რევაზ ჭანტურია: უკვე სერიოზული გუნდი ვართ
36 წლის რევაზ ჭანტურია ხელბურთს 1994 წლიდან თამაშობს. მამამისი, რევაზ ჭანტურია-უფროსი მწვრთნელი იყო, მაგრამ საქართველოში შვილს უმეტესად მამის გუნდის, მამულის წინააღმდეგ უწევდა თამაში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში. რეზო 2004 წლიდან მაკედონიაშია. ყოფილა ორივე იქაური გრანდის, მეტალურგისა და ვარდარის წევრი. სკოპიეს მეტალურგთან ორი სეზონი (2006-07 და 2008-09) თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის ამ მთავარ საკლუბო ტურნირში 23 გოლი აქვს გატანილი მათ შორის – ბარსელონას, კილის და ფლენზბურგის კარში.
რეზო უკვე დიპლომიანი მწვრთნელია, მაგრამ მოთამაშის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და ნაკრებში ყოველ დაძახებაზეც თბილისშია. ჭანტურია გვესაუბრება ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონზე, რომელიც 11 იანვარს იწყება მალტაში ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ტურნირით. ვსაუბრობთ საკლუბო ამბებზეც.
— რეზო, აგერ უკვე 14 წელიწადია მაკედონიაში თამაშობ. ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ოჯახსაც მაკედონიაში მოეკიდე. გვითხარი როგორ მიდის შენი საქმე, რა ხდება თქვენთან, „პელისტერში“ (ქალაქ ბიტოლას გუნდია), ძველებურად ძირითადი გარემარბი ხარ?
— ასეა, ძირითადი ფლანგელი კვლავ მე ვარ. თუმცა, მას მერე რაც ახალი მწვრთნელი, სერბი იოშკო პეტროვიჩი მოვიდა, რაღაცები შეიცვალა.
— მაგრამ, პრინციპული თამაშებში კვლავ მთავარი „ცაცია კუთხე“ ხარ.
— პრინციპულშიც და რიგით თამაშებშიც მე ვარ. თუმცა ისეთი თავისუფლება როგორიც წინა მწვრთნელის დროს მქონდა აღარ მაქვს. როგორც გითხარი, ჩვენს გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ორიოდ თვის წინ მოვიდა და გუნდში ახალი წესრიგის დამყარებას ცდილობს.
— იქნებ ის, რომ ძველებური თავისუფლება აღარ გაქვს ასაკის ბრალიცაა.
— არა, ეს ასაკზე არ არის დამოკიდებული. უფრო ახალი მწვრთნელის ფაქტორია. მადლობა ღმერთს, ჯანზე კარგად ვარ, არანირი პრობლემა არ მაქვს.
— ასაკზე იმიტომაც გკითხეთ, რომ უკვე მწვრთნელის ლიცენზია გაქვს და საინტერესოა ხომ არ აპირებ თავი ახალ პროფესიაშიც რომ სინჯო?
— მართალია. მაკედონიაში სამწვრთნელო ლიცენზიის სამი საფეხური არსებობს. პირველი დავამთავრე და ბავშვთა გუნდების გაწვრთნის უფლება უკვე მაქვს. მეორე საფეხური ახალგაზრდებთან მუშაობის უფლებას იძლევა, მესამეს გავლის შემდეგ კი უკვე დიდ გუნდებშიც შემეძლება დასაქმება. სწავლება ყოველ ოთხ თვეში ერთხელ მიმდინარეობს. ვიკრიბებით და ლექციებს გვიკითხავენ. როგორც გითხარით, პირველი ეტაპი, რომელსაც იქ „მოდულს“ ეძახიან, გავიარეთ. მეორე „მოდულს“ მარტში ველოდები.
— მაკედონიის ჩემპიონატში რა მდგომარეობაა?
— ახლა ძალიან დაძაბულ ეტაპს გავდივართ. თითქმის ყველა წამყვან გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვს. ტრადიციულად ოთხეული უნდა გაირკვეს. შემდეგ ამ ოთხეულს „ვარდარი“ და „მეტალურგი“ დაემატება, რომლებიც ამ ეტაპამდე მხოლოდ საერთაშორისო შეჯიბრებებით არიან ხოლმე დაკავებულები და ჩამოყალიბდება ფინალური ჯგუფი, რომელიც ჩემპიონს გამოავლენს. „ვარდარი“ და „მეტალურგი“ იმდენად ძლიერი გუნდები არიან, რომ დანარჩენები ფაქტობრივად მესამე ადგილისთვის ვიბრძვით, თუმცა მდგომარეობა უიმედო მაინც არ არის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჩემმა მაშინდელმა გუნდმა, „სტრუმიცამ“ მესამე ადგილზე დააქვეითა „მეტალურგი“.
— სეზონის დასაწყისში „პელისტერიდან“ თემო ორჯონიკიძე წავიდა. ეს თქვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო?
— კი, ნამდვილად დიდი დანაკლისი იყო. თემური სეზონის დასაწყისში წავიდა უნგრეთში, შემდეგ კი, სეზონის შუაში მოსულმა ახალმა მწვრთნელმა, ბევრი ლეგიონერი უკვე თავად გაუშვა.
— კონტრაქტის თანახმად „პელისტერში“ კიდევ რამდენი ხანი უნდა დარჩე?
— მაისამდე, მერე კი ვნახოთ. შეიძლება სხვაგან გადავიდე. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო.
— ახლა ნაკრებსა და ჩვენს შესარჩევ შეჯიბრებაზე ვილაპარაკოთ.
— ვფიქრობ, აზერბაიჯანთან, მალტასთან და კვიპროსთან პრობლემა არ უნდა გვქონდეს. მიზნად გამარჯვებას ვისახავთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ კიდეც, თუმცა, კატეგორიულ განცხადებას, რომ აუცილებლად ყველა თამაში უნდა მოვიგოთ მაინც მოვერიდები. იქ, მაკედონიაში გამოთქმა აქვთ ასეთი, ერთადერთი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს სიკვდილია, სხვა კი ამქვეყნად ყველაფერი შეიძლება მოხდესო. ამიტომ, „უნდას“ ვერავინ ვერასოდეს ვერანაირ თამაშზე ვერ იტყვის, მაგრამ რეალურად ჩვენს გუნდს და მოთამაშეებს რომ შეხედავ, რომ გაიხსენებ ბიჭები როგორ გუნდებში თამაშობენ, როგორი სახელბურთო ოჯახი გვაქვს და ნაკრებში როგორი ატმოსფეროა, სხვას ვერაფერს იფიქრებ — უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, პლეიოფში!
აქ, ერთსაც დავძენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებებს ყველანი ჯანმრთელები შევხვდეთ. მე და შოთა თევზაძე უკვე ვეტერანები ვართ. რასაკვირველია, ჩვენთვის ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების ეტაპები 2020 წლამდე გრძელდება. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით რა და როგორ იქნება 2020 წელს. თუ დავინახავთ და ჩავთვლით, რომ ჩვენ გუნდის დახმარება კიდევ შეგვიძლია, რასაკვირველია ჩამოვალთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ბოლოს და ბოლოს, რომც არ ვითამაშოთ, ჩვენი გამოცდილებით და ცოდნით დავუდგებით ახალგაზრდებს გვერდში. გუნდში სწორი ატმოსფეროს შექმნა ხომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მითუფრო, რომ შესანიშნავი თაობა მოდის: ირაკლი კბილაშვილი, თემო ორჯონიკიძე, ლექსო წითელაშვილი, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ცხოვრებაძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო. ადრე ცოტანი და ვიყავით და მთელი დატვირთვა მოთამაშეების პატარა ჯგუფზე გადადიოდა, ახლა კი სერიოზული, სრულყოფილი გუნდის სახე მივიღეთ. ახლა მნიშვნელოვანია ბიჭებმა ტურნირებში, შეკრებებში მიიღონ მონაწილეობა, გამოცდილება შეიძინონ.
— შენს ამპლუაში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩნდნენ. მაგალითად დიხამინჯია, რომელიც თქვენთან, მაკედონიაში თამაშობს და შენს თვალწინაა. „სტრუგაში“ ის საბოლოოდ ინსაიდად გადაიყვანეს?…
— დიხა არის „ცაცია კუთხე“, მაგრამ ინსაიდადაც თამაშობს. მას გარემარბისთვის ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვს — დაცვაში მეორე კაცად თამაშობს, რაც ცაცია ინსაიდების უმეტესობას არ შეუძლია. ამიტომ მწვრთნელს საშუალება ეძლევა გიორგი შეტევაში ფრთაზე ათამაშოს, დაცვაში კი მეორე კაცად დააყენოს, რა დროსაც „ცაცია ინსაიდი“ კუთხეში გადავა და ცოტას ამოისუნთქავს. დიხამინჯია ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა. მაკედონიაში კი ახალგაზრდების თამაშს უამრავი ძლიერი ევროპული კლუბი აკვირდება.
— იმის გამო, რომ შენს პოზიციაზე ახალი ბიჭები გამოჩნდნენ, ალბათ 60 წუთის თავიდან ბოლომდე თამაში აღარ მოგიწევს.
— ეს უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული. ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი. მოედანზე ორი წუთით თუ შემიშვებენ, ორ წუთს ვითამაშებ; თუკი სამოცი წუთით მენდობიან — სამოცი წუთი თავს არ დავზოგავ. ორივე შემთხვევაში მაქსიმუმს გავაკეთებ. ეს ჩემი პროფესიაა.
რევაზ ჭანტურია: დაიბადა 1982 წლის 31 მაისს თბილისში. ხელბურთშია 12 წლიდან. კარიერა: სტუ – ზაპოროჟიე (უკრ) – 2004 წლიდან მაკედონიაშია: მეტალურგი, ვარდარი, სტრუმიცა, პელისტერი; საქართველოს ნაკრებში თამაშობს 2001 წლიდან. მეუღლე: ბილიანა ჭანტურია-პეტკოვსკა, შვილი: ირინა ჭანტურია, 8 წლის
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი:
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა
მეორე ეტაპი, პლეიოფი (აპრილი, 2020. შინ–სტუმრად)
ევრო 2022 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული და ჩელენჯ ტროფის ჩემპიონი უწყვილდება ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე 3 გუნდს. სამი წყვილის 3 გამარჯვებული გადის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში.
მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2020 – ივნისი 2021)
თამაშობს 32 უძლიერესი გუნდი, მათ შორის, პლეიოფის 3 გამარჯვებული
ევრო 2022-ის 20 საგზურს მიიღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი
ევრო 2022. 14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში (24 გუნდი)
—
მსოფლიო ჩემპიონატი 2121 (იანვარი, ეგვიპტე – 32 გუნდი)
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: ოქტომბერი 2019 – იანვარი 2020 (თამაშობენ ის გუნდები ვინც ვერ მოხვდება ევრო 2020-ზე) – მეორე ეტაპი, პლეიოფი: ივნისი, 2020 – მონაწილეობენ: პირველი ეტაპის ჯგუფების გამარჯვებულები და ის გუნდები, ვინც ევრო-2020-დან ვერ მოიპოვებს პირდაპირ საგზურს. მონაწილეები დაწყვლდებიან და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენენ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს.