კბილაშვილი სკოპიეს მეტალურგში ითამაშებს

ხელბურთის ეროვნული ნაკრების გათამაშებელი, 21 წლის ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც წინა სეზონი უკრაინის სუპერლიგაში გაატარა, საკლუბო კარიერას მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, სკოპიეს მეტალურგში გააგრძელებს. 

მეტალურგის ოფიციალური ვებ-გვერდი ახალი შენაძენს ასე გამოეხმაურა:

https://rkmetalurg.mk/metalurg-dobi-nov-sreden-bek/ – „21 წლის სუპერ-ტალანტი, ირაკლი კბილაშვილი მეტალურგი ახალი მოთამაშეა. კბილაშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ხელბურთელად ითვლება. ახლახან მან საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა თბილისში გამართული IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო, კბილაშვილმა კი ამ ტურნირზე 22 დარტყმიდან 15 გოლი გაიტანა. მასთან კონტრაქტის გაფორმება რამდენიმე სხვა კლუბიც ცდილობდა, მაგრამ ამ სეზონიდან ის ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. კბილაშვილი მეტალურგში მეორე ქართველია რევაზ ჭანტურიას შემდეგ, რომელმაც ახლახან გააფორმა კონტრაქტი. კლუბის დებიუტანტი გამთამაშებლის პოზიციაზე სათამაშო დროს ლუკა სტოიანოვიჩთან გაიყოფს.“

მეტალურგი მაკდონიის ერთ-ერთი უძიერესი კლუბია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი 2006, 08, 10, 11, 12 და 2014 წლებში გახდა (აქედან 4 ტიტული რევაზ ჭანტურიამაც მოიპოვა). ბოლო წლებში მეტალურგმა პირველობა ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს, ვარდარს დაუთმო, მაგრამ თავადაც მუდმივად  თამაშობდა უმთავრეს ევროტურნირზე. ბოლო საშინაო სეზონი მეტალურგმა მესამე ადგილზე დაასრულა და ითამაშებს EHF თასზე, სადაც ბრძოლაში ბოლო, მესამე საკვალიფიციო რაუნდიდან ჩაებმება.

მესამე ადგილი წარუმატებლობად ჩაითვალა: კლუბმა გაუშვა 12 მოთამაშე და შეიძინა 7, ძირითადად ახალგაზრდები. ამჟამად გუნდში 10 მაკედონიელი, 2-2 სერბი, ქართველი და მონტენეგროელი, თითო ხორვატი და სლოვენიელი ხელბურთელი ირიცხება. შეიცვალა მწვრთნელთა შემადგენლობაც.

ახალი მთავარი მწვრთნელია 40 წლის სერბი  დამირ სტოიანოვიჩი, რომელიც ამას წინათ თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებთან თითოკვირიანი საწვრთნელი კემპი ჩაატარა. მას ეხმარებოდა ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, რომელიც ასევე იმუშავებს მეტალურგის სტაფში .

ირაკლი კბილაშვილი 1998 წელს დაიბადა, თამაში სახელბურთო კლუბ ქუთაისში დაიწყო, ორი სეზონი თბილისის ქარიშხალაში თამაშობდა, შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა და საქართველო ჩემპიონატი ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, თითო სეზონი საბერძნეთისა და უკრაინის სუპერლიგებში აქვს ნათამაშები. გაიარა გზა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 2015 წელს, ისრაელში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჰქონდა.

ირაკლი კბილაშვილი: დაიბადა 1998 წლის 2 ოქტომბერს, ბაღდათში. ხელბურთის თამაში დაიწყო 2011 წელს. კარიერა: ქუთაისი (2011-12), ქარიშხალა (2012-14) – ქუთაისი (2014-16, საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი) – ეგეოს სერიფატო (საბერძნეთი, 2016-17) – ქუთაისი (2017-18, საქართველოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი) – ოდესა (უკრაინა, 2018-19) – მეტალურგი (მაკედონია, 2019-) – ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2015 წლიდან – 14 მატჩი, 33 გოლი

Leave a Reply