ზურაბ კაკაბაძე: მომავალში შედეგები უკეთესი იქნება

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად და უწინდელი ტრადიციების ასაღორძინებლად. ამ თვალსაზრისით, 2019 წელი განსაკუთრებული იყო.

გვესაუბრება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე.

– გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას მივყვებით, რომელიც ხელბურთის ყველა ასპექტს მოიცავს – საკუთრივ თამაშსა და ახალგაზრდა თაობების აღზრდას, მწვრთნელთა მომზადებას, მსაჯობას, საშეჯიბრო მენეჯმენტს, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას, ხელბურთის, როგორც ბრენდის ჩამოყალიბებას მარკენტიგული ელემენტების გამოყენებით, – გვითხრა მან. – 2018-2019 წლების სასპორტო სეზონი ქართული ხელბურთისთვის მრავალმხრივ იყო მნიშვნელოვანი. საერთაშორისო სარბიელზე სხვადასხვა ასაკის ხუთმა ნაკრებმა იასპარეზა. მთავარ სახელბურთო მოვლენად მაინც თბილისის სპორტის სასახლეში გამართული ორი შეჯიბრება მიგვაჩნია IHF-ის ერთა მსოფლიოს თასის გათამაშება და გოგონათა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი.

ივნისში ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო და უამრავი გულშემატკივრის თვალწინ მოპოვებულ მთავარ ჯილდოსთან – IHF-ის ერთა მსოფლიოს თასთან ერთად სასურველ მიზანსაც მიაღწია – ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად განაგრძობს ბრძოლას.

აგვისტოში ასევე წარმატებით ითამაშა საქართველოს გოგონათა ნაკრებმაც, რომელმაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგო – ეს საუკეთესო შედეგია, რაც ჩვენს ნებისმიერ ასაკობრივ გუნდს უჩვენებია ანალოგიურ შეჯიბრებებში. გვჯერა, რომ ქალთა ხელბურთში უკეთესი შედეგებიც შორს არ არის.

ამ ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებასთან ერთად ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელბურთის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებიდან მნიშვნელოვანი სახსრები მოვიზიდეთ. ამ ორი ჩემპიონატის გამართვით საქართველოს ეკონომიკაში სულ მცირე 1.271.560 ლარი ჩაბრუნდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილ სახსრებს.

– გოგონათა შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის ერთობლივმა ჩემპიონატმა გაამართლა.

– გეთანხმებით. ეს ძალიან სასარგებლო პროექტი აღმოჩნდა. თანაც ეს არის პირველი რეგიონული შეჯიბრება და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ტურნირები რეგიონში ხელბურთის შემდგომ განვითარებას და უფრო მასშტაბური ღონისძიებების დაფუძნებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება საქართველოს შიდა პაექრობებს, ამ სეზონში რვა ოფიციალური ასპარეზობა გაიმართა, კერძოდ, ეროვნული თასის გათამაშება ვაჟთა გუნდებს შორის, ქალთა და მამაკაცთა ეროვნული ჩემპიონატები, ორ-ორი პირველობა ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებული სახელბურთო ჩემპიონატები. განსაკუთრებით ეროვნულ პირველობებზე მინდა გავამახვილო ყურადღება – მესამე წელიწადია ქალებსა და ვაჟებში მედლებისთვის სტაბილურად 8-8 გუნდი იბრძვის. ახალგაზრდებში კი გუნდების რაოდენობა და ხელბურთის გეგოგრაფია იზრდება.

– წინსვლა თვალსაჩინოა, მაგრამ ხელშემშლელ ფაქტორებზე არაფერი გითქვამთ.

– შედეგები ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ არა ის წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვა ზოგჯერ ჩვენს ძალებს აღემატება. კერძოდ, კლუბების შეზღუდული შესაძლებლობები, დარბაზების სიმცირე და რაც არის, მათი სავარჯიშოდ ხელმისაწვდომობის პრობლემა. ყველაზე მეტად სწორედ ეს გვაბრკოლებს. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისთვის სათანადო საწვრთნელი ბაზა არ გვაქვს, რაც აფერხებს სრულფასოვანი მომზადების პროცესს. ამიტომაც არის ფიზიკურ მომზადებაში ლეგიონერებსა და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეებს შორის დიდი სხვაობა. ასაკობრივი პირველობებისთვის გამოსადეგი დარბაზებიც არ არის. სადაც შეჯიბრებებს ვატარებთ, არ მუშაობს ვენტილაცია, არ არის გათბობა, მოედნები და იატაკი არასტანდარტულია…

– თქვენ ლეგიონერები ახსენეთ.

– ბოლო წლებში, როგორც აღვნიშნე, საშინაო შეჯიბრებების სტრუქტურა სტაბილური გახდა, გაიზარდა თამაშის ხარისხი. ამის შედეგია, რომ როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ნაკრების რამდენიმე წევრი უცხოურ კლუბებში მიიწვიეს. ქართველმა ლეგიონერებმა კარგი თამაშით უკვე მოაწონეს თავი ქომაგებს რუმინეთში, მაკედონიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, უნგრეთსა და თურქეთში. ეს კი იმის იმედს გვაძლევს, რომ მომავალში უცხოურ კლუბებში უფრო მეტ ქართველ ხელბურთელს ვიხილავთ, რაც ეროვნულ ნაკრებებს გააძლიერებს და საქართველოშიც ხელბურთს სპორტის უფრო პოპულარულ გუნდურ  სახეობად აქცევს.

– სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ – ქართველი ხელბურთელებისთვის 2020 წელიც, ალბათ,  დატვირთული იქნება.

– ვაჟთა ეროვნული ნაკრები 2020 წლის 20 იანვრამდე მსოფლიოს და ევროპის პირველობების 5 უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. 10-12 იანვარს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე იტალიის ქალაქ ბენევენტოში სამ გუნდს ვეთამაშებით: 10 იანვარს –  რუმინეთს, 11-ში – იტალიასა და 12-ში – კოსოვოს. გამარჯვებული გავა მეორე რაუნდში, ანუ პლეი ოფში, რომელიც 2020 წლის ივნისამდე უნდა გაიმართოს.

მერე გვექნება ევროპის ჩემპიონატის ორი უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა ფინეთთან: 16 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში და 19 იანვარს კი ქალაქ რიიჰიმიაკის არენაზე. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყებს  ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდს, სადაც გამოვა ევროპის 32 უძლიერესი გუნდი და გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის 20 საგზური.

საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირებისთვის მზადება ოქტომბერში დაიწყო, 2 იანვრიდან საბოლოო შეკრებაზე გადავა და მთავარი მწვრთნელ ნიკოლა მაქსიმოვიჩის ხელმძღვანელობით 20 ხელბურთელი ხუთდღიან შეკრებას გაივლის თბილისში, ხოლო იტალიაში 16  ხელბურთელი გაემგზავრება.

დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებებიც: 2-6 ივლისს ბათუმში ქალთა და ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ ქვიშის ხელბურთში. სავარაუდოდ 10-10 გუნდი იასპარეზებს. 16-წლამდელი გოგონები გეტებორგში ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. .

3-12 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში 20-წლამდელი ვაჟები იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატში – რუმინეთს, თურქეთს, ლატვიას, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას დაუპირისპირდებიან, 18-წლამდელი ვაჟები კი 17-23 აგვისტოს მაკედონიაში ითამაშებენ. ისინი ჯგუფში შვეიცარიასთან, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაარკვევენ ურთიერთობას. ვფიქრობ, ქართველი ხელბურთელების შედეგები გაისად ბევრად უკეთესი იქნება.

ესაუბრა ვაჟა დანელია

lelo.ge

Leave a Reply