ცხელი იანვრის 5 დღე: მზადება გრძელდება
ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის 10-19 იანვარს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 5 უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. გუშინ გუნდმა მზადების მორიგი ეტაპი დაიწყო ოლიმპიურ სასახლეში.
10-12 იანვარს, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, იტალიის ქალაქ ბენევენტოში ვეთამაშებით რუმინეთს, იტალიასა და კოსოვოს. გამარჯვებული გავა მეორე რაუნდში, პლეიოფში, რომელიც 2020 წლის ივნისამდე უნდა გაიმართოს.
ამის შემდეგ გვაქვს ევროპის ჩემპიონატის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ფინეთთან: 16 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში და 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკის არენაზე. ორი მატჩის ჯამში გამარვებული 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყებს ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდს, სადაც გამოვა ევროპის 32 უძლიერესი გუნდი და გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის 20 საგზური.
საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირებისთვის მზადება დაიწყო ოქტომბერში, როდესაც ჰქონდა ერთკვირიანი შეკრება მაკედონიაში და 2 ამხანაგური მატჩი ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. მეორე ეტაპი იყო ნოემბრის შეკრება თბილისში, სადაც მწვრთნელთა სტაფის წევრების, დამირ სტოიანოვიჩისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატებმა ივარჯიშეს,
მესამე ეტაპი ხუთდღიანია და პარასკევს დასრულდება. წვრთნას ორონიკიძესთან ერთად უძღვება ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი, მარკო შეშუმი.
დღევანდელ ვარჯიშზე 16 ხელბურთელი იყო, მათ შორის – ლეგიონერების უმრავლესობა. ვეტერანი რევაზ ჭანტურია გუნდს 2 იანვარს, საბოლოო შეკრებაზე შეუერთდება, ისევე როგორც საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდები – გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო ერეკლე არსენაშვილს პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო მატჩი 22 ნოემბერს ჰქონდა და თბილისში ახლახან ჩამოვიდა.
27 დეკემბრის შემდეგ გუნდს საახალწლო შესვენება ექნება და 2 იანვრიდან საბოლოო შეკრებაზე გადავა. აქ უკვე იქნებიან მთავარი მწვრთნელი, ნიკოლა მაქსიმოვიჩი და ტექნიკური დირექტორი, დრაგან ჯუკიჩი. საბოლოოდ, იტალიაში 20 ხელბურთელიდან 16 გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრები
GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)
LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)
LB, CB: ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგ, მკდ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ), შალვა სტურუა (1994, ქუთაისი), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)
RB, RW: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ), ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, RW, ქუთაისი)
P: ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი მიქავა (1998, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)
მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადება მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, ტექნიკური დირექტორი დრაგან ჯუკიჩი
მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო. 10-12 იანვარი, ბენევენტო, იტალია
10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო – საქართველო
გამარჯვებული გავა პლეიოფში
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
16 იანვარი, სპორტის სასახლე. საქართველო-ფინეთი
19 იანვარი, რიიჰიმიაკი. ფინეთი – საქართველო
გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში