თევზაძის დაბრუნება და ჩიქოვანის 3 მოგება
რუმინეთის ჩემპიონატში, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ხელბურთელი თამაშობს, მკვეთრად გამოასწორა მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ, რეშიცას მეკარე შოთა თევზაძე კი მოედანს დაუბრუნდა.
ეროვნული ნაკრების კაპიტანი თევზაძე ამ სეზონში ფოჩანიდან თავის ძველ კლუბში, რეშიცაში დაბრუნდა, თუმცა, ბიუროკრატიული ფორმალობების გამო პირველი 8 თამაშის გამოტოვება მოუხდა და გუნდიც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა – მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. თევზაძე კარში პირველად ჩადგა თასის მეთექვსმეტედფინალში, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ბაია მარესთან, ვისთანაც რეშიცა მძიმე ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა 26-27. ამის შემდეგ შოთამ ჩემპიონატის ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
მძიმედ დაიწყო სეზონი შარშანდელმა ფინალისტმა კონსტანცამ, რომელმაც 3 წამყვანი ხელურთელი დაკარგა, თუმცა, გუნდმა ბოლო 4 მატჩში 10 ქულა აიღო (3 მოგება, 1 ფრე) და გუშინ, სტუმრად კელერაშის დამარცხების შემდეგ (24-21) საჩემპიონო პლეიოფში გამსვლელ მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ჩიქოვანს 10 მატჩში 44 გოლი აქვს გატანილი, ბოლო 3 მოგებული თამაშიდან კი განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ტიმიშოარასთან (29-22), სადაც 7 ბურთი შეაგდო. კონსტანცა უპრობლემოდ გავიდა თასის მერვედფინალშიც.
21 ნოემბერს ჩიქოვანისა და თევზაძის გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან კონსტანცაში.
ხელბურთი. რუმინეთი, ეროვნული ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1. დინამო ბუკურეშტი 24 ქულა (9 თამაშიდან), 2. პოტაისა ტურდა 22 (9), 3. ბაია მარე 22 (10), 4. ფოჩანი 16 (9), 5. სტიაუა 16 (9), 6. ვასლუი 15 (9), 7. CSM ბუკურეშტი 14 (10), 8. კონსტანცა 13 (10) — 9. კელერაში 13 (10), 10. ბაკეუ 13 (9), 11. ტიმიშოარა 11 (10), 12. ფეგერაში 7 (10), 13. ბუზაუ 4 (10), 14. რეშიცა 4 (10) (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის პლეიოფში)