მეორეც მოვიგეთ, ველით ფინალს კვიპროსთან

საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე: მალტაში, კოტონერა დარბაზში 30-25 დავამარცხეთ აზერბაიჯანი და ხვალ, 17 საათზე, პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში კვიპროსის ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით.

აზერბაიჯანმა მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია, ისევე როგორც პირველ მატჩში – კვიპროსს. ეს საკმაოდ ათლეტური, ოღონც ცოტა მძიმე და ასაკოვანი გუნდია.

ჩვენების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება იყო – თამაში დაიწყო და რატი მსხვილიძემ, რომელმაც პირველი გოლიც გაიტანა, გიორგი ცხოვრებაძეს კი ადგილი მე-15 წუთისთვის დაუთმო. აზერბაიჯანი დაცვაში აქტიურ, 3-2-1 განლაგებას იყენებდა ხოლო მათ მეკარეს, ჰუსეინ გაფაროვს დროდადრო კარგი მოგერიებები ჰქონდა. 22-ე წუთზე, ჩიქოვანის გაძევების შემდეგ 10-12 ჩამოვრჩით, პირველი ტაიმი მთლიანად თანაბარი იყო და ბოლო წამებზე რევაზ ჭანტურიამ დაგვაწინაურა – 16-15.

ჭანტურია გუნდში საუკეთესო იყო. მან რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა ინდივიდუალურად, მეორე ნახევარში კი იშვიათი ფოკუსი ჩაუტარა მეტოქეს, როდესაც შეტევაში ისე დააჯარიმა, რომ მსაჯს 2 წუთით გააძევებინა კიდეც.

მალე 19-16 დავწინაურდით, მაგრამ გაფაროვმა ზედიზედ მოიგერია რამდენიმე ბურთი და 39-ე წუთზე აზერბაიჯანმა ისევ გაათანაბრა, 19-19, თუმცა, ძალები აღარ შერჩა და დროის გაწელვა დაიწყო – მეტოქე აჭიანურებდა პაუზებს, სულ ითხოვდა მოედნის მოწმენდას, მუდმივად აპელირებდა მსაჯებთან და ტექნიკურ დელეგატებთან, რითაც ჩვენც საფუძვლიანად დაგვიგდო ტემპი და მაკედონიელ არბიტრებსაც აურია თავგზა. ბლომად, 5-5 იყო გაძევება. დაცვაში აზერბაიჯანი იყენებდა სხვადასხვა აქტიურ სქემებს – 5-1, 4-2, 3-3, ზოგჯერ პერსონალურად იყვანდა გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც გუშინდელივით აქტიური ვეღარ იყო და 6 გოლიდან 3 შვიდმეტრიანით გაიტანა.

საბოლოოდ, თამაში გარდატეხეს ირაკლი კბილაშვილმა და ლექსო წითელიშვილმა. კბილაშვილმა ჯერ რიცხვობრივ ნაკლებობაში გაიტანა, შემდეგ – მეტობაში, ამას შორეული დარტყმა დაურთო წითელიშვილმა და 49-ე წუთზე ანგარიში 27-21 გახდა, ხოლო მალე ჭანტურიამ შვიდბურთიანი უპირატესობაც დააფიქსირა – 30-23. მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ჯორჯე რაშიჩმა მხოლოდ ბოლოში შეიყვანა მოედანზე ახალგაზრდები, რის გამოც თევზაძეს, ჭანტურიასა და აბრამიშვილს თითქმის შეუცვლელად მოუწიათ თამაში.

დღესვე კვიპროსმა მოუგო მალტას, 38-20.  ხვალ, კვიპროსთან გადამწყვეტი მატჩი 17 საათზე დაიწყება. პირდაპირი სტრიმის ბმული დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაიდება აქ: www.facebook.com/GEONHF/.

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე რაუნდში, პლეიოფში გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

B ჯგუფი, მალტაში: საქართველო 4 (+32), კვიპროსი 4 (+26), აზერბაიჯანი 0, მალტა 0

კოსპიკვა. კოტონერას სპორტკომპლექსი, 12 იანვარი

აზერბაიჯანი – საქართველო 25-30

https://www.facebook.com/MaltaHandballQualifiers/videos/2188687891175093/

აზე: გაფაროვი, სკრებცოვი – ე. აიდამიროვი 9, ასქეროვი 5, მამადოვი 3, ი. სლემანოვი 3, ნაზარალიევი 2, ვალიევი 1, ისმაილოვი 1, ჰ. აიდამიროვი 1, სალიმოვი, რ. სლემანოვი, აზიზოვი, სერგუნინი – მწვ. ფარაჯოვი  

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – ჭანტურია 6, ცხოვრებაძე 6, წითელიშვილი 5, არსენაშვილი 4, კბილაშვილი 3, ჩიქოვანი 2, აბრამიშვილი 2, მსხვილიძე 1, ორჯონიკიძე 1, მაისურაძე, იმნაძე, დიხამინჯია, გოგოლაძე, დათუკაშვილი – მწვ. რაშიჩი

მსაჯები: დანიელო ბოჟინოვსკი, ვიქტორ ნაჩევსკი (მაკედონია)

დელეგატები: სტეფან პარტემიან (საერძნეთი), ლარს ბერნდტსონ (შვედეთი)

მალტა – კვიპროსი 20-38

მალ: დ. ტანტი, კ. მიფსუდი – ფ. მიფსუდი 7, დი პილატო 4, მელი 3, ნაუდი 2, ბალდაკინო 1, ფენეჩი 1, მაკქლინი 1, მაგრო 1, ბორგი, გარგანო, რიცო, ბენ მუსა, ა. ტანტი, კარუანა – მწვ. ატარდი

კვი: ნუნგოვიჩი, ა. სტილიანუ – იოანუ 7, ხრისტოდულუ 5, ფოტიუ 5, პარასკევა 4, პრუნძუსი 4, გეორგიუ 4, გ. სტილიანუ 3, კოსტა 2, ხრისანტუ 2, კიპრიანუ 1, ნიკიფორუ 1, არგირუ, კოსტანტინუ, სოფოკლეუსი – მწვ. აპოტოლოსი

მსაჯები: იან კარმოს, ჟულიენ მიურშ (საფრანგეთი)

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი – მალტა

11 იანვარი. კვიპროსი – აზერბაიჯანი 25-17, საქართველო – მალტა 48-21

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 4, ბულგარეთი 2, ბრიტანეთი 2, ირლანდია 0

13 იანვარი. ირლანდია – ბულგარეთი, ლუქსემბურგი – ბრიტანეთი

12 იანვარი. ირლანდია – ბრიტანეთი 26-32, ბულგარეთი – ლუქსემბურგი 17-36

11 იანვარი.  ბრიტანეთი – ბულგარეთი 20-24, ლუქსემბურგი – ირლანდია 35-18

Leave a Reply