ჩიქოვანის გუნდმა ლიდერი დაამარცხა
რუმინეთის ჩემპიონატის მთავარ მატჩში ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა, კონსტანცამ 27-26 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი ბუქარესტის დინამო. ქართველმა ხელბურთელმა 5 გოლი გაიტანა.
კონსტანცა და დინამო შარშანდელი პირველობის ფინალისტები არიან. ბუქარესტის გუნდი წლეულსაც დამაჯერებლად ლიდერობს რუმინეთის ჩემპიონატს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე წაუგებლად დასძლია პირველი ეტაპი და მერვედფინალში მოსახვედრად პლეიოფი აქვს სათამაშო ლისაბონის სპორტინგთან.
დინამოსთან გამარჯვებით კონსტანცამ ცამეტამდე აიყვანა წაუგებელი მატჩების სერია. გუნდი უკანასნელად დამარცხდა 2019 წლის 2 ოქტომბერს, ამის შემდეგ კი რუმინეთის ჩემპიონატში, ქვეყნის თასზე და EHF თასზე 10 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. დინამოსთან ჩიქოვანი ერთ ერთი საუკეთესო იყო, მასზე მეტი, 7 გოლი მხოლოდ თანაგუნდელმა, ჩიპრიან სანდრუმ გაიტანა.
გამორიცხული არაა, დინამო და კონსტანცა ერთმანეთს რუმინეთის თასის ფინალშიც შეხვდნენ. გადაწყდა, რომ ფინალური ოთხეულის ტურნირი კონსტანცაში გაიმართება 4 და 5 აპრილს. ნახევარფინალში კონსტანცა ხვდება თასის შარშანდელ მფლობელ ტიმიშოარას, ხოლო დინამო ბუკურეშტი – ბაკეუს.
ხელბურთი. რუმინეთი, ეროვნული ლიგა. 16 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1.დინამო ბუკურეშტი 39 ქულა, 2. პოტაისა ტურდა 32, 3. CSM ბუკურეშტი 29, 4. სტიაუა 29, 5. ბაია მარე 28, 6. კონსტანცა 27, 7. კელერაში 25, 8. ტიმიშოარა 23 – 9. ფოჩანი 22, 10. ფეგერაში 19, 11. ვასლუი 18, 12. ბაკეუ 16, 13. ბუზაუ 10, 14. რეშიცა 7 (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის ფინალურ ეტაპზე)