დიორმა ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო
ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა უნგრული კლუბი დიორი, რომელმაც ფინალში, ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე, დამატებით დროში 27-26 დაამარცხა მაკედონიის ვარდარი.
ფინალური ოთხეული. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-16/1207879
დიორი და ვარდარი ფინალში ზედიზედ მეორედ შეხვდნენ და ორივე მატჩი დიორმა ერთი ბურთით, დამატებით დროში მოიგო – 31-30, 27-26. ამ მოგებით კლუბი გამოეთხოვა ესპანელ მწვრთნელ ამბროს მარტინს, რომელმაც 6 სეზონში დიორს ლიგის 4 ტიტული მოუტანა (2013, 14, 17, 18). მარტინი ახალი სეზონიდან როსტოვში გადადის, დიორს კი უნგრელი გაბორ დანიი გაწვრთნის.
ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა 26-20 მოუგო 2016 წლის ჩემპიონ CSM ბუკურეშტის. 40 წუთის შემდეგ ანგარიში 16-16 იყო, მაგრამ დიორმა ბოლო 20 წუთში გატეხა მეტოქე, რუმინულ კლუბს კი სანუგეშო ჯილდოდ მესამე ადგილი და ქრისტინა ნიაგუს საუკეთესო ბომბარდირობა ერგო – 109 გოლი სეზონში. ვარდარს მთელი მატჩი უპირატესობა ჰქონდა ფინალური ოთხეულის დებიუტანტ როსტოვთან და 25-19 დაამარცხა.
ფინალში, 12 000 მაყურებლის თვალწინ, დიორი 7-4 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მთელი ძალით ჩაერთო თამაშში მაკედონიური კლუბის ფრანგი მეკარე ამანდენ ლენო, რომელიც შემდგომ ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ტაიმი 9-9 მორჩა, მეორეში კი უმეტესად ვარდარი ლიდერობდა, თუმცა, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით.
ძირითადი დროის ბოლო წუთზე დიორმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში: ჯერ ნიკე ხროტმა გამოიყენა 7- მეტრიანი, მაგრამ ანდრეა ლეკიჩმა სირენამდე 20 წამით ადრე ისევ ვარდარი დააწინაურა – 20-19. დიორის ბოლო შეტევა ოფტედალმა და ამორიმმა გაითამაშეს – 20-20.
დამატებით დროში ბრაზილიელმა ედუარდა ამორიმმა ზედიზედ შეაგდო სამი გოლი (23-20), მაგრამ ვარდარი ბოლო წამამდე ბრძოლაში დარჩა. ფინალური ოთხეულის მასპინძელმა ბოლო შეტევაში ბურთი დაკარგა, მეკარესთან პირისპის ანდრეა კანაჯია გავიდა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარე ევა კიშმა აიღო და სირენაც გაისმა – დიორმა 27-26 მოიგო.
ქალთა შორის გათამაშდა ორი სხვა ევროპული თასიც. EHF თასის ფინალში რუმინეთის კრაიოვამ მოუგო ნორვეგიის კრისტიანსანდს (22-26, 30-25), ხოლო ჩელენჯ კაპისთვის პოლონეთის ლიუბლინმა დაამარცხა ესპანეთის გრან კანარია (22-22, 27-23). ახლა კაცთა ტურნირების ჯერია. ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეული 26-27 მაისსაა კიოლნში.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18, ქალები
ფინალური ოთხეული. 12-13 მაისი. ბუდაპეშტი, ლასლო პაპის არენა
13 მაისი, ფინალი: დიორი (უნგ) – ვარდარი (მკდ) 27-26 (ძ.დ. 20-20)
დიო: გრიმსბო, კიში – ხროტი 9, ამორიმი 6, გორბიცი 3, ჰანსენი 3, ბროკი 1, ოფტედალი 1, ალტჰაუსი, გონსალესი, პუჰალაკი, აფენტალერი, ფოდორი, პალი, მორკი – მწვ. ა. მარტინი
ვარ: ლენო, სუსლინა – ლეკიჩი 6, რადიჩევიჩი 4, ლაკრაბერი 3, ლაზოვიჩი 3, პენეზიჩი 3, კანაჯია 2, კუზნეცოვა 2, რისტოვკა 2, ცვიიჩი 1, კერამიჩევა, კლიკოვაცი, ხმიროვა, პეტროვიჩი, საძოვსკა – მწვ. რ. გარსია
3 ადგილისთვის: CSM ბუკურეშტი (რუმ) – როსტოვ-დონი (რუს) 31-30
ბუკ: გრუბიშიჩი, უნგურიანუ – იორგენსენი 7, გულდენი 6, კურეა 5, ნიაგუ, უდრისცოიუ 3, ნიომბლა 2, ფრაფიორდი, იაკობსენი, კურტოვიჩი, მანეა, მეჰმედოვიჩი 1, ეგლონი, ჰაგმანი, ბაზალიუ – მწვ. პ. იოჰანსონი
როს: პესოა, მეხდიევა – ბორშჩენკო, სუდაკოვა 5, ბულატოვიჩი, კალინიჩენკო 4, ილინა 3, კაბრალი, დემბელე, მაკეევა 2, მაჰაგაროვა, პეტროვა, სენი 1, ვიახირევა, ინიავსკაია, სტეპანოვა – მწვ. ფ. ბუჟანი
12 მაისი, ნახევარფინალი
CSM ბუკურეშტი – დიორი 20-26
ბუკ: ნიაგუ 6, კურტოვიჩი, მანეა 4, მეჰმედოვიჩი 3, კურეა, გულდენი, ლ. იორგენსენი 1
დიო: ხროტი 7, გორბიცი, ოფტედალი 5, ამორიმი 4, ბოდი, ბროკი 2, ალტჰაუსი 1
როსტოვ-დონი – ვარდარი 19-25
როს: ილინა 5, ბულატოვიჩი, ვიახირევა 3, დემბელე, მაკეევა, როდრიგეს-ბელო 2, კაბრალი, კალინიჩენკო 1
ვარ: ლეკიჩი, პენეზიჩი 7, რადიჩევიჩი 4, ლაზოვიჩი 4, კანაჯია 2, რისტოვსკა 1
ჩემპიონთა ლიგა 2017-18, კაცები. ფინალური ოთხეული: კიოლნი, 26-27 მაისი
ნახევარფინალი, 26 მაისი:
ნანტი (საფ) – პსჟ (საფ), ვარდარ სკოპიე (მკდ) – მონპელიე (საფ)