ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის ლოგო წარადგინა
1 თებერვალს კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში”, საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოსა და ნიმუშთა კატალოგის პრეზენტაცია გამართა.
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს კონკურსზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ნამუშევარი, საიდანაც ფედერაციამ გამარჯვებული შეარჩია. საუკეთესო ლოგოს ავტორი ახალგაზრდა დიზაინერი ნელი ქირია გახდა.
პრეზენტაციას სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, თელავის ვიცე-მერი გურამ გურაბანიძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, კონკურსის მონაწილეები, საქართველოს ჭაბუკთ და გოგონათა ნაკრებები, ვეტერანი ხელბურთელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
18-წლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 9-20 აგვისტოს თელავში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თელავში ახალი სპორტის სასახლე შენდება. ევროპის ჩემპიონატს, სწორედ ახალი არენა უმასპინძლებს.
შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე):” პირველ რიგში, მსურს ხელბურთელებს მივულოცო ახალი სპორტული სეზონის დაწყება, ვუსურვო წარმატებები 2018 წლის ტურნირებზე, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორიო მასშტაბით. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2017 წელს 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, 2018 წელს, აგვისტოში საქართველოში ისევ ვუმასპინძლებთ საერთაშორისო ტურნირს – ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს. ასევე საინტერესოა, რომ ამჯერად ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი რეგიონში, კერძოდ თელავში გაიმართება, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სწორედ ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება. მივესალმები ხელბურთის ფედერაციის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ლოგო კონკურსის ფორმით შეირჩა, ყველა მინაწილეს მადლობას ვუხდი აქტიურობისთვის, გამარჯვებულ ავტორს კი ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ასევე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ხელბურთელებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე სხვა საერთაშორისო ტურნირებზე.”
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ლოგოტიპს, მის კონცეფციაში ფიგურირებს ჩირაღდანი, როგორც სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო, ხელბურთის ბურთი და ქვევრი, რაც ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილს უსვამს ხაზს.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=ojai48GQpVc
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ
ჩემპიონატი საქართველოში – თელავი, 11 გუნდი, 10-19 აგვისტო
A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი
B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო
ჯგუფური ტურნირი: 10-16 აგვისტო, ნახევარფინალი 18 აგვისტოს, ფინალი 19 აგვისტოს
ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო
A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია
B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი
ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის ევროპის 20წ ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას.
ჩემპიონატი ხორვატიაში კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი, 9-19 აგვისტო
A: ხორვატია, სერბეთი, პორტუგალია, ისრაელი – B: საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ნორვეგია, რუმინეთი – C: გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, უნგრეთი – D: სლოვენია, ისლანდია, შვედეთი, პოლონეთი – 15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე