შემოუერთდი ხელბურთს!
როდის იტყვიან ქვეყანაზე კარგიაო? ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი ნაღდია: ცუდ ქვეყანას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს ზედიზედ არავინ ანდობს.
ხელბურთზე მოგახსენებთ.
2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა 10 უმაღლესი რანგის საერთაშორისო შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში: პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი, IHF/EHF ორი ტროფი, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი ბიჭებსა და გოგონებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიციო და ორი ფინალური ტურნირი და – 2017 წლის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი 24 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით.
ამიტომაც, თუ სადმე უცხოეთში ვინმე ჩვენს ქვეყანაზე კარგს იტყვის, ეს ქართული სახელბურთო სამყაროს დამსახურებაც იქნება.
ერთადერთი, რამაც ევროპის ჩემპიონატზე ცოტა გული დამწყვიტა, მაყურებლის სიმცირე იყო. არადა, თამაშებზე დასწრებაში შაურს არავინ ითხოვდა. თითქოს მეტი რა უნდა გინდოდეს აგვისტოს ხვატში თბილისში ჩარჩენილ ადამიანს — გრილი დარბაზი და ბლომად სანახაობა. თან ლაპარაკია სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ჩვენში ყოველთვის უყვარდათ; რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვყოლია; სადაც ჩვენი ნაკრებიც გამოდიოდა, მაგრამ…
თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ასაკობრივ შეჯიბრებებს მაყურებელი მთელ მსოფლიოში ნაკლებად წყალობს. ასე რომ, დიდი უბედურება ესეც არ ყოფილა. თუ ასე გაგრძელდა, ხალხს ერთადერთი გზა დარჩება — დარბაზისაკენ. მითუფრო, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე გულშემატკივარი მაინც დადიოდა და ალბათ სხვა მიზეზებთან ერთად ამიტომაც გამოვიდა ჩვენი გუნდის თამაშები ემოციური.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა, თუმცა შესაძლოა ამჯერად დაკავებულ ადგილზე უფრო ხაზგასასმელი ის რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში იყო, ჩვენმა ბიჭებმა რომ ჩაატარეს. უპირველეს ყოვლისა ეს გახლდათ შეხვედრა ბელარუსის ძლიერ ნაკრებთან, რომელიც საბოლოოდ ფინალში გავიდა და იქ იტალიასთან დამარცხდა. ჩვენებმა ბელარუსელებს აჯობეს. გამარჯვებაში (32:24) მთელმა გუნდმა დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო კაპიტანმა გიორგი ცხოვრებაძემ 20 გოლი შეაგდო.
დაძაბული გამოდგა თამაში ფინეთთანაც, რომელშიც მეტოქეებმა 18-ჯერ გაუთანაბრეს ერთმანეთს ანგარიში და შეხვედრაც ფრედ, 25:25 დასრულდა. სხვათა შორის, ბედმა ისე ინება, რომ საქართველოს ნაკრებმა თავისი ბოლო მატჩიც ფინეთთან ჩაატარა. მეტოქეებმა ისევ ტოლი არ დაუდეს ერთმანეთს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 11 წამით ადრე, როდესაც ტაბლოზე 22:22 ეწერა, ბურთს კი ფინელები ფლობდნენ, საქართველომ მეტოქის შეტევა ჩაჭრა და სწრაფი კონტრშეტევით გამარჯვების გოლი გაიტანა. სწორედ ამ მოგებამ გაიყვანა ჩვენი გუნდი მე-7 ადგილზე.
მეტის შანსი თუ იყო? როგორ არა. თუნდაც, ბოლოსწინა დღეს, ფარერებთან მატჩისშემდგომ პენალტებში რომ გაგვმართლებოდა და არ წაგვეგო (32:30), მეშვიდე კი არა, მე-5 ადგილისთვის ვიბრძოლებდით.
ალბათ, ჯგუფშიც შეიძლებოდა საბერძნეთის გუნდთან უკეთ გამოსვლა, მაგრამ წავაგეთ (24:19). არადა, რომ მოგვეგო ჯგუფში ბელარუსს გადავასწრებდით და სულაც ნახევარფინალში გავიდოდით….
თუმცა, რაც იყო, იყო. ეტყობა, ჯერჯერობით გამოცდილების დაგროვების დრო გვიდგას. მთავარია, რომ კარგი ახალგაზრდები მოდიან: გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი ლაპიაშვილი, იური სილაგაძე…
ხოლო საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება, იციხლეთ, დაგვიგროვდა. ვისაც არ სჯერა, ჩემპიონატის მხიარულ თილისმას, ჯიქ კაკის ჰკითხოს — ტურნირს ხომ მასკოტით დაწყებული, ლაივსტრიმებით და მსოფლიოს ინტერნეტ-ჩართულობით დასრულებული, არაფერი აკლდა.
ჩემპიონი კი იტალიის ჭაბუკთა ნაკრები გახდა, რომელმაც ყველას დაუყვედრებლად აჯობა და ღირსეულად აღმართა გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი.
დასკვნა? თუ წერილის ბოლოს დასკვნა აუცილებელია, ის ასეთი უნდა იყოს: ვფიქრობ, საქართველოში ხელბურთის აღმავლობა უნდა დაიწყოს.
მაყურებლებო, მშობლებო, ბავშვებო ყველანი შემოუერთდით!
ილია ბაბუნაშვილი