19 ქართული გოლი დანიის ჩემპიონატში
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე იტალიასთან და ფინეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ხელბურთელები თავიანთ გუნდბს დაუბრუნდნენ და საკლუბო სეზონის დასკვნით სტადიაში ჩაერთვნენ.
დანიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გიორგი დიხამინჯიამ მიდტიულანდში უკვე 7 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, მათ შორის ყველაზე მეტი, 8 ბურთი შეაგდო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტთან, სკიერნთან წაგებულ მატჩში (21-27). დიხამინჯიას კლუბმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უკვე ჩაერთო პლეი-აუტში. 21 წლის ქართველი ხელბურთელი ბოლო მატჩებში თითქმის 60-60 წუთი თამაშობდა მარჯვენა გარემარბისა და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე და უკვე აქვს მიწვევები სატესტო ვარჯიშებზე ბევრად უფრო ძლიერ კლუბებში – უკვე ნახსნებ სკიერნში და ბიერინგბო-სილკებორგში, რომელიც 2016 წელს დანიის ჩემპიონი იყო.
რეგულარული სეზონი დასრულდა რუმინეთშიც. ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა დუნარეა კელერაშიმ 26 თამაშში 43 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო პლეიოფის პირველ წრეში, ორ მოგებამდე, ეთამაშება მეორე ადგილზე გასულ ტურდას. ქართველმა უკანახაზელმა სულ 98 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბში მხოლოდ ბოსნიელ იოიფ პერიჩს (116 გოლი) ჩამორჩება. საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, ფოჩანი 24 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა და პლეიოაუტში ითამაშებს.
მაკედონიის ჩემპიონატის საჩემპიონო ეტაპზე სამივე ქართველი გავიდა. რეგულარულ პირველობაში თეიმურაზ ორჯონიკიძისა და რევაზ ჭანტურიას პელისტერმა 16-დან 14 მატჩი მოიგო და 42 ქულით პირელი ადგილი დაიკავა, მეორე კი 40 ქულით იყო რატი მსხვილიძის კლუბი, ეუროფარმ რაბოტნიკი. მიუხედავად იმისა, რომ ორჯონიკიძეს ტრავმის გამო სეზონის მეორე ნახევარში ძალიან ცოტა ითამაშა, ის მაინც გახდა პელისტერის საუკეთესო ბომბარდირი 80 გოლით, ხოლო მეორეზე ჭანტურია იყო 60 გატანილი ბურთით. მწვრთნელების, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შემდეგ ორივე ქართველის დააასახელეს რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეებად თავიანთ პოზიციებზე – ორჯონიკიძე მარცხენა ინსაიდად და ჭანტურია – მარჯვენა გარემარბად. გარდა ამისა, 35 წლის ჭანტურია მომავალ კარიერაზეც ფიქრობს და მაკედონიაში უკვე აიღო პირველი დონის სამწვრთნელო ლიცენზია.
ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა მეორე რაუნდში, აქ მათ დაემატა ორი მაკედონიური გრანდი, ვარდარი და მეტალურგი, ეს ექვსეული კი ორ წრედ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. პირველივე ტურში გაიმართა ქალაქ ბიტოლას დერბი: ეუროფარმი – პელისტერი, რომელიც მსხვილიძის კლუბმა მოიგო, 22-15. მსხვილიძემ და ჭანტურიამ თითო გოლი გაიტანეს, ორჯონიკიძემ – 6. მეორე ტურში პელისტერი სტუმრად დამარცხდა პროლეტთან (26-30, ორჯონიკიძე 8, ჭანტურია 3), ეუროფარმმა კი წააგო ვარდართან (29-38, მსხვილიძე 4). 6-6 ქულით ლიდერობენ ვარდარი და მეტალურგი, ეუროფარმი 3 ქულით მესამე ადგილზეა, წინ კი 8 ტურია.
თურქეთის ჩემპიონატში, 21 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა ლექსო წითელიშვილისა და უჩა მაისურაძის კლუბი MYK ჰენტბოლი, ხოლო საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის კლუბი, ფილიპოს ვერია საჩემპიომო პლეიოფში გასასვლელ ზღვარზე იყო – მხოლოდ ქულით ჩამორჩა მეექვსე ადგილზე გასულ აეროპოს ედესას. 20 წლის ქართველმა უცხოეთში თავის სადებიუტო სეზონში 64 გოლი გაიტანა.
ერთადერთი ქართველი, რომლის კლუბიც ამ სეზონის ევროტურნირებს იყო შერჩენილი, იყო ვლადიმერ რუსია, მაგრამ მისი ლუქსემბურგული გუნდი, დიფერდანჟი, ჩელენჯ კაპზე ორი წრის გავლის შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა სტავროპოლის (რუსეთი) დინამოსთან 26-31, 26-28, თუმცა, რუსიას მთელი სეზონი ძველი ტრავმა აწუხებდა და ამ მიზეზით, ცოტას თამაშობდა.
40 წლის ვეტერანი, სერგო დათუკაშვილი კარიერის მიწურულს მოკლევადიანი კონტრაქტებით თამაშობს ხოლმე სხვადასხვა აზიურ კლუბში. ამ გაზაფხულზე დათუკაშვილმა ირანის ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე ითამაშა და ესფაჰანის კლუბს მესამე ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
და ბოლოს, ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერის შესახებ. 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე ფრანგული მონპელიეს ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიშობს, თამაში კი ჯერჯერობით უწევს ამ კლუბის მეორე გუნდში, რომელიც ნაციონალ 1, რიგით მესამე ფრანგულ დივიზიონში გამოდის. თავისთვის გამორჩეულ მატჩში ცხოვრებაძემ 10 გოლი გაუტანა სენტ-ეტიენს და 31-30 მოაგებინა.