ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულთან წააგო

თბილისის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მოულოდნელად დამარცხდა ჩვენივე ახალგაზრდულ გუნდთან, 24-26, იტალიამ მოუგო ფინეთს, 35-28, რის შემდეგაც ოთხივე გუნდს 2-2 ქულა დაუგროვდა. ყველაფერი გადაწყდება ხვალ, როცა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იტალიას შეხვდება, ხოლო ეროვნული – ფინეთს.

დღის პირველ მატჩში იტალიამ მეორე ტაიმში გატეხა ფინეთი და დიდი სხვაობით, 35-28 დაამარცხა, მეორეში კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ბოშკოვსკიმ გადაწყვიტა ექსპერიმენტი მოეწყო და ლიდერები დაესვენებინა. გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო – ი. დიხამინჯია, რუსტამოვი, იობაშვილი, სტურუა, ცხოვრებაძე, გ. დიხამინჯია, ლაპიაშვილი. მოედნის მეორე მხარეს კი იდგა დაახლოებით ამავე ასაკის მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც მეორე ნაკრები ერქვა და, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, გაცილებით მეტი მოტივაცია ჰქონდა.

ტაიმი მეორე ნაკრებმა მოიგო 10-8, თუმცა, ანგარიში მეტი უნდა ყოფილიყო: ტაიმის ბოლოს მოხდა უიშვიათესი შემთხვევა – დროის ერთ-ერთ მონაკვეთში მოედნიდან გაძევებული იყო ეროვნული გუნდს ერთბაშად 4 მოთამაშე! კიდევ უფრო უცნაური იყო შედეგი: – დიდი და ხანგრძლივი რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, ახალგაზრდულმა ნაკრებმა გოლი ვერ გაიტანა და ეს მონაკვეთი 0-1 წააგო!

მაგრამ დაიწყო მეორე ნახევარი და ახალგაზრდულმა გუნდმა სხვაობა გაზარდა – 13-8. აქ მოედანზე შემოვიდნენ ირაკლი ჩიქოვანი და რატი მსხვილიძე. დევნა დაიწყო და მალე ყველაფერი თითქოს თავის ადგილზე დადგა – ჩიქოვანმა გაათანაბრა და რუსტამოვმა წინ გაიყვანა ეროვნული გუნდი 14-13.

მაგრამ, მეორე ნაკრებს, რომელსაც გიორგი გვაზავა და მერაბ მეტრეველი ხელმძღვანელობენ, მოტივაცია უკვე გაორმაგებული ჰქონდა და დანებებას არ აპირებდა. შესანიშნავად ითამაშა სამივე მეკარემ, ხოლო შეტევაში გუნდს წინამძღოლობდა ორმეტრიანი დავით  ყორიაული (9 გოლი). დასრულებამდე 10 წუთით ადრე  მეორე გუნდი 21-17 იგებდა. აქ ჩიქოვანმა ზედიზედ გაიტანა 5 გოლი და სხვაობა ორჯერ დავიდა ერთ გოლამდე – 20-21, მერე ისევ 20-24, 23-24, ბოლოს კი წერილი შვიდმეტრიანიდან დასვა გივი გიორგაძემ – 26-24. ხოლო ვეტერანები – თევზაძე, ჭანტურია და დათუკაშვილი მოედანზე არ გასულან.

პრინციპში, ეროვნული ნაკრების წაგებით, ბევრი არაფერი შეცვლილა – ბოლო ტურში მაინც დასამარცხებელი გვყავს ფინეთი (ერთადერთი, დღევანდელი მოგების შემთხვევაში, ხვალ ფრეც გვეყოფოდა) და ტურნირს საქართველოს ეროვნული ნაკრები მოიგებს, რადგანაც ძნელი წარმოსადგენია, ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა იტალიას აჯობოს და თავად გავიდეს პირველ ადგილზე. ოღონდ, ფინეთთან წაგების შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ნაკრები უკვე ბოლო ადგილზე დარჩება.

ერთი სიტყვით, პირველობის შანსი ოთხივე გუნდს აქვს და ყველაფერი ხვალ გაირკვევა.

საქართველო-საქართველო (ახ.): https://www.youtube.com/watch?v=UQR6nTMVDNw

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია სილკ უნივერსალზე და სილკ სპორტზე, ასევე – ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ხელბურთისაერთაშორისო ტურნირი. 4-6 აპრილითბილისის სპორტის სასახლეკაცები

იტალია 2 ქულა (+5), საქართველო 2 (0), ფინეთი 2 (-2), საქართველო (ახ.) 2 (-3)

აპრილი. იტალია – ფინეთი 35-28

იტა: ფოვიო,  ფერანტე – მორეტი 7, ვენტური 5, არჩიერი 4, მაროკი 3, სკატარი 3, ბულძამინი 3, სტარჩევიჩი 2,  მაიონე 2, სპერტი 2, ტურკოვიჩი 2, დოლდანი 1, ზონერერი 1, რადოვჩიჩი, პარიზინი

ფინ: მაკელა, ლაიტინენი – რონბერგი 12, კილშტედტი 5, სიურიალა 3, სუნდბერგი 2, ფორსი 2, ბრომანი 2, შომანი 1, ალგრენი 1, უდი, გრიპენბერგი, მარტინი, გრანლუნდი, ლაინე, ვოუტილაინენი

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

საქართველო – საქართველო (ახალ.)  24-26

საქ: ი. დიხამინჯია, ხარაიშვილი – ჩიქოვანი 8, გ. დიხამინჯია 6, რუსტამოვი 3, ცხოვრებაძე 3, სტურუა 2, იობაშვილი 1, მსხვილიძე 1, ლაპიაშვილი, გოგავა, კალანდაძე (თევზაძე, დათუკაშვილი, ჭანტურია, ქათამაძე)

ახ: ხანდოლიშვილი, სილაგაძე, ცინცაძე – ყორიაული 9, გიორგაძე 5, მიქავა 3, ბაინაზიშვილი 2, ბულბულაშვილი 2,  ზარნაძე 2, ხაჟომია 1, დოლმაზაშვილი 1, ცისკარიშვილი 1, ნიაზაშვილი, აბრამიშვილი, კუხალაშვილი, გვაზავა

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი) – გელა გველესიანი (წყალტუბო)

აპრილი. ფინეთი – საქართველო (ახალ.)  31-26, საქართველო – იტალია 30-28

აპრილი

15:00 იტალია – საქართველო (ახალ.)

17:00 საქართველო – ფინეთი

Leave a Reply