კონსტანცამ პირველი თამაში მოიგო
EHF თასის ჯგუფურ ეტაპზე ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა, კონსტანცამ 34-26 დაამარცხა ესპანეთის კუენკა და მეოთხედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ქართველმა ხელბურთელმა 1 გოლი გაიტანა.
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ რუმინულ კლუბს აუცილებლად სჭირდებოდა მოგება და მიზანს მიაღწია. ყველაზე შედეგიანები იყვნენ ხორვატი გამთამაშებელი იანკო კევიჩი (10 გოლი) და სერბი მარჯვენა ინსაიდი ნიკოლა ჩერნოგლავაცი (6).
ამით ჯგუფურ ეტაპზე პირველი წრე დასრულდა. C ჯგუფს ლიდერობს პორტუ 6 ქულით, კონსტანცას, კუენკასა და დანიურ ჰოლსტებროს 2-2 ქულა აქვთ. კვირას კონსტანცას გასვლა აქვს ესპანეთში, შემდეგ მასპინძლობს დანიის კლუბს და ბოლოს პორტუგალიას ესტუმრება. მეოთხედფინალში გადის არა 8, არამედ 7 გუნდი – ჯგუფების თითო გაგამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ამ მომენტისთვის კი უარესი შედეგი სწორედ C ჯგუფის გუნდებს აქვთ, ამიტომაც მიზნის მისაღწევად კონსტანცას მინიმუმ ერთი თამაშის მოგება დასჭირდება სტუმრად.
რაც შეეხება რუმინეთის ეროვნულ ლიგას, აქ კონსტანცა პირველ ადგილზეა და დარჩენილ 7 ტურში ეს პოზიცია თუ შეინარჩუნა, პლეიოფის სამივე სტადიაზე გადამწყვეტი მატჩის შინ გამართვის უპირატესობა ექნება. ბოლო ტურში კონსტანცელებმა სტუმრად 30-27 დაამარცხეს ტიმიშოარა, ირაკლი ჩიქოვანმა კი თავი ყოფილ გუნდს 4 გოლი გაუტანა და კლუბის ბომბარდირთა სიაში 64 გოლით მეორე ადგილზეა ჩერნოგლავაცის შემდეგ.
ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი. მესამე ტური
C ჯგუფი: პორტუ (პორ) 6, ჰოლსტებრო (დან) 2, კონსტანცა (რუმ) 2, კუენკა (ესპ) 2
25 თებერვალი, კონსტანცა – კუენკა 34-26
23 თებერვალი. ჰოლსტებრო – პორტუ 31-33
3 მარ: კუენკა-კონსტანცა, 23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 6, სენ-რაფაელი (საფ) 4, ლოგრონიო (ესპ) 2, ბალატონფურედი (უნგ) 0
B ჯგუფი: ნექსე (ხორ) 6, ტატაბანია (უნგ) 4, ჰანოვერი (გერ) 2, რაბოტნიკი (მკდ) 0
D ჯგუფი: კილი (გერ) 6, GOG (დან) 4, აზოტი-პულავი (პოლ) 1, გრანოლერსი (ესპ) 1
პლეიოფში გადის 4 გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი
რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. კონსტანცა 19 მატჩი /45 ქულა – 2. პოტაისა ტურდა 19/45 – 3. CSM ბუკურეშტი 19/43 – 4. დინამო ბუკურეშტი 19/39 – 5. კელერაში 19/39 – 7. სტიაუა 19/35 – 6. ტიმიშოარა 18/34 – 8. ფოჩანი 19/31 — 9. ბაია მარე 19/21 – 10. ფეგერაში 19/17 – 13. ბუზაუ 19/15 – 13. სუჩავა 19/14 – 13. ბაკეუ 19/12 – 14. კლუჟი 19/0