მოულოდნელობები მერვედფინალში
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის პირველი რაუნდი გაიმართა. თასის ცხრაგზის მფლობელი ბარსელონა სატფრაგეთში 25-28 დამარცხდა მონპელიესთან, ხოლო ბოლო 4 წლის ფინალური ოთხეულის უცვლელმა მონაწილემ, უნგრეთის ვესპრემმა 25-32 წააგო დანიის სკიერნთან.
მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-15/1156651
ორივე გუნდი, რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება საპასუხო მატჩებში, მაგრამ ვესპრემის შანსები დანიის შარშანდელი ჩემპიონატის მეორე პრიზიორთან, საეჭვოა. სკიერნს სულ რამდენიმე ცნობილი მოთამაშე ჰყავს – დანიის ნაკრების ორი ყოფილი წევრი, ეგერტი და ზონდეგორი და ნორვეგიის ნაკრების პივოტი მირჰოლი. 20 წლის მეკარის ემილ ნილსენისა და შვედი მარცხენა ინსაიდის, მარკუს ოლსონის წყალობით დანიური კლუბი ცხრა ბურთითაც იგებდა (32-23), მაგრამ ბოლოში გაუშვა 2 გოლი – 32-25.
უცნაურია, მაგრამ გერმანიის ჩემპიონი რაინ-ნეკარი მეორე შემადგენლობით ჩავიდა პოლონეთში და 17-41 განადგურდა კელცესთან. მიზეზი ის იყო, რომ რეინ-ნეკარს იმავე დღეს კილთანაც ჰქონდა ბუნდესლიგის მატჩი, რომელიც გერმანიის ფედერაციამ არ გადაუტანა. შედეგად, რაინ-ნეკარი კილშიც დამარცხდა – 22-27, თუმცა, ლიდერობა შეინარჩუნა.
კილი ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეა და საგაისო ლიგაში მოხვედრა საეჭვოდ აქვს, თუმცა ამ სეზონში მეოთხედფინალი თითქმის გაინაღდა უნგრეთის სეგედთან 29-22 მოგების შემდეგ. ფავორიტების ვინაობა აშკარაა დანარჩენ ორ წყვილშიც – მესამე გერმანულმა კლუბმა ფლენზბურგმა სტუმრად მოუგო შვედეთის კრისტიანსტადს, ხოლო მესამე ფრანგულმა გუნდმა, ნანტმა, ბელარუსში დაამარცხა მეშკოვ-ბრესტი – 32-24.
რაც შეეხება შარშანდელ ჩემპიონ ვარდარსა და ფინალისტს, პარი სენ ჟერმენს, ისინი, როგორც ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები, პლეიოფში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. საპასუხო მატჩები 28 მარტიდან იწყება, 1 აპრილს კი ყველა მეოთხედფინალისტი გვეცოდინება.
ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები
მერვედფინალის პირველი მატჩები, 21-25 მარტი
კილი (გერ) – სეგედი (უნგ) 29-22 (საპასუხო: 01.04)
ვუინი 8, ზარაბეცი 5, ვინჩეკი, დისინგერი, ეკბერგი 4 – ბანჰიდი 5
მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – ნანტი (საფ) 24-32 (01.04)
რაზგორი 5 – ლი-ჰანსენი, კლაინი 6, ლაზაროვი 5, გურბინდო 4
კელცე (პოლ) – რაინ ნეკარი (გერ) 41-17 (01.04)
იურეცკი, შტრლეკი 7, დუიშებაევი 5 – კელერი 5, განცი 4
კრისტიანსტადი (შვდ) – ფლენზბურგი (გერ) 22-26 (28.03)
ლაგერგრენი 6, ს. ნილსენი 5 – ვანე 8, გოტფრიდსონი 5, ლაუგე 4
მონპელიე (საფ) – ბარსელონა (ესპ) 28-25 (31.03)
ტრუხანავიჩუსი 8, კავტიჩნიკი, პორტი 4 – ნგესანი 7, სიპრჟაკი 5, გომესი 4
სკიერნი (დან) – ვესპრემი (უნგ) 32-25 (31.03)
ოლსონი, რასმუსენი 6, მირჰოლი 5, ეგერტი 4 – მარგუცი 6, ტონესენი 5, ნენადიჩი 4
ვარდარი და პსჟ პირდაპირ მეოთხედფინალში არიან