რადგან კოლექტივი სულ რაღაც მესამე წელს ითვლის. რკინიგზის მე-16 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს აღმზრდელობით დარგში, ქეთევან გაგულიას თავის დროზე კალათბურთი იტაცებდა, ქალაქის ნაკრების წევრი იყო და მაშინ პირველი თანრიგის ნორმატივიც შეასრულა. ამ სამიოდე წლის წინ მან განიზრახა გოგონებისთვის ხელბურთი ესწავლებინა. ბავშვთა სპორტსკოლაში ამ სურვილს მოწონებით შეხვდნენ და ქეთევანს ერთი ჯგუფი დაუთმეს. იგი კარგა ხანს არჩევდა ქალაქის სკოლებში ხელბურთით დაინტერესებულ გოგონებს.
– როდის მოიპოვა გუნდმა პირველი წარმატება?
– წლეულს 1953-54 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ ტურნირში ჩვენებმა უძლიერესის სახელი მოიხვეჭეს და საკავშირო პირველობაში მონაწილეობის უფლება მიიღეს. საკავშირო ტურნირი ორ ეტაპად უნდა გამართულიყო: ნახევარფინალური შეხვედრები საგაზაფხულო, ხოლო ფინალური – ზაფხულის არდადეგების პერიოდში ტარდებოდა.
– რა შედეგებით გამოვიდნენ ფოთელი გოგონები ნახევარფინალში?
– ივანო-ფრანკოვსკში ფოთელთა მეტოქეები იყვნენ მოლდავეთის, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთისა და ესტონეთის ტურნირებში გამარჯვებული კოლექტივები. ჩვენებმა იქ ფრედ დაამთავრეს ორი შეხვედრა კიევისა (9-9) და ერევნის (7-7) გუნდებთან. მოლდავეთის ნაკრებს მათ იოლად მოუგეს (27-3), შემდეგ მინსკის გუნდი დაამარცხეს (17-14), ძნელ ბრძოლაში სილამიაეს კოლექტივსაც სძლიეს (9-8) და ფინალში ოქროს ქულით გავიდნენ.
– კიდევ ვინ გავიდა ფინალში?
– ფოთელთა ქვეჯგუფიდან – სილამიაეს კოლექტივი, დანარჩენი ნახევარფინალური ჯგუფებიდან – მოსკოვის, ბაქოს, რიგისა და ტაშკენტის გუნდები.
– საკავშირო ფინალამდე დიდი დრო იყო. მანამდე როგორ ვარჯიშობდნენ ქეთევანის გოგონები?
– ინტენსიურად, რადგან მოსწავლეთა რესპუბლიკურ სპარტაკიადაში უნდა ეცადათ ძალა. აქ მათ უფრო „ხნიერებთან“ შეჯიბრებაში მეორე ადგილი მოიხვეჭეს, შემდეგ პროფკავშირთა მეხუთე რესპუბლიკურ სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაისაკუთრეს. ერთი სიტყვით, მათ მეორე და მესამე ადგილები უკვე ჰქონდათ და ახლა საკავშირო პირველობის მოგებაზე ოცნებობდნენ.
– ფინალი სად ჩატარდა?
– სილამიაეში, და, უნდა ითქვას, შესანიშნავადაც. ესტონეთის ამ პატარა ქალაქში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საკავშირო ტურნირის მონაწილეებს წვრთნისა და ასპარეზობის საუკეთესო პირობები ჰქონოდათ. სხვათა შორის, სილამიაელები საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ.
– ჩვენი სპორტსმენებისთვის როგორ წარიმართა ბრძოლები?
– რა თქმა უნდა, ნახევარფინალურ შეჯიბრებასთან შედარებით, აქ მათ უფრო ძლიერ მეტოქეებთან ჰქონდათ საქმე, ერთი მატჩი წააგეს კიდეც – მოსკოვის გუნდთან დამარცხდნენ (7-8), მაგრამ სხვა კოლექტივებს აჯობეს, თანაც, მეტოქეთა კაში სამივეჯერ 15-15 გოლი გაიტანეს. ბაქოელებსა და რიგის გუნდებს ჩვენებმა ერთნაირი ანგარიშით (15-10) მოუგეს, ტაშკენტის გუნდს – 15-11 და ოქროს მედლებიც მოიხვეჭეს. მოსკოველებს, რომლებიც მესამე ადგილზე დარჩნენ, ბაქოელებმა აჯობეს.
– სულ ახლახან შევიტყვეთ ფოთელი გოგონების როსტოვში გამარჯვების ამბავი. რა ტურნირი ჩატარდა იქ და ვინ მონაწილეობდა?
– დონის როტოვის სპორტდარბაზ „ექსპრესში“ რამდენიმე დღეს გაგრძელდა 15-16 წლის გოგონათა საკავშირო ტურნირი კოსტიტუციის თასზე. შეჯიბრება საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ორგანიზატორებმა მიიწვიეს ჩვენი ქვეყნის 1967 წლის ჩემპიონი – მინსკის გუნდი, წლევანდელი ჩემპიონი – ფოთის კოლექტივი, რუსეთის წლევადელი ჩემპიონი – როსტოვის გუნდი, მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი უკრაინის კოლექტივი, აგრეთვე სხვადასხვა შეჯიბრების პრიზიორები – რიგის, სილამიაეს, კალინინგრადის, მოსკოვის ოლქის, ვორონეჟის, კრასნოიარსკის, ბრიანსკისა და სტავროპოლის წარმომადგენლები. სულ 14 კოლექტივმა მოიყარა თავი.
– როგორი იყო გათამაშების სისტემა?
– ტურნირის ჩატარებისთვის დიდი დრო არ გამოუყვიათ, ამიტომ თავდაპირველად გუნდები 4 ქვეჯგუფად დაყვეს, საიდანაც 2-2 უძლიერესი ქმნიდა 2 ნახევარფინალურ ჯგუფს, ნახევარფინალებში 2-2 საუკეთესო კი ერთმანეთში ერთ წრედ გაითამაშებდა თასს.
– როგორ მიმდინარეობდა შეხვედრები?
– ფოთელები წინასწარი ტურნირის „ა“ ქვეჯგუფში მოხვდნენ. მათ აქ იოლად დაამარცხეს კალინინგრადის (24-9) და მოსკოვის ოლქის (26-10) გუნდები. სამაგიეროდ, მასპინძელთა პირველ კოლექტივთან შეხვედრა მათთვის ძალზე დაძაბული გამოდგა. უკვე ექვსიოდე წუთის შემდეგ როსტოველები იგებდნენ – 4-1, მაგრამ ფოთელები არ დაიბნენ, ჯერ მდგომარეობა გამოასწორეს, შემდეგ კი გამარჯვებაც იზეიმეს – 13-12.
ჩვენები როსტოველებთან ერთად ნახევარფინალში გავიდნენ და იქ როსტოვის გუნდთან თამაშის შედეგი გადაჰყვათ. ნახევარფინალში ფოთელებს შეხვედრები ჰქონდათ კიევისა და კრასნოიარსკის ხელბურთელებთან. ორივე მატჩი ჩვენებმა მოიგეს 15-10 და 26-11. ამ გუნდებს როსტოველებმაც აჯობეს, ამიტომ ფინალში ფოთისა და როსტოვის დუეტი შევიდა. ფინალისტთა მეორე წყვილი შეადგინეს სილამიაესა და მინსკის კოლექტივებმა. თავიდან მინსკელები „ბ“ ქვეგუფში გამოდიოდნენ, სილამიაელები – „გ“ ქვეჯგუფში. ნახევარფინალში სილამიაელმა ხელბურთელებმა მოუგეს ჯერ მინსკის, შემდეგ კი ბრიანსკისა და რიგის გუნდებს. თავის მხრივ, მინსკელებმაც იმარჯვეს რიგელ და ბრიანსკელ თანატოლებთან შეჯიბრებაში.
– ფინალურ ბრძოლებზე რას იტყვით, რომელი შეხვედრა იყო ყველაზე საინტერესო?
– მინსკელი და ფოთელი გოგონების მატჩის პირველი ტაიმი ჩვენებმა წააგეს – 3-6. შესვენებაზე მწვრთნელმა აღსაზრდელებს კარგად გაურჩია თამაში, ნაკლოვანებებზე მიუთითა, ასწავლა, როგორ უნდა შეეტანათ მატჩში გარდატეხა. ბავშვებმა დიდი ნებისყოფა გამოავლინეს და მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანეს. თამაში ფრედ დასრულდა – 7-7.
ბოლო შეხვედრა ჩვენებს სილამიაელებთან ჰქონდათ. მანამდე მინსკელებმა როსტოვის პირველ გუნდს მოუგეს (14-12), სილამიაელებმა – მინსკისა (12-11) და როსტოვის (16-11) წარმომადგენლებს. ერთი სიტყვით, სილამიაეს ჩვენთან შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც პირველობა განაღდებული ჰქონდა… და აი, ფოთელებმა დაამტკიცეს, რომ ჩემპიონები შემთხვევით არ გამხდარან – მათ მეტოქე დაამარცხეს ანგარიშით 13-12 და თასი დაისაკუთრეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბოლო წუთზე მანანა ალანიამ პენალტი მოიგერია.
– ვის გამოყოფდით გამარჯვებული გუნდიდან?
– მანანა ალანიამ და მერი ჯოლიამ საუკეთესო მეკარისა და მარჯვენა გარემარბისთვის დაწესებული პრიზები დაისაკუთრეს. კარგად ითამაშეს აგრეთვე მანანა კუპრეიშვილმა, დარეჯან გეფერიძემ, ელენე როჟკოვამ და საერთოდ, მთელმა გუნდმა.
– როგორია გუნდის სამერმისო გეგმები?
– იანვრის არდადეგებზე ფოთში მოსწავლეთა რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება. აქ გამარჯვებულები საზაფხულო არდადეგებზე საკავშირო პირველობის ნახევარფინალში იასპარეზებენ. გოგონები – ფოთში, ჭაბუკები – სილამიაეში. ცხადია, ფოთელები გაისისთვის წლევანდელი წარმატების განმეორებაზე ფიქრობენ.
რ. ღვამიჩავას ფოტოებზე: ფოთის გოგონათა გუნდი (მარცხნიდან) – მ. კუპრეიშვილი, ე. როჟკოვა, მ. ტუღუში, დ. გეფერიძე, ქ. გაგულია (მწვრთნელი), მ. მიქელაძე, მ. ჯოლია, ე. ივანოვა, მ. შევერიოვა. სხედან – მ. ალანია და თ. მენაბდე; კიეველებთან შეხვედრაში ბურთს ტყორცნის გეფერიძე
გაზეთი ლელო, 24 დეკემბერი, 1969
ამ გამარჯვებების ერთ-ერთ შემოქმედი, დარეჯან გეფერიძე დღესაც ქართული ხელბურთის სამსახურშია. ფოთის საპატიო მოქალაქესა და სახელბურთო კლუბ „ოქროს ვერძის“ მთავარ მწვრთნელს, კომენტარისთვის შევეხმიანეთ:
დარეჯან გეფერიძე, სპორტის ოსტატი: – რა თქმა უნდა, 1969 წელი დაუვიწყარი იყო ჩვენი გუნდისთვის. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ესტონეთიდან დაბრუნება საბჭოთა კავშირის ჩემპიონის რანგში, როცა აეროპორტში თითქმის მთელი ფოთი დაგვხვდა.
ესტონეთსა და როსტოვში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: მანანა ალანია, თამარ მენაბდე, მირანდა კუპრეიშვილი, ვალენტინა (მერი) ჯოლია, დარეჯან გეფერიძე, ელენე როჟკოვა, ლამზირა კუცია, მარინა ივანოვა, მანანა შევერიოვა, მარინა მიქელაძე, მარინა ტუღუში, ქეთევან ჯალაღონია, ნანული არაბოვა, ანა გოგსაძე – ყველანი ფოთელები ვიყავით. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ქეთევან გაგულია, გუნდის წარმომადგენლები – ბორის გოგიჩაიშვილი და ოთარ ბუაძე.
ამ გუნდიდან მომავალში თბილისის ქარიშხალაში და საქართველოს ქალთა ნაკრებში ვთამაშობდით: მირანდა კუპრეიშვილი, ვალენტინა ჯოლია, ელენე როჟკოვა, მანანა ალანია და მე.
კიდევ მინდა რამდენიმე წარმატებული ტურნირი გავიხსენო: 1973 წელს ლვოვში, პირველ საკავშირო ახალგაზრდულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 1979 წელს ქალთა ნაკრები მეექვსე ადგილზე გავიდა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე, სადაც რამდენიმე ძლიერი უცხოური ნაკრებიც თამაშობდა. ამ შედეგისთვის სპორტის ოსტატის წოდება მოგვენიჭა. შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ 1979 წელს, სპარტაკიადის ტურნირზე, საქართველოს ქალთა გუნდმა დაამარცხა ნორვეგიის ნაკრები, მომავალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.
მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. როგორც ხედავთ, ქალთა ხელბურთს საქართველოში საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. ყველანი მოუთმენლად ველით გოგონათა მომავალ ორ დიდ შეჯიბრებას, რომლებიც თბილისსა და ბათუმში უნდა გაიმართოს – 2021 წლის ევროპისა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატებს.