ლექსო წითელიშვილი: სამტრედიელი სტრუგაში
ლექსო წითელიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. ის უკვე 26 წლისაა და შეგვიძლია ნაკრების საშუალო თაობას მივაკუთვნოთ. ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის წინ ლექსო გვესაუბრება თავის სახელბურთო კარიერაზე და ეროვნული ნაკრების სამომავლო შანსებსა და პერსპექტივაზე.
— ლექსო, როდის დაიწყე ხელბურთში ვარჯიში?
— ხელბურთზე სამტრედიაში 14 წლისა მივედი. სხვა სპორტზეც შემეძლო შევსულიყავი, სამტრედიელ ბავშვებს შეიძლება ითქვას ასარჩევად გვქონდა საქმე, მაგრამ ხელბურთის მწვრთნელი გოგი ხელისუფალი სოფელ გომის სკოლაში იყო მოსული და მე და ირაკლი თევზაძე შეგვარჩია. ჩვენი მესამე თანასოფლელი, გოგიტა ნიკურაძე მაგ დროს უკვე დადიოდა ხელბურთზე. სამტრედიაში სამი წელიწადი ვვარჯიშობდი, მერე კი თბილისში გადმოვედი. გუნდსაც „თბილისი“ ერქვა და მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი.
„თბილისიდან“ ისევ სამტრედიაში დავბრუნდი, სადაც 2014 წელს საქართველოს თასი მოვიგეთ და ორჯერ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა — ორივეჯერ ფინალში დავმარცხდით სტუ-სთან და ბათუმის BSB-თან, თუმცა, მეორე ფინალში, 2016 წელს, მე უკვე ბათუმის გუნდში ვთამაშობდი.
მაშინ სამტრედიის გუნდი ძირითადად სამტრედიელებით იყო დაკომპლექტებული – ალეკო ხონელიძე, გოგიტა ნიკურაძე, ირაკლი თევზაძე, ჯაბა ხაჟომია, ირაკლი ღაღანიძე, ვეფხო ზურაბიანი და მე…
შემდეგ ბათუმის BSB-დან საიდანაც თურქეთის პირველი ლიგის გუნდ „აქჩაბათ თუთუნსფორში“ მოვხვდი, სადაც მე, ზურაბ სიმონია და ირაკლი ხიდაშელი ვთამაშობდით. „აქჩაბათ თუთუნსფორი“ ტრაპიზონის გუნდი გახლდათ.
ტრაპიზონიდან ბათუმში დავბრუნდი, რის შემდეგაც ისევ თურქეთში გავემგზავრე, ოღონდ უკვე სუპერლიგაში, გუნდში, რომელსაც ჰქვია MYK. აქ უჩა მაისურაძესთან ერთად ვიყავი ერთი სეზონი, ამის შემდეგ კი ჩემი კარიერა მაკედონიაში გაგრძელდა. ანდონ ბოშკოვსკიმ „სტრუგაში“ გადამიყვანა. სტრუგა პატარა ქალაქია და გუნდსაც მისი სახელი ჰქვია. შარშან გუნდმა ქვედა ლიგა მოიგო და ახლა დებიუტი გვაქვს ტოპ დივიზიონში.
— რამდენად პატარა ქალაქია სტრუგა, სამტრედიის ხელა არის?
— შეიძლება კიდევ უფრო პატარაც იყოს, მაგრამ ხელბურთი ძალიან უყვართ და საშინაო თამაშებზე დარბაზი ბოლომდე ივსება.
— სხვა სახეობის გუნდები თუ ჰყავთ?
— ფეხბურთისა და ხელბურთის. მაგრამ ხელბურთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.
— სხვა ქალაქებშიც ივსება დარბაზები? ბევრ ქვეყანაში მაყურებელი უფრო დედაქალაქის გუნდებს აკლიათ.
— მაკედონიაში მაყურებლის პრობლემა არ არსებობს. თუ დერბია ხომ საერთოდ, ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ რჩება.
— მაკედონიის სუპერლიგაში როგორ მიდის თქვენი გუნდის საქმე?
— ამ ეტაპზე, 14 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზე ვართ. ოთხეულში შესასვლელად ვიბრძვით.
— ქალაქიდან ქალაქში ხანგრძლივი მოგზაურობა გიწევთ?
— არის ქალაქები, სადამდეც სამი საათი ვუნდებით ჩასვლას. საერთოდ, მაკედონია პატარა ქვეყანაა. სტუმრად ტურის დღეს მივდივართ ხოლმე. წინა საღამოს ჩასვლა და ღამის სასტუმროში გათენება საჭირო არ არის. თამაშები ექვსი საათის მერე იწყება — ხან შვიდზე, ხან რვაზე. ბილეთებიც იყიდება. მათი ღირებულებაც ჩვენს ფულზე რომ გადმოვიყვანოთ, დაახლოებით 5 ლარია.
— ზოგადად მაკედონიაზე რას იტყვი, როგორი ქვეყანაა, როგორია ცხოვრების დონე?
— მაკედონიელები ცხოვრების დონით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან.
— „სტრუგასთან“ რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს?
— ორწლიანი.
— გუნდში შენსა და გიორგი დიხამინჯიას გარდა უცხოელი არის ვინმე?
— აქამდე ჩვენ ორნი ვიყავით, ახლა კი მონტენეგროელი ბიჭი დაგვიმატეს. გამთამაშებელია, ასე რომ ჩემი და დიხას კონკურენტი არ არის. მე ხომ მარცხენა ინსაიდი ვარ, გიორგი მარჯვენა ინსაიდი და ფლანგის მოთამაშეა.
— ჩემპიონატის თამაშები რამდენ ხანში ერთხელ იმართება?
— მეტწილად შაბათობით. კვირაობით გვასვენებენ, დანარჩენ დღეებში კი ორჯერადი ვარჯიში გვიწევს, თუმცა ხანდახან სამჯერაც გვავარჯიშებენ.
— თურქეთისა და მაკედონიის ჩემპიონატებს როგორ შეადარებდი ერთმანეთს?
— თურქეთის ჩემპიონატში წინა წლებში გაცილებით კარგი გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ბევრი ძლიერი გუნდი დასუსტდა ანდა ძლიერი მოთამაშეები ვერ შეიძინა.
— მაკედონიიდან ალბათ უკეთეს ქვეყანაში გადასვლაც უფრო ადვილია.
— ნამდვილად ასეა, თუმცა, ჯერჯერობით ჩემთვის არავის მოუმართავს.
— საქართველოს ნაკრებში როდის ითამაშე პირველად?
— ასაკობრივ ნაკრებებშიც მითამაშია, ეროვნულ გუნდში კი პირველად 2013 წელს გამომიძახეს. შემადგენლობაში ვიყავი, მაგრამ ფინეთის, თურქეთისა და ლიტვის წინააღმდეგ თამაშმა არ მომიწია.
2015 წელს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ მატჩში, რამდენიმე ლიდერი გვაკლდა. ქუთაისის სპორტის სასახლის ტრიბუნები სავსე იყო, ხოლო თამაში ძალიან მძიმე გამოვიდა – ანგარიში 16-16 იყო, როცა ბოლო შეტევაში ცხრამეტრიანი გვერგო. დარჩენილი იყო ორიოდ წამი – სულ ერთი პასის დრო გვქონდა და ვიღაცას ეგრევე უნდა დაერტყა შორიდან. მეტოქე დარტყმას ირაკლი ჩიქოვანისგან ელოდა, მწვრთნელებმა კი კომბინაცია მოულოდნელად ჩემზე ააწყვეს: დავარტყი და გავიტანე – 17-16 მოვიგეთ და ეს ჩემი პირველი გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში. საპასუხო თამაშში, ლუქსემბურგში, 9 ბურთი გავუტანე. საბოლოოდ, ჩვენ, ესტონეთმა და ლუქსემბურგმა 4-4 ქულა დავაგროვეთ და ბურთების სხვაობით, პირველ ადგილზე ლუქსემბურგი გავიდა.
ლუქსემბურგი, იტალიასთან ერთად, შემდეგ შესარჩევშიც ჩვენი მეტოქე იყო და ეს ციკლიც ვითამაშე. ვიყავი ისრაელსა და ლიტვაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე. ასე რომ, საკმაო სანაკრებო გამოცდილება დამიგროვდა – ევროპისა და მსოფლიოს 2-2 ჩემპიონატის შესარჩევი ციკლები.
— ევრო 2022-ის მოახლოებულ პირველ შესარჩევ ეტაპზე რას ფიქრობ?
— ძალიან მაგარი შანსი გვეძლევა. ამ ეტაპზე არც ისე ძლიერი მეტოქეები შეგვხვდნენ (მალტა, კვიპროსი და აზებაიჯანი) და ჩემი აზრით მათი ბარიერის გადალახვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუ ჯგუფი მოვიგეთ, პლეიოფი გვიწევს უკვე 2020 წლის გაზაფხულზე, იქამდე კი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გვაქვს. ვფიქრობ, რომ ყველა ამ ტურნირზე წარმატებით თამაში შეგვიძლია. საკმაოდ დაბალანსებული გუნდი გვყავს – რამდენიმე ვეტერანი, საშუალო თაობის ხელბურთელები და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები. დროა, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და ჩვენი შრომის შედეგი ვაჩვენოთ.
ლექსო წითელიშვილი: დაიბადა 1992 წლის 4 აგვისტოს სამტრედიაში. ხელბურთში ვარჯიშობს 2007 წლიდან. კარიერა: სამტრედია (2007-10), თბილისი (2010-11, საქართველოს ჩემპიონი) – სამტრედია (2012-15, საქართველოს თასის მფლობელი 1994 და ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი 2015) – თუთუნსფორ აქჩაბათი (თურქეთი, 2015-16) – შავი ზღვის ბიჭები (ბათუმი, 2016-17, საქართველოს ჩემპიონი 2016) – ზაგნოსსფორი (თურქეთი, 2017) – MYK ჰენტბოლ (თურქეთი 2017-18) – სტრუგა (მაკედონია, 2018-19); საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს 2013 წლიდან.
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა