ქართული ხელბურთი გლოვობს თამაზ თევზაძეს

დღეს საქართველოს სპორტული საზოგადოებრიობა უკანასკნელ გზაზე აცილებს სპორტის თვალსაჩინო მოღვაწეს, თამაზ თევზაძეს, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 5 თებერვალს გარდაიცვალა. გთავაზობთ ორ ნეკროლოგს, რომლებიც გამოქვეყნდა ევროპის ხელბურთის ფედერაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდებზე.

ქართული ხელბურთი გლოვობს თამაზ თევზაძეს

http://eurohandball.com/article/30175

სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ: გარდაიცვალა თამაზ თევზაძე, კარგად ცნობილი ადამიანი როგორც მის მშობლიურ საქართველოში, ასევე ევროპულ ხელბურთში. თევზაძე დიდხანს მუშაობდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში, იყო ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეც.

მისი ხანგრძლივი კარიერა ევროპის ხელბურთის ფედერაციაში დაიწყო 1999-2000 წლების სეზონში, ხოლო ბოლო მატჩი, როგორც დელეგატს, EHF თასზე ჰქონდა 2017 წლის ნოემბერში.

მიხაელ ვიდერერი, EHF პრეზიდენტი: – „მე ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი თამაზს, როგორც მისი მოღვაწეობით ქართულ ხელბურთში, ასევე ევროპის ხელბურთის ფედერაციის მრავალ ტურნირზე და ღონისძიებაზე მუშაობის შედეგად. მისი დაკარგვა ძალიან საგრძნობი იქნება უამრავი კოლეგისთვის მთელი მსოფლიოს ხელბურთში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც მან ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი თამაშისთვის“.

ქეთევან კობერიძე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: – „თამაზი ძალიან დაგვაკლდება საქართველოში და მის შესახებ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგვრჩება. ის წლების განმავლობაში ზრუნავდა ხელბურთისთვის და, საქმის სირთულის მიუხედავად, მასთან მუშაობა ყველასთვის დიდი პატივი და სიამოვნება იყო. თამაზ თევზაძე არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ და მისი სიკვდილი ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, მთელი სახელბურთო ოჯახისთვის, ყველასთვის, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია, მაგრამ, მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილის მიხედვით, მოდით, თამაზი ყოველთვის თბილი ღიმილით გავიხსენოთ“.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური პირები და თანამშრომლები უერთდებიან ევროპულ სახელბურთო ოჯახს, უღრმეს მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ თამაზ თევზაძის ოჯახსა და მეგობრებს ამ მძიმე წუთებში.

სამძიმარი: გარდაიცვალა თამაზ თევზაძე

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=319&info_id=16686

თამაზ თევზაძე

დაიბადა 1950 წლის 6 სექტემბერს

მისი მთელი ცხოვრება სპორტს უკავშირდება. ახალგაზრდობიდან თბილისის „ქარიშხალას” ხელბურთის გუნდში მეკარედ თამაშობდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 1993 წლიდან აქტიურად ჩაება ოლიმპიურ მოძრაობაში და იმ დღიდან მოყოლებული, სპორტის სამყაროში სუფთა ხელებით მოსული, იდეალებითა და რეფორმების დაუოკებელი წყურვილით შემკობილი ადამიანი სპორტისთვის 25 წლიანი ამაგის შემდეგ სუფთა ხელებით წავიდა.

ოლიმპიური მოძრაობიდან მან სპორტის სახელმწიფო მართვის სფეროში გააგრძელა სპორტისთვის მსახურება და ორჯერ იყო სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილე და ერთხელ მრჩეველი. მის სახელს უკავშირდება მრავალი მნიშვნელოვანი, როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული პროგრამა/პროექტი, მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანი მასობრივი სპორტული პროექტებია „Open Fun Football” და „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა”. მისი ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში პირველად დაფუძნდა „ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო”. ასევე მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველად „ბავშვთა სპორტის განვითარების სტრატეგიისა” და „სპორტს სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის” შემუშავება. 

იგი ასევე იყო მრავალი სიახლისა და რეფორმის ინიციატორი, ისეთების როგორებიცაა: “Fair Play” ფედერაციის დაფუძნება; სპორტსმენთა სადაზღვევო სისტემის შემოღება; სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბება; სპორტის სახელმწიფო მართვის თანამედროვე ევროპული სისტემის დანერგვა; ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის ერთ ქოლგა ორგანიზაციად „სპორტის მუშტად” გაერთიანება და მრავალი სხვა…

სპორტში თეორიული საქმიანობის გარდა აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციაში, სადაც 1998-2008წ.წ. სხვადასხვა თანამდებობებს იკვაებდა, იყო გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი; ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი. ასევე ევროსაბჭოს სპორტის განვითარების კომიტეტის ექსპერტ-დელეგატი.

აღნიშნულის გარდა კიდევ მრავალი რამ შეიძლება დავწეროთ ქართულ სპორტში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც მისი გულწრფელი და ღია მუშაობის პრინციპები გახლავთ, რომლისთვისაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ უღალატია!

ყოფილი ხელბურთელი და მომავალში სპორტის სფეროს უღალატო მეგობარი, სრულიად უანგაროდ ემსახურა ამ საქმეს, რასაც ქვია ქართული სპორტის უპირობო, სწრაფი და ეფექტიანი განვითარება. მისი წასვლით, ქართულმა სპორტმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, წამყვანი ევროპული ქვეყნების სპორტის მართვის მოდელთან დაახლოვების გზაზე.

გამოსვენება: 8 თებერვალს 14:00 საათზე. ფანასკერტელის 19

Leave a Reply