ჩოხელმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო
ქალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი, მედეა ჩოხელი, ევროტურნირებზე გამოსვლის შემდეგ მაკედონიის ჩემპიონატშიც ჩაება. მისმა გუნდმა, კუმანოვომ, პირველ ორ ტურში ორივე მატჩი მოიგო და ლიდერთა შორისაა.
ჩოხელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო EHF თასზე, პრაღის სლავიასთან წაგებულ ორთამაშიან დაპირისპირებაში, სადაც 13 გოლი გაიტანა და ჩემპიონატიც კარგად დაიწყო.
პირველ ტურში შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა, კუმანოვომ სტუმრად მოუგო დესპინას 31-22, ხოლო შინ უფრო დიდი სხვაობით დაამარცხა სტრუჟანკა 36-22. ქართველმა ხაზის მოთამაშემ 2 გოლი პირველ ტურში გაიტანა და 6 – მეორეში.
2-2 მოგება კუმანოვოს გარდა აქვთ მაკედონიური ხელბურთის ლიდერებს ვარდარსა და მეტალურგს, ასევე დებიუტანტ ჩაირს. მესამე ტური 5 ოქტომბერს გაიმართება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ხელბურთი. მაკედონია, ქალთა სუპერლიგა. 2 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1. მეტალურგ სკოპიე 6, 2. ვარდარი 6, 3. ჩაირი 6, 4. კუმანოვო 6, 5. სტრუჟანკა 3, 6. ოვჩე პოლე 3, 7. სპარტაკი 3, 8. კომეტალი 3, 9. პელისტერი 0 (1 თამაშიდან), 10. კუზმან-ვარდარი 0, 11. დესპინა 0, 12. გევგელია 0 (1), 13. ალუშოვსკი 0